Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული რადიოჟურნალი


წამყვანი: დავით კაკაბაძე, პრაღა 420-ე გამოშვება

დავით კაკაბაძე:
ახლა კი, ძვირფასო რადიომსმენელებო, გეპატიჟებით “მეათე სტუდიაში”. ჩვენი ყოველკვირეული რადიოჟურნალის მორიგ, 420-ე გამოშვებაში ვიმსჯელებთ იმაზე, რამდენად რეალურია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება; შევეცდებით, ვუპასუხოთ შეკითხვას: რატომ შიმშილობენ მასწავლებლები საქართველოში?; გიამბობთ საქართველოს სახალხო პარტიაში შექმნილ პრობლემებზე. რადიოჟურნალის მეორე ნაწილს ხელოვნებაზე საუბარს დავუთმობთ: ჯერ მოგითხრობთ პრაღაში პარასკევს დახურულ საერთაშორისო კინოფორუმზე სახელწოდებით “ფებიოფესტი”, რომელზეც ქართულ კინოს საგანგებო სექცია ჰქონდა დათმობილი; შემდეგ კი შემოგთავაზებთ მასალას ცნობილ ამერიკელ კომპოზიტორზე ფილიპ გლასზე, რომელსაც 31 იანვარს 65 წელი შეუსრულდა. რადიო “თავისუფლების” პრაღის სტუდიაში გადაცემას დავით კაკაბაძე უძღვება.

[მუსიკა]

რამდენად რეალურია რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება?

დავით კაკაბაძე:
როგორც რუსეთის, ისე საქართველოს პირველი პირები აღიარებენ, რომ ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა არცთუ სახარბიელოა. თუმცა, ვლადიმირ პუტინიცა და ედუარდ შევარდნაძეც აცხადებენ, რომ ეს ურთიერთობა გაუმჯობესების გზას დაადგა. მაგრამ რეალურად მეზობელთა ურთიერთდამოკიდებულებას გაუმჯობესებისა არაფერი ეტყობა. პირიქით: დაძაბულობა, შეიძლება ითქვას, ყოველდღიურად მატულობს. არადა, პირდაპირ თუ მინიშნებით, რუსეთიც და საქართველოც გასაგებად აცხადებენ, ვინ რას მიიჩნევს ურთიერთნდობის აღსადგენად აუცილებელ პირობად. თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ იმახე, რამდენად რეალურია დღეს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება.

თამარ ჩიქოვანი:
[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ადგილი ჩვენთვის არის ის, რომ ვიცხოვროთ, ვიმეზობლოთ ნორმალურად რუსეთთან.”

ეს განცხადება პრეზიდენტმა შევარდნაძემ შარშან დეკემბერში გააკეთა. შეიძლება ითქვას, რომ თუნდაც ბოლო თვენახევრის განმავლობაში რაიმე რეალური ცვლილება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გამოსწორების თვალსაზრისით, სამწუხაროდ, არ მომხდარა.

გულახდილად რომ ითქვას, ეს ლოგიკურიცაა. საქართველოსა და რუსეთის ხელისუფალთ არაერთხელ განუცხადებიათ, თუ რა შეიძლება იქცეს ურთიერთობის დათბობის წინაპირობად. ოფიციალური თბილისისთვის წინაპირობა, ბუნებრივია, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარებაში რუსეთის ორჭოფული მიდგომის შეცვლაა. მართალია, ბოლო დროს პრეზიდენტი შევარდნაძე იშვიათად თუ იმეორებს ერთ დროს საკმაოდ “პოპულარულ” მოსაზრებას, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვშია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მას ჯერაც არ დაუკარგავს ამ მხრივ რუსეთის ხელისუფლების პოზიციის შეცვლის იმედი. ასევე შარშან, დეკემბერში, ედუარდ შევარდნაძე აცხადებდა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “სხვათა შორის, პუტინის სიტყვებია: არანაკლებ სჭირდება საქართველო რუსეთს. ერთიანი, მთლიანი და ძლიერი საქართველო, რადგანაც რუსეთის სამხრეთი საზღვარი ყველაზე მტკივნეული საზღვარია. პირდაპირ სიტყვებია – არაფერი საიდუმლო არ არის ამაში –“არაფერი აფხაზეთში არ გვესაქმება. არავითარი ინტერესი არ გვაქვს. ჩვენ დაგვაინტერესებს აფხაზეთი მაშინ, როცა ის გახდება საქართველოს შემადგენელი ნაწილი.”

სამხრეთი საზღვარი – ეს უკვე ის წინაპირობაა, რომელსაც რუსეთის მხარე თვლის საქართველოს ხელისუფლების მეგობრული დამოკიდებულების დემონსტრირების აუცილებელ შემადგენელ ნაწილად. როგორც გახსოვთ, რუსეთ-საქართველოს ისედაც გართულებული ურთიერთობები განსაკუთრებით დაიძაბა მას შემდეგ, რაც ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების განახლებისას ოფიციალურმა თბილისმა უარი განაცხადა, თავის ტერიტორიაზე გაეტარებინა რუსი ”ფედერალები”. მანამდეც, კრემლს აშკარად აღიზიანებდა თბილისის დემონსტრაციულად თბილი დამოკიდებულება ჩეჩნეთის ამბოხებულ ხელისუფლებასთან.

