Accessibility links

რას მიიღებს აზერბაიჯანი გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის დათმობის სანაცვლოდ?


25 იანვარს რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმირ პუტინმა და ჰეიდარ ალიევმა, მოსკოვში, ხელი მოაწერეს შეთანხმებას გაბალის რადიოსალოკაციო სადგურის სტატუსის,

პრინციპებისა და გამოყენების პირობების თაობაზე. ამ შეთანხმებით, გაბალის სადგურის მთელი უძრავ-მოძრავი ქონება ათი წლის ვადით, იჯარით გადაეცემა რუსეთს. იჯარის თანხა წელიწადში შვიდ მილიონ დოლარს შეადგენს.

მოსკოვში აზერბაიჯანის პრეზიდენტის სამდღიან ოფიციალურ ვიზიტს როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის პრესა ლამის “ეპოქალურ” მოვლენად აფასებს. მაგრამ მიმომხილველთა დიდ ნაწილს უჩნდება კითხვა: რამ უბიძგა ჰეიდარ ალიევს, ათასგვარ პოლიტიკურ ბატალიებში გამობრძმედილ ლიდერს, გაბალის სადგურის საკითხში რუსეთის წინაშე ასეთ დათმობაზე წასულიყო? ან, შეიძლება თუ არა გასული კვირის მიწურულს მიღწეული შეთანხმება ბაქოს მხრიდან დათმობად ჩაითვალოს?

შეგახსენებთ, რომ გაბალის რადიოსალოკაციო სადგური აზერბაიჯანის ტერიტორიაზე რუსეთის ერთადერთი სამხედრო ობიექტია. ბაქოდან ჩრდილო-დასავლეთით, 350 კილომეტრის დაშორებით მდებარე ეს სადგური აღჭურვილია სარაკეტო იერიშების ადრეული გაფრთხილების, აგრეთვე, საჰაერო მიმოსვლის კონტროლის თანამედროვე საშუალებებით და ფარავს სექტორს ირანიდან ავსტრალიამდე.

სადგური 80-იან წლებში ამოქმედდა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დე ფაქტო, რუსეთის კუთვნილებად იქცა. ათ წელიწადზე მეტი ხნის მანძილზე მოსკოვი და ბაქო ვერა და ვერ ახერხებდნენ ორივე მხარისთვის მისაღები შეთანხმების მიღწევას და გაბალის სადგურზე მომუშავე 300 რუსი სამხედრო მოსამსახურის სტატუსის ლეგალიზებას.

აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ ათწლიანი ლოდინის შემდეგ ამ საკითხების მოგვარება მნიშვნელოვან მოვლენად იქცა როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მით უმეტეს, რომ ჰეიდარ ალიევისა და ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი შეთანხმება სამხედრო სფეროში რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმებული პირველი ოფიციალური დოკუმენტია 1991 წლის შემდეგ, ანუ აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან მოყოლებული.

მაგრამ როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ექსპერტები, ცდილობენ დაადგინონ: რა მიიღო რუსეთისგან აზერბაიჯანის გამოცდილმა ლიდერმა გაბალის სადგურის დათმობის სანაცვლოდ? რადიო “თავისუფლების” კორესპონდენტთან, ჟან-კრისტოფ პეკთან საუბარში პოლიტიკის ბაქოელმა ანალიტიკოსმა, ექს-პრეზიდენტ აბულფაზ ელჩიბეის ყოფილმა თანაშემწემ, რასიმ მუსაბეკოვმა, აღნიშნა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობა ახალ ფაზაში შევიდა.

