Accessibility links

ვითარება აფხაზეთსა და პანკისში და საქართველო-რუსეთის ურთიერთობა


დღესდღეობით აფხაზეთი და პანკისის ხეობა საქართველოს ის ორი რეგიონია, რომლებთან დაკავშირებული მოვლენებიც სიმწვავით გამოირჩევა და თან ყველაზე თვალსაჩინოდ ასახავს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს.

მიმდინარე კვირაში თბილისში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ვლადიმირ რუშაილოს სტუმრობისას, საქართველოს პრეზიდენტი მას სწორედ ამ ორ რეგიონზე ესაუბრა, ხოლო აფხაზეთიდან დევნილები კვლავინდებურად მოითხოვენ კონფლიქტის ზონიდან რუსი მშვიდობისდამცველების გაყვანის. რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, რომლისგანაც მოსკოვი დაჟინებით მოითხოვს ჩეჩენ მეამბოხეებთან თბილისის აქტიურად დაპირისპირებას?

ჩვენი რადიოს თანამშრომელი, ჟან-კრისტოფ პეკი, მიუთითებს იმ აქტიურ მხარდაჭერაზე, რომელიც რუსეთის არმიამ აფხაზეთის ომში სეპარატისტებს აღმოუჩინა. პეკმა ისიც იცის, რომ მდინარე ენგურთან 1993 წლიდან განთავსებული სამშვიდობო ჯარი, რომელიც, მართალია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მანდატით მოქმედებს, მაგრამ მხოლოდ რუსი ჯარისკაცებისაგან შედგება, თბილისს გულზე არასოდეს ეხატებოდა. (ბევრის თვალში, მშვიდობისდამცველები ემსახურებიან მოსკოვის ინტერესებს, არ დათმოს აფხაზეთზე ზეგავლენა. ზოგი კი რუს ჯარისკაცებს ნარკობიზნესის, იარაღისა და გაზის კონტრაბანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებს.)

რაც შეეხება ედუარდ შევარდნაძის პოზიციას, ის მოულოდნელი ცვლილებებით ხასიათდება. გავიხსენოთ: როცა გასული წლის ოქტომბერში, კოდორის ხეობაში მომხდარმა შეტაკებებმა 40-მდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია აფხაზეთში რუსი მშვიდობისდამცველების ნაცვლად სხვა ქვეყნების წარმომადგენელთა განთავსების მოთხოვნით. შევარდნაძე ჯერ მიემხრო პარლამენტის გადაწყვეტილებას, მაგრამ როგორც კი რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, მშვიდობისდამცველების გაყვანის წინააღმდეგი არა ვარო, უცებ უკან დაიხია. სამიოდე დღის წინათ, შევარდნაძის პოზიცია ასეთი გახლდათ: [ედუარდ შევარდნაძის ხმა] ”პრინციპში, თუ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას ”საკონტროლო ზონაზე” – ხომ იცით, საკონტროლო ზონა რაც არის – თუ შესრულდება ყველა პირობა მოსახლეობის უშიშროების უზრუნველსაყოფად, მაშინ საქართველო და მისი პრეზიდენტი არ მოვითხოვთ რუსი მშვიდობისდამცველების გასვლას”.

მაინც რა არის ეს ”საკონტროლო ზონა”? სამწუხაროდ, თვით შევარდნაძეს ეს არ განუმარტავს, მაგრამ როგორც პრესაში (მაგალითად, მოსკოვში გამომავალ ”ნეზავისიმაია გაზეტასა” და ”კომერსანტში”) წერენ, საქართველოს პრეზიდენტს სურს, რომ ამჟამად გალის რაიონში განთავსებულმა რუსმა მშვიდობისდამცველებმა ჩრდილოეთით, აფხაზეთის სიღრმეში გადაინაცვლონ და მდინარე ღალიძგასთან დაბანაკდნენ.

ძნელი სათქმელია, გადადგამს თუ არა რუსეთი ასეთ ნაბიჯს: თუ გადადგამს, ალბათ, თბილისისაგან სანაცვლო დათმობის ფასად. როგორც ვაშინგტონელი პოლიტოლოგი, რიჩარდ გირაგოსიანი შენიშნავს, [რიჩარდ გირაგოსიანის ხმა] ”შევარდნაძე რთულ ვითარებაში აღმოჩნდა, როცა აფხაზეთში რუსი მშვიდობისდამცველების დარჩენაზე დათანხმება შესაძლოა ნაკლებ უბედურებად ჩათვალოს. ვინაიდან თუ ის ხელს არ აიღებს აფხაზეთიდან რუსეთის გასვლის მოთხოვნაზე და ამ მიზანს მიაღწევს კიდეც, მოსკოვმა, შესაძლოა, უფრო სახიფათო ზომები მიიღოს, რომელიც კიდევ უფრო დაასუსტებს შევარდნაძეს”.

თუ რა შეიძლება იყოს გირაგოსიანის მიერ ნახსენები ”უფრო სახიფათო ზომები”, ამაზე ცოტა უფრო ქვემოთ. ჯერ პანკისში გადავინაცვლოთ. ექსპერტების აზრით, თბილისმა იქ მოსკოვის გულის მოსაგებად წამოიწყო ოპერაცია, მაგრამ, როგორც ჩანს, დღემდე არ დაპირისპირებია ჩეჩენ მებრძოლებს – იმათ, ვისაც მოსკოვი პანკისიდან იერიშების მომზადებაში ადანაშაულებს. თუმცა, შევარდნაძე ბოლოს ვეღარ გაუძლებს ზეწოლას და მეამბოხეების წინააღმდეგ მკაცრ ზომებს მიემხრობა.

ლონდონში გამომავალ ჟურნალ ”ჯეინს ინტელიჯენს დაიჯესტის” რედაქტორი, ალექს სტენდიში აღნიშნავს, რომ მოსკოვში მართვის სადავეების პუტინის ხელში გადასვლის შემდეგ, საგრძნობლად გაიზარდა დაზვერვის ძალისხმევა მოსკოვთან საქართველოს დასაახლოვებლად, პირველ რიგში სწორედ ჩეჩნეთის საკითხში. ინგლისელ ექსპერტს ასე წარმოუდგენია მოსკოვის ჩანაფიქრი, რომელიც შევარდნაძისათვის ზემოთ ნახსენებ ”სახიფათო ზომებს” მოასწავებს: [ალექს სტენდიშის ხმა] ”ეს ერთგვარი სტრატეგიაა: სანამ ხელისუფლების სათავეში შევარდნაძე დგას, კრემლთან დაძაბულობა არ განიმუხტება. რუსეთი, შესაძლოა, მისი დესტაბილიზაციის გრძელვადიან გეგმაზე მუშაობდეს. ეს კი, თავის მხრივ, საქართველოს დესტაბილიზაციის გრძელვადიანი გეგმის ნაწილია, რასაც საბოლოოდ შევარდნაძის ჩამოშორება ან განადგურება მოჰყვება. შემდეგ რუსეთი ხელისუფლების სათავეში თავის ხალხას დასვამს, რათა საქართველოზე ზეგავლენა გაზარდოს. ”

მოსკოვის პოლიტიკამ, როგორც ჩანს, უკვე გამოიღო ნაყოფი. თბილისში ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძემ გასცა განკარგულება, პანკისის ხეობაში რუსეთისა და საქართველოს სადაზვერვო უწყებების ერთობლივი ოპერაციების უზრუნველყოფის შესახებ.
XS
SM
MD
LG