ამიტომ, შემთხვევითი ნამდვილად არ არის, რომ დსთ-ის ფარგლებში, ჩეჩენი მებრძოლების მხარდაჭერის თვალსაზრისით, მოსკოვი ყველაზე ხშირად სწორედ თბილისს სდებს ბრალს. და თუ თვეების მანძილზე ოფიციალური თბილისი თითქოსდა დამაჯერებლად აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მეამბოხეები არ იმყოფებიან, მას შემდეგ, რაც ჩეჩნებმა ქართველ მებრძოლებთან ერთად საკმაოდ წარუმატებელი ოპერაცია ჩაატარეს აფხაზეთში, თბილისი იძულებული გახდა, ეღიარებინა მის ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების ყოფნის ფაქტი. თუმცა, რუსეთის წინადადებას, პანკისის ხეობაში ერთობლივი ოპერაციის ჩატარების შესახებ, საქართველო უარყოფს. ახსნა ამასაც აქვს: პანკისში რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების შესვლას უთუოდ მოჰყვება ჩეჩნეთის კონფლიქტის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე. ეს კი საქართველოს ხელისუფლებას სრულიად გადაუჭრელ პრობლემებს შეუქმნის.

რაც შეეხება აფხაზეთის კონფლიქტთნ დაკავშირებით რუსეთის პოზიციის შეცვლას: მართალია, უშიშროების საბჭოში რუსეთმა ვეტო მოხსნა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განსაზღვრის დოკუმენტს, მაგრამ ამით ბევრი ვერაფერი შეიცვლება, რადგან თავად სოხუმი სტატუსის შესახებ ნებისმიერი დისკუსიის დაწყებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. ასეთ ვითარებაში რუსეთს ფორმალურად თავის მართლების მშვენიერი საბაბი ეძლევა – ის შეეცდება დაასაბუთოს, რომ აფხაზებზე ზემოქმედების არავითარ ბერკეტებს არ ფლობს.
შესაბამისად, რაც უნდა პესიმისტურად ჟღერდეს, ფაქტი ფაქტად რჩება: როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მხრიდან, ურთიერთობის გამოსწორებისთვის აუცილებელი წინაპირობების შესრულების არარეალურობიდან გამომდინარე, ამ ურთიერთობის უკეთესობისკენ შეცვლის შანსი უახლოეს ხანში, პრაქტიკულად, არ არსებობს.

თამარ ჩიქოვანი, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

რატომ შიმშილობენ მასწავლებლები საქართველოში?

დავით კაკაბაძე:
გასულ კვირას ქუთაისში მასწავლებელთა შიმშილობა დაიწყო; აქციის ინიციატორია საქართველოს მასწავლებელთა თავისუფალი პროფკავშირი “სოლიდარობა”. მასწავლებლები მოითხოვენ მათთვის ხელფასის გაზრდას სამომხმარებლო კალათის დონემდე, რაიონებში პედაგოგთა სახელფასო დავალიანების სასწრაფოდ დაფარვასა და პარლამენტის მიერ განათლების სამინისტროს საქმიანობაზე მსჯელობას – განათლების რეფორმის რეალურად დაწყების მიზნით. ჩვენი თბილისელი თანამშრომელი დავით პაიჭაძე ესაუბრა შიმშილობის მონაწილეს, “სოლიდარობის” თავმჯდომარეს, მანანა ღურჭუმელიძეს.

დავით პაიჭაძე:
მასწავლებელთა სახელფასო დავალიანება სხვადასხვა რაიონში სხვადასხვაა: მაგალითად, ხარაგაულსა და ხონში ცენტრალურ ბიუჯეტს პედაგოგთა 8 თვის ხელფასი მართებს, მარტვილში – 12, ვანის რაიონში კი 13 თვის ხელფასი არ გაუციათ. მასწავლებელთა თავისუფალმა პროფკავშირმა შარშან სახელმწიფო კანცელარიის წინ აქცია გამართა ვალის დაფარვის მოთხოვნით, ფინანსთა მინისტრისგან პირობაც მიიღო, რომ ხელფასებს დაურიგებდნენ, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა; პროფკავშირ “სოლიდარობის” თავმჯდომარე, მანანა ღურჭუმელიძე ფიქრობს, რომ ეს თანხები შარშანდელ სეკვესტრში მოჰყვა. მასწავლებელთა დღევანდელი ხელფასი ოთხი წლის წინათ განისაზღვრა; ინფლაციის გათვალისწინებით, სადღეისოდ ის დაახლოებით 80%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ხელისუფლების დაპირება, რომ მასწავლებელთა ხელფასებს 30 %-ით გაზრდის, შესრულების შემთხვევაშიც არაფრის მომცემი იქნება. მანანა ღურჭუმელიძის თქმით, ის მაინც ვერ იქცევა ხელფასად და დარჩება ერთჯერად დახმარებად.