[რასიმ მუსაბეკოვის ხმა] 012944 “ამ ვიზიტს უდავოდ აქვს პლუსები. პლუსია თუნდაც ის, რომ აზერბაიჯან-რუსეთის ურთიერთობა თავისუფლდება ნოსტალგიური, იმპერიული, ისტორიულ-სენტიმენტალური მოტივებისგან და ინტერესთა თანხვედრის სიბრტყეში გადადის. რუსეთს ესმის, რომ აზერბაიჯანის ინტერესების გაუთვალისწინებლად და მხოლოდ ზეწოლითა და საკუთარი სურვილების თავსმოხვევისკენ სწრაფვით აზერბაიჯანთან ვერაფერს გააწყობს; და ეს, უდავოდ, პლუსია.”

ერთ-ერთი უმთავრესი სფერო, რომელშიც ბაქო მოსკოვისგან ხელშეწყობას ელის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გახლავთ. მოგეხსენებათ, რუსეთი ეუთოს მიერ კონფლიქტის მოგვარების მიზნით შექმნილი ე.წ. “მინსკის ჯგუფის” თანათავმჯდომარეა და ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებში მისი პოზიცია, მეტი რომ არა ვთქვათ, უმნიშვნელო არ არის.

გასულ კვირაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ყარაბაღის კონფლიქტზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკითხი ისე უნდა მოგვარდეს, რომ არც მოგებული დარჩეს ვინმე და არც წაგებული. რა ნიშნავს ეს კონკრეტულად, მხოლოდ უფალმა და ვლადიმირ პუტინმა თუ იციან.

აი, რა თქვა ამასთან დაკავშირებით ჰეიდარ ალიევის ყოფილმა საგარეოპოლიტიკურმა მრჩეველმა და ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში აზერბაიჯანის დელეგაციის ასევე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვაფა გულუზადემ: [ვაფა გულუზადეს ხმა] 012946 “რუსეთმა, როგორც იქნა, მიიღო გაბალა, ანუ რუსეთს ათი წლით, იჯარით გადაეცა იქ განთავსებული რადიოსალოკაციო სადგური. რაც შეეხება აზერბაიჯანს, ვისურვებდი, სანაცვლოდ რუსეთისგან რაიმე მიგვეღო ყარაბაღის საკითხში. მაგრამ რუსეთს აზრიანი არაფერი უთქვამს. მეტიც, ყარაბაღთან დაკავშირებით მან სრულიად აბსურდული პოზიცია გამოხატა: არ უნდა იყვნენ არც დამარცხებულები და არც გამარჯვებულებიო. მოდით, ვნახოთ, რა მოხდება, ამ ფორმულირების მიხედვით რომ ვიმოქმედოთ. თუ სომხეთი დამარცხებული არ უნდა იყოს, ესე იგი ის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნდა დარჩეს. ხომ ასეა? მაშ რა უნდა ვიღონოთ, რომ არც აზერბაიჯანი აღმოჩნდეს დამარცხებული?”

რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში ბოლო ხანს მომხდარ მოვლენებს ერევანი, როგორც დიპლომატები იტყვიან, “ფრთხილად” მიესალმა. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვართან ოსკანიანმა, ჩვენს კორესპონდენტთან საუბარში მოსკოვში ალიევის ვიზიტს ასეთი კომენტარი გაუკეთა: [ვართან ოსკანიანის ხმა] 012952 “ჩვენ ჯერაც ვაანალიზებთ ინფორმაციას, რომელსაც ალიევის ვიზიტთან დაკავშირებით ვიღებთ, მაგრამ ზოგადად უნდა აღვნიშნო, რომ ასეთმა მოვლენებმა დადებითად უნდა იმოქმედოს ჩვენს რეგიონში არსებულ ატმოსფეროზე, რაც, ჩემი აზრით, სომხეთისთვის ურიგო არ არის.”

დამოუკიდებელ აზერბაიჯანელ ექსპერტთა დიდი ნაწილი კი კვლავინდებურად დარწმუნებულია, რომ ყარაბაღის საკითხს მოსკოვი იმისთვის იყენებს, რათა აზერბაიჯანს ხელი ააღებინოს დასავლურ ორიენტაციაზე.
XS
SM
MD
LG