რეგიონის ხელისუფლება აქციას არაფრად აგდებს; რწმუნებულმა შაშიაშვილმა განაცხადა, რომ აქციის მოთხოვნებს მხარს არ უჭერს და მოშიმშილეებთან ერთი ექიმიც არ გაუგზავნიათ. შიმშილობის მონაწილენი მხოლოდ ქუთაისის საკრებულოს წევრებმა ინახულეს და დაჰპირდნენ, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის ხარჯზე 50%-ით გაზრდიან ქუთაისელ მასწავლებელთა ხელფასებს, მაგრამ, მანანა ღურჭუმელიძის თქმით, [ღურჭუმელიძის ხმა]: “ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს, რადგან ეს არ არის ქუთაისელ მაწავლებელთა აქცია, არ არის არც იმერელ მასწავლებელთა აქცია; ეს მთელი საქართველოს მასწავლებლების აქციაა”.

რაც შეეხება პრეტენზიებს განათლების სამინისტროსადმი, მასწავლებელთა თავისუფალ პროფკავშირში მიაჩნიათ, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში არსებითად არ შეცვლილა სწავლების საბჭოური სისტემა და საშუალო განათლება კვლავ ძველ მეთოდებს ეფუძნება. განათლების სამინისტრომ არ ჩაატარა განათლების განყოფილების ხელმძღვანელთა და სკოლის დირექტორების ატესტაცია; შედეგად, განათლების სისტემას ადგილებზე ხელმძღვანელობს ხალხი, რომელსაც, მანანა ღურჭუმელიძის განცხადებით, წარმოდგენა არა აქვს, როგორი უნდა იყოს თანამედროვე სკოლა და არც რაიმეს შეცვლა სურს. პროფკავშირი “სოლიდარობა” წინააღმდეგია განათლების სამინისტროს სამომავლო საკადრო პოლიტიკისა, რაც დასაქმებულ მასწავლებელთა განახევრებას ითვალისწინებს. მინისტრის მოადგილემ, რუსუდან გორგილაძემ, ამას წინათ, ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ 78 ათასი მასწავლებლიდან საქართველოში 40 ათასი უნდა დარჩეს.

“სოლიდარობაში” მიიჩნევენ, რომ განათლების სისტემაში ქაოსია და ხელმძღვანელები ელემენტარულ პრობლემებს ვერ ართმევენ თავს: მაგალითად, მარტვილის რაიონის სოფელ ტალერში სწავლა ვერ იწყება მხოლოდ იმიტომ, რომ მასწავლებელი და სკოლის დირექტორი ლამის დანასისხლად არიან ერთმანეთს გადაკიდებულნი. “სოლიდარობის” თავმჯდომარე ამბობს, რომ სკოლებში [ღურჭუმელიძის ხმა]: “კორუფციაა გამეფებული. ფაქტიურად, ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ, გაყვლიფონ ეს საცოდავი ბავშვები, რომლებიც ისედაც მშივრები დადიან სკოლაში; გაუსაძლისი პირობები აქვთ შექმნილი, ბავშვებს სკოლაში წასვლა აღარ უნდათ”.

“სოლიდარობა” თავის შესაძლებლობებს რეალურად აფასებს. მანანა ღურჭუმელიძის თქმით, მათ უარი თქვეს შიმშილობაში, რაც შეიძლება, მეტი მასწავლებლის ჩართვაზე, ასევე, არ მოისურვეს მასწავლებელთა მასშტაბური გაფიცვის ორგანიზება. თავისუფალი პროფკავშირები, როგორც მისი თავმჯდომარე ირწმუნება, პედაგოგთა 40-60%-ს მაინც აიყოლიებდა, მაგრამ, ჯერჯერობით, თავს იკავებენ და წამოჭრილ საკითხებზე ხელისუფლების პასუხს ელიან.

პარლამენტში მოშიმშილე მასწავლებლების თანამგრძნობი დეპუტატებიც კი ეჭვობენ, რომ საკანონმდებლო ორგანო ცალკე სხდომას დაუთმობს განათლების სამინისტროს საქმიანობის შეფასებას. “დემოკრატიულ რეფორმათა” ფრაქციის წარმომადგენელმა, ლადო ჭიპაშვილმა განმიცხადა, რომ ასეთი განხილვა, ალბათ, არ მოხერხდება. სამაგიეროდ, მათი ფრაქცია შეეცდება, საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომელთა ხელფასი ბიუჯეტში საარსებო მინიმუმს გაუტოლოს. ლადო ჭიპაშვილის თქმით, არსებული რესურსების პირობებში, საგადასახადო კანონმდებლობის შეუცვლელად, მთავრობა პატიოსნად რომ მოქმედებდეს, თავისუფლად შედგებოდა ორ მილიარდიანი ბიუჯეტი, რაც დააკმაყოფილებდა მასწავლებლებსა და, საერთოდ, სახელმწიფო მოხელეებს მინიმალური სამომხმარებლო კალათით. კავშირებითი კილო დეპუტატის ფრაზაში მიანიშნებს, რომ ასეთი პერსპექტივა არარეალურია.

დავით პაიჭაძე, რადიო “თავისუფლებისთვის”, თბილისი.

[მუსიკა]

პრობლემები საქართველოს სახალხო პარტიაში

დავით კაკაბაძე:
30 იანვარს თბილისის ჟურნალისტის სახლში, სახალხო პარტიის გენერალურმა მდივანმა, გიორგი კობახიძემ ორგანიზაციაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. გენერალურ მდივანთან ერთად, პრესკონფერენციას ესწრებოდა სახალხო პარტიის მთავარი კომიტეტის პრეზიდიუმისა და მთავარი კომიტეტის რვა წევრი, რომელთაგან სამი სამხარეო ბიუროებსაც ხელმძღვანელობს. გიორგი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკურ ორგანიზაციაში არსებული ვითარება მეტად რთული და, ამავე დროს, უკიდურესად დაძაბულია, რის გამოც სახალხო პარტია გაცილებით ნაკლები აქტიურობით მონაწილეობს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. პრესკონფერენციას ჩვენი თბილისელი თანამშრომელი, გიორგი კაკაბაძეც დაესწრო.

გიორგი კაკაბაძე:
სახალხო პარტიაში არსებული ვითარება დაახლოებით ორი წელია, გრძელდება. გიორგი კობახიძის თქმით, [კობახიძის ხმა] “ბუნებრივია, ეს ორი წელი ჩვენ გაჩერებული არ ვყოფილვართ, ვცდილობდით შიდა პრობლემების მოგვარებაზე გვეზრუნა. ამ შიდა ურთიერთობებში ჩვენი აქტიურობა მრავალჯერადი შეხვედრებით, საუბრებით, ანალიზით გამოიხატებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მივაღწიეთ გაგებას და ადეკვატურ რეაქციებს პარტიის თავმჯდომარისგან, ბატონი მამუკა გიორგაძისგან."

პრესკონფერენციის მონაწილეთა მიმართვაში, რომლის ადრესატები არიან სახალხო პარტიის რაიონული კომიტეტები და ორგანიზაციის თითოეული წევრი, კერძოდ, ნათქვამია, რომ ქმედით ღონისძიებათა გადავადებამ და პარტიის თავმჯდომარის შეგნებულმა დესტრუქციულმა მოქმედებებმა პარტია ორ ნაწილად, ორ დაპირისპირებულ ბანაკად გაყო და ამან სახელმწიფო პოლიტიკაზე სახალხო პარტიის გავლენა ნულამდე დასცა.

გიორგი კობახიძემ ისაუბრა პარტიის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. 1998 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ორი თვით ადრე სახალხო პარტია გამოვიდა "აღორძინების" ბლოკიდან და შემდეგ დამოუკიდებლად მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. [კობახიძის ხმა] "მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ, თავმჯდომარემ აიღო პასუხისმგებლობა მაშინ. მისი დაჟინებული მოთხოვნით იყო და ეს მოთხოვნა სრულიად საწინააღმდეგო იყო მთავარი კომიტეტის გადაწყვეტილებისა, რომ ჩვენ ცალკე გვეყარა კენჭი მაშინ."

გამომსვლელმა თქვა, რომ პარტიის თავმჯდომარეს აუცილებლად უნდა ევარაუდა არჩევნების შედეგების გაყალბება, რაც, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო და არც პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე ამის გამო.
გიორგი კობახიძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების დროს დარღვეულ იქნა პარტნიორული თანამშრომლობის პრინციპები, რის გამოც ოპონენტი კანდიდატები ერთმანეთს უფრო დაუპირისპირდნენ, ვიდრე მთავარ კანდიდატს, ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს.

რატომ არ საუბრობდნენ დღემდე პარტიის წევრები არსებული დაპირისპირების შესახებ საჯაროდ? გენერალური მდივნის თქმით, ამას კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინება განაპირობებდა. [კობახიძის ხმა] "ასე გაგრძელდა ორი წლის განმავლობაში. მას შემდეგ უკვე მოხდა ერთგვარი სტაგნაცია პარტიის ცხოვრებაში. არ იმართებოდა არც მთავარი კომიტეტის, არც პრეზიდიუმის სხდომები, ერთპიროვნულად მიიღებოდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები.”

გიორგი კობახიძემ აღნიშნა, რომ გამოსავლის მოძებნის მიზნით, პარტიის წევრთა ნაწილმა მოითხოვა რიგგარეშე ყრილობის ჩატარება და რომ ამ მოთხოვნას მხარი დაუჭირა 32 რაიონული კომიტეტის ხელმძღვანელმა - სულ სახალხო პარტიაში 43 რაიონული კომიტეტია. რიგგარეშე ყრილობის მოწვევას გეგმავდნენ შარშან, არაუგვიანეს დეკემბრისა, მაგრამ ის არ ჩატარებულა. ამასობაში კი, განხეთქილებამ სახალხო პარტიაში კიდევ ურფო მწვავე ხასიათი მიიღო და, მართალია, ახლა უკვე 9 თებერვალს უნდა გაიმართოს პარტიის მორიგი ყრილობა, მაგრამ, როგორც გიორგი კობახიძე ამბობს: [კობახიძის ხმა] "იმისათვის, რომ ილუზიები არ შექმნილიყო საზოგადოებაში, ილუზიები არ შექმნილიყო თვითონ პარტიის შიგნით და ილუზიები არ ჰქონდეს ჩვენი პარტიის თავმჯდომარესაც, თავს უფლება მივეცით, გაგვეცხადებინა, რომ ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკას და პასუხისმგებლობის მისეულ გაგებას, როგორც პოლიტიკური პასუხისმგებლობის, ისე ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის მისეულ გაგებას. ჩვენ ერთად ვეღარ ვუმუშავებთ."

სახალხო პარტიის გენერალური მდივნის თქმით, ეს განცხადება ძალაში დარჩება ყრილობაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში და არ ისახავს მიზნად ყრილობაზე რაიმე ზეგავლენის მოხდენას.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.

[მუსიკა]

ქართული ფილმები ჩეხეთის კინოფორუმზე

დავით კაკაბაძე:
“კინომოგზაურობა მსოფლიოს გარშემო” – ასეთია დევიზი კინოფესტივალისა, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკა წლეულს მეცხრედ მასპინძლობს. წლევანდელი კინომოგზაურობა ჩვენთვის იმით არის გამორჩეული, რომ მისი ერთ-ერთი გაჩერება საქართველოა.

თუმცა, ვიდრე ჩეხეთში მიმდინარე კინოფორუმზე წარმოდგენილ ქართულ ფილმებს შევეხებოდეთ, ორიოდე სიტყვას თავად ფესტივალზე გეტყვით. მით უმეტეს, რომ “ფებიოფესტი” ჩვეულებრივი ფესტივალი არ გახლავთ. მასზე არც გამარჯვებულ ფილმებს ასახელებენ და არც საუკეთესო მსახიობებს აჯილდოებენ; ჟიური ამ ფესტივალს საერთოდ არ ჰყავს. მისი მიზანი სხვაა: კინოს მოყვარულებს გააცნოს ხელოვნების ამ დარგის სიახლეები, ყურადღება გაამახვილოს მსოფლიო კინემატოგრაფში არსებულ ტენდენციებზე, გაიხსენოს ძველი და ზოგჯერ დაუმსახურებლად მივიწყებული შედევრები, მაყურებელს შესთავაზოს გამოჩენილ კინომოღვაწეთა ნამუშევრების რეტროსპექტული ჩვენებები.

წლევანდელი ფესტივალის პროგრამაშია 55 ქვეყნის 323 სრულმეტრაჟიანი და 191 მოკლემეტრაჟიანი ფილმი – მეტი, ვიდრე წინა, რიგით მერვე ფესტივალზე. პრაღის გარდა, ფესტივალს მასპინძლობს ჩეხეთისა და სლოვაკეთის კიდევ 18 ქალაქი, რაც ასევე სარეკორდო მაჩვენებელია.

საერთოდ, “ფებიოფესტის” პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. პრაღის კინოთეატრებში, 9 დღის მანძილზე ჩატარებული 800-ზე მეტი სეანსიდან უმეტესობა ხალხით გაჭედილ დარბაზებში მოეწყო და ვისაც საუკეთესო ფილმების ნახვა სურს, იძულებულია, ჩვენებამდე რამდენიმე დღით ადრე იზრუნოს ბილეთის შეძენაზე და გრძელ რიგებში დასადგომადაც მზად უნდა იყოს.

არადა, ამ ათი წლის წინათ, როცა ჩეხ კინორეჟისორსა და პროდიუსერს, ფერო ფენიჩს, ფესტივალის მოწყობის იდეა გაუჩნდა, ასეთი მასშტაბის კინოფორუმის გამართვა ფიქრადაც არ ჰქონია.

როგორც ფენიჩის თანამოაზრემ, ფესტივალის ერთ-ერთმა დამაარსებელმა და ორგანიზატორმა, ცნობილმა კინომცოდნე ტერეზა ბრდეჩკოვამ მითხრა, მისი და მისი მეგობრების სურვილი იყო, თანამემამულეებისთვის საშუალება მიეცათ, გასცნობოდნენ იმ პროდუქციას, რომელიც გაქირავების გზით მათთან ვერ მოაღწევდა, კინოს მოყვარულთავის ეჩვენებინათ არაკომერციული სურათები, რომლებსაც გაქირავების მესვეურები უყურადღებოდ ტოვებდნენ.

ტერეზა ბრდეჩკოვას თქმით, დღეს ვითარება შეიცვალა. ჩეხ მაყურებელს ფესტივალებზე დაუსწრებლადაც შეუძლია გაეცნოს ჰოლივუდისა თუ დასავლეთი ევროპის ქვეყნების კინოპროდუქციას. მაგრამ “ფებიოფესტისადმი” ინტერესი არათუ არ განელებულა, არამედ, როგორც ზემოთაც აღვნიშნე, გაიზარდა კიდეც. ტერეზა ბრდეჩკოვა ამბობს, რომ 60-იან წლებში მსოფლიო კინემატოგრაფი, შესაძლოა, უფრო მეტ შედევრს ქმნიდა, ვიდრე დღეს ქმნის, მაგრამ, სამაგიეროდ, არნახულად ამაღლდა კინემატოგრაფის საერთო დონე.

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა]
“ასე რომ, მსოფლიოში უამრავი ფილმი კეთდება, რომელიც, შესაძლოა, გენიალური არ იყოს, მაგრამ კარგია და თან საუკეთესოდ ასახავს ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებას, გაცნობს სხვადასხვა ჯურის ადამიანებს. ეს უაღრესად მნიშვნელოვნად მესახება. ერთია, იკითხო გაზეთი, ტელევიზორში უყურო ახალ ამბებს, მაგრამ სულ სხვა და გაცილებით უფრო ფასეულია, როცა საშუალება გეძლევა, პროცესების უშუალო მონაწილის თვალით დანახულ სამყაროს გაეცნო.”

“ფებიოფესტის” ორგანიზატორები სამართლიანად ამაყობენ იმით, რომ საკუთარი სასხრების უქონლობის პირობებშიც ახერხებენ ესოდენ მასშტაბური კინოფორუმის მოწყობას. მაინც, რა არის ამ წარმატების საიდუმლო?

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა]
“მაინცდამაინც ბევრი ფული არ გვჭირდება. ჩვენ კინოთეატრებს არ ვქირაობთ. ისინი თვითონ გვთავაზობენ დახმარებას, რადგან იციან, რომ წაგებული არ დარჩებიან – მაღალი დასწრება გარანტირებული აქვთ. თანაც, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პირობაა, ბილეთები ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო იაფი ღირდეს, კინოგამქირავებლები ჩვენთან მაინც სიხარულით თანამშრომლობენ. და კიდევ ერთი ასპექტი: ჩვენი ფესტივალი მოგებაზე არ მუშაობს. მხოლოდ სპონსორები გვყავს: ხან ესა თუ ის ბანკი, ხან რომელიმე მსხვილი კომპანია. წლეულს ეს გახლავთ ჩეხეთის “ტელეკომი”. ისე, მართალი გითხრათ, ზოგჯერ ბოლო წუთამდე არ ვიცით ხოლმე, რა ბედი ეწევა ფესტივალს. მაგრამ, მეორე მხრივ, ბევრს არაფერს ვრისკავთ, რადგან თვითონ ფულს არ ვდებთ. ჩვენი მუშაობა უფრო მეტად კეთილ ნებასა და ენთუზიაზმს ემყარება. კარგი ურთიერთობა გვაკავშირებს პრაღაში მოქმედ საელჩოებთან, რომლებიც, ცხადია, თვითონაც დაინტერესებული არიან ჩეხეთში თავიანთი ქვეყნების უკეთ წარმოდგენით.”

წლევანდელ ფესტივალში, როგორც უკვე გითხარით, 55 ქვეყანა მონაწილეობს, მათ შორის საქართველო. სექციას, რომელიც ჩვენს ქვეყანას ეძღვნება, ჰქვია “კლასიკური ქართული კინო”. ამ სექციაში ორგანიზატორებმა რვა ფილმი შეიტანეს: თენგიზ აბულაძის სამი სურათი: “ვედრება”, “ნატვრის ხე” და “მონანიება”; გიორგი შენგელაიას ორი ნაწარმოები: “ფიროსმანი” და “ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა”, ელდარ შენგელაიას “ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი”, სერგო ფარაჯანოვის “სურამის ციხე” და ნანა ჯორჯაძის “რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი ბაბუა”. რამ განაპირობა ფესტივალის მომწყობთა ესოდენ დიდი ინტერესი საქართველოს კინემატოგრაფისადმი? ამ შეკითხვით ისევ ტერეზა ბრდეჩკოვას მივმართე.

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა]
“მოხარული ვარ, ეს შეკითხვა რომ დამისვით. ქართული კინო ჩემი ახალგაზრდობის ნაწილია, ფერო ფენიჩის ახალგაზრდობის ნაწილია. ქართულ კინოსთან პირველი ნაცნობობა ჩეხეთისთვის, მაშინდელი ჩეხოსლოვაკიისთვის, მეტად მძიმე პერიოდს დაემთხვა. ახალი მომხდარი იყო 1968 წლის მოვლენები, პრაღაში რუსეთის ტანკების შემოსვლა და ა.შ. და უცებ გავეცანით კინოხელოვნებას – სრულიად განსხვავებულს იმ კულტურისგან, რომელიც ჩვენთვის საბჭოთა კავშირთან ასოცირდებოდა. ეს იყო გასაოცარი, ბრწყინვალე ფილმები, რაღაცით ფრანგულ კინოს რომ მოგაგონებდათ. ბუნებრივია, რომ მეც და ჩემი თანატოლებიც მაშინვე ვიქეცით ქართული კინოს დიდ მოტრფიალეებად. ახლა, როცა მსოფლიოში ესოდენ მოდაშია ირანული კინო, მართალი გითხრათ, ზოგჯერ მეღიმება ხოლმე: ბევრი რამ, რაც დღეს ამ ფილმებში მოსწონთ, ათწლეულების წინათ ქართულ ფილმებში გვინახავს. ირანი და საქართველო ტერიტორიულად ერთმანეთთან ახლოს არიან, ქართულსა და ირანულ ფილმებში მსგავსია გამომსახველობითი მანერა, გამოხატვის ხერხები... მსგავსია იუმორიც და, საერთოდ, მთელი ატმოსფერო. მერე რა, რომ ერთი მაჰმადიანური ქვეყანაა, ხოლო მეორე – ქრისტიანული. პოეტური ენა ამ ორი ქვეყნის კინორეჟისორებს მსგავსი აქვთ. ამან მაფიქრებინა, რომ კარგი იქნებოდა, ერთხელ კიდევ გაგვეხსენებინა და მაყურებლისთვის გვეჩვენებინა ის კლასიკური ქართული ფილმები, ასე რომ გვიყვარდა.”

საინტერესოა, რა იცის ცნობილმა კინოკრიტიკოსმა და დრამატურგმა ქართული კინოს დღევანდელი მდგომარეობის შესახებ ან, საერთოდ, რამე თუ იცის?

[ტერეზა ბრდეჩკოვას ხმა]
“როგორ არა! მე ბევრს ვმოგზაურობ. მაგალითად, ყოველ წელს დავდივარ კანში და იქ ქართველ კოლეგებსაც ვხვდები ხოლმე. იქვე ვნახე, მაგალითად, ნანა ჯორჯაძის ფილმი პიერ რიშარის მონაწილეობით. სხვათა შორის, პიერ რიშარსაც ველაპარაკე და მან დაწვრილებით მიამბო, როგორი წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე საქართველოში ყოფნამ. ნანა ჯორჯაძეს, ისევე, როგორც არაერთ სხვა ქართველ რეჟისორს, უცხოელებთან თანამშრომლობა უხდება თავისი ფილმების დასაფინანსებლად. ამას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეები. როცა უცხოელებთან თანამშრომლობაზე მიდიხარ, ისიც უნდა იცოდე, რომ შენი ეროვნული თვითმყოფადობის რაღაც ნაწილი უნდა დათმო, უნდა გაითვალისწინო პარტნიორის ინტერესები და სურვილები. ეს ბუნებრივია. და, ჩემი აზრით, სულ არაფრის კეთებას ისევ ეს ჯობია. ყველას, ვინც სამშობლოში ფილმებს ვერ იღებს და ამის საშუალება საზღვარგარეთ მიეცემა, ვურჩევ, დიდხანს ნუ იფიქრებს და წავიდეს, იმუშაოს. რა თქმა უნდა, იდეალურია შემთხვევა, როცა ეროვნულ კინემატოგრაფს მხარში უდგას სახელმწიფო, ხოლო დაფინანსების დიდი წილი კერძო ფულზე მოდის.”

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ორი რამ ვისურვოთ: ჯერ ის, რომ ეს “იდეალური შემთხვევა” საქართველოსაც ღირსებოდეს, და მეორეც: “ფებიოფესტისნაირი” კინოფორუმები ჩვენს ქვეყანაშიც მალე გამართულიყოს.

[მუსიკა]

ფილიპ გლასი – 65

დავით კაკაბაძე:
ხშირად ხდება, რომ თუ ისეთი ხელოვანის ნიჭსა თუ დამსახურებებზე მითითება სურთ, რომელიც საზოგადოებისთვის შედარებით ნაკლებად არის ცნობილი, მას რომელიმე ცნობილ ხელოვანს შეადარებენ ხოლმე. მუსიკის სამყაროში ეს იმდენად გავრცელებული ხერხია, რომ რეცენზიებსა თუ გამოკვლევებში ”ახალ რიხტერებსა” და ”ახალ კალასებს” სათვალავი არა აქვს. და მაინც, როცა ვინმეს შემოქმედება თვით იოჰან სებასტიან ბახის ნაწარმოებების თუნდაც შორეულ ასოციაციას იწვევს, საქმე გამორჩეულ კომპლიმენტთან გვაქვს. ასეთ კომპლიმენტს სხვებზე ხშირად იმსახურებს ამერიკელი კომპოზიტორი, ფილიპ გლასი, რომლის შესახებაც მარიამ ჭიაურელი გესაუბრებათ.

მარიამ ჭიაურელი:
კომპლიმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ფილიპ გლასის კომპოზიციას ”მუსიკა თორმეტ ნაწილად” (თანამედროვე კლასიკური მუსიკისთვის თავისი მნიშვნელობით) კონტრაპუნქტის ხელოვნების მწვერვალს, ბახის ”ფუგის ხელოვნებას” ადარებენ. ”მუსიკა თორმეტ ნაწილად” ე.წ. ”მუსიკალური მინიმალიზმის” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია და, მაშასადამე, ინდური მუსიკით ფილიპ გლასის გატაცების ნაყოფი. ამ და სხვა ”მინიმალისტური” ნაწარმოებების რითმულ და მელოდიურ სტრუქტურას, სწორედ ინდური მუსიკის ზეგავლენით, ბგერათა თანმიმდევრობის უცვლელი გამეორება ქმნის. სულ რამდენიმე ბგერისგან შემდგარი მოტივი მრავალჯერ ჟღერს, ხან ერთმანეთის მიყოლებით, ხან კი ნაწილობრივ ფარავს ერთმანეთს. შემდეგ მოტივი დამატებითი ბგერებით ფართოვდება, შემდეგ ისევ იწყებს ბგერების დაკარგვას.

[მუსიკა]

ფილიპ გლასის შთაგონების წყარო ორი მუსიკოსის: სიტარის დიდოსტატ რავი შანკარის და დასარტყამი ინსტრუმენტის, ე.წ. ”ტაბლას” ვირტუოზ ალა რახას შემოქმედება გახდა. მანამდე გლასმა კომპოზიციის საფუძვლები შეისწავლა ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და ჯულიარდის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, რის შემდეგაც პარიზს მიაშურა ცნობილ პედაგოგთან, ნადია ბულანჟერთან სამეცადინოდ. პარიზში ყოფნისას ახალგაზრდა მუსიკოსმა მიიღო დავალება, დასავლეთში ტრადიციული ნოტების სისტემით ჩაეწერა რავი შანკარის მუსიკა და ამ დავალებაზე მუშაობისას იმდენად დიდი შთაბეჭდილება მიიღო, რომ ყველაფერზე, რაც მანამდე ჰქონდა დაწერილი, უარი თქვა, რათა სრულიად ახალი გზა მოესინჯა. კომპოზიტორმა ჩრდილოეთ აფრიკაში, ინდოეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იმოგზაურა, იკვლევდა იქაურ მუსიკას, ითავისებდა მის ძირითად ელემენტებს.

1967 წელს ფილიპ გლასი სამშობლოში დაბრუნდა და სათავეში მოექცა მუსიკალურ ავანგარდს. მომდევნო წლებში მისი ნაწარმოებები სულ უფრო ვრცელი და, თუ შეიძლება ასე ითქვას, ასკეტური ხდებოდა. მოტივის მრავალჯერ გამეორებით გლასი მსმენელს კონცენტრაციას აიძულებდა, მას ყურადღებას უმახვილებდა თვით უმცირეს ჰარმონიულ თუ რითმულ ცვლილებაზე. ამერიკელი კომპოზიტორის კალამს ეკუთვნის სიმფონიური ნაწარმოებები, მრავალი დოკუმენტური და მხატვრული ფილმის მუსიკა.

1976 წელს საფრანგეთის ქალაქ ავინიონში ოთხსაათიანი ოპერის, ”აინშტაინი პლაჟზე”, პრემიერამ ფილიპ გლასს ევროპაშიც გაუნაღდა აღიარება. ეს ნაწარმოები 1980 და 1984 წლებში გამოსულ ოპერებთან, ”სატიაგრაჰასთან” და ”ეხნატონთან” ერთად ტრილოგიას ქმნის და მეოცე საუკუნის მუსიკალური თეატრის უმნიშვნელოვანეს მიღწევებს მიეკუთვნება.

მუსიკალური მინიმალიზმის ოსტატს ხუთშაბათს 65 წელი შეუსრულდა.

[მუსიკა]

დავით კაკაბაძე:
”მეათე სტუდია”, და მასთან ერთად, ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა. რადოიჟურნალი პრაღაში მოამზადეს მარიამ ჭიაურელმა და დავით კაკაბაძემ. თბილისის სტუდიაში ხმის ოპერატორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. პროგრამას დავით კაკაბაძე უძღვებოდა. გემშვიდობებით ფილიპ გლასის კომპოზიციით “ფასადები”. მომავალ პარასკევამდე.
XS
SM
MD
LG