Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთებში ნაპოვნი რადიოაქტიური წყაროების შესახებ


ჩვენს ადრინდელ გადაცემებში მოგაწოდეთ ინფორმაცია დასავლეთი საქართველოს მთებში, ადგილობრივ მაცხოვრებელთა მიერ მცირე ზომის რადიოქტიური კონტეინერების შემთხვევით პოვნის თაობაზე.

ახლა საქართველოში ჩავიდა ექსპერტთა ჯგუფი, რომლის მიზანია უკეთ გამოიკვლიოს, რა ნახეს, სად ნახეს და მომავალში შეიძლება თუ არა კიდევ საქართველოს ტყეებში ამგვარი ობიექტების მიკვლევა. ამერიკულმა გაზეთმა “ნიუ იორკ ტაიმსმა” წერილი გამოაქვეყნა ჯგუფის მუშაობის შესახებ. ობიექტურობით ცნობილი ეს გაზეთი, ჩანს, დაუზუსტებელ ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ კონტეინერები ნახეს მაჰმადიანი მეამბოხეების კონტროლქვეშ მყოფი მთიანი რეგიონის მახლობლად. მას მერე, რაც სამმა მამაკაცმა ტყეში მიაგნო უჩვეულოდ მძიმე ტყვიის კონტეინერებს, რომელთა გარშემო თოვლი დამდნარი იყო, როგორც “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, ისინი შინ წაიღეს გასათბობად. ამის თაობაზე საქართველოში სხვა ვერსიებიც არსებობს და თვით ისინი, ვინც ამ კონტეინერებს მიაგნო, კიდევ სხვა ჩვენებებს იძლევიან. ამერიკული გაზეთი მოძველებულ ინფორმაციას ავრცელებს დაზარალებულთა მდგომარეობის შესახებ. აქვე გეტყვით, რომ კონტეინერებში იყო ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური სტრონციუმ-90. ცნობილია სიცოცხლისთვის სახიფათო მისი მოქმედება. იმ ფაქტმა, რომ მპოვნელებმა საკუთარ თავზე იგრძნეს კონტეინერის შიგთავსის უარყოფითი ზემოქმედება, გამოამზეურა ეს ამბავი. დეკემბერში მომხდარს დიდი რეზონანსი არ მოჰყოლია, მაგრამ ახლა, იმისათვის, რომ ამგვარი ობიექტები ტერორისტების ხელში არ მოხვდეს, ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტო, ასევე მისი ყაიდის სხვა ორგანიზაციები, ცდილობენ იმ არეალს მიაღწიონ და დაზვერონ იქაურობა. ატომური ენერგიის სააგენტოს რადიაციის და ბირთვული ნარჩენების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი აბელ გონსალესი ამბობს, რომ ეს ობიექტები საკმაოდ დიდი პოტენცისაა, დამამშვიდებელი ის არის, რომ ისინი მიუდგომელ ადგილასაა, და ამასთან, რომც მიაღწიოს იქ ვინმემ და მათ წაღებას შეეცადოს, ეს თვითმკვლეობის დარი მოქმედება იქნება.

ეს საკმაოდ მცირე ზომის კონტეინერები საბჭოთა არმიის მიერ არის დატოვებული საქართველოში, როგორც სხვა არაერთი რადიაციული ზონა. მათ, საბჭოთა და ამერიკელი სამხედროები კოსმოსში სატელიტების, დედამიწაზე კი სამეთვალყურეო ობიექტების და საიდუმლო რადიოსადგურების ენერგიით უზრუნველყოფისთვის იყენებდნენ. ამ კონტეინერებში ბირთვული გახლეჩა ბუნებრივი გზით ხდება, ბირთვული რეაქტორისგან განსხვავებით.

შეერთებული შტატები, ბუშის ადმინისტრაცია, ახლა ამგვარი ობიექტების შეგროვებას დიდ ყურადღებას უთმობს იმის გამო, რომ შეშფოთებულია ამ ობიექტების მომავლის გამო. რადიოლოგიურ იარაღს, რომელშიც ამგვარ მცირე კონტეინერებს იყენებენ, “ჭუჭყიან ბირთვაკს” უწოდებენ”. ის ნამდვილი ბირთვული იარაღის ღარიბ ნათესავადაც მოიხსენიება ხოლმე. ამგვარი ჭურვის აფეთქება საკმაოდ ძლიერია და რადიოაქტიური ნივთიერების ფართოდ მოფანტვას უფრო ემსახურება ხოლმე, ვიდრე, ვთქვათ სხვადასხვა შენობების ნგრევასა და დაწვას. მათ ადამინებს მეყსეულად შეიძლება განსაკუთრებით დიდი ზარალი ვერც მიაყენონ, მაგრამ ასევე შესაძლებელია მძიმე რადიაციული მოწამვლა და მისგან დაავადება.

ექსპერტები, ჩანს, მაინც სხვადასხვა აზრისა არიან იმაზე, შეძლებს თუ არა ტერორისტი ამგვარი კონტეინერის გზით ბომბის დამზადებას და ამ ბომბის ეფექტიან იარაღად გამოყენებას. უკეთ რომ წარმოიდგინოთ ამგვარი კონტეინერების რადიოაქტიურობის სიდიდე, გეტყვით, რომ ჩერნობილის ბირთვული სადგურის აფეთქების დროს 50 მილიონი კიურის ოდენობის რადიოაქტიურობა გამოთავისუფლდა, თითოეული ამგვარი ობიექტის პოტენცია კი 40 ათასია.

პრინსტონის უნივერვისტეტის სამეცნიერო პოლიტიკის პროფესორი ფრენკ ფონ ჰიპელი ამბობს, რომ ტერორისტები ვერ შეძლებენ ისეთი იარაღის დამზადებას, რომელიც ადამიანთა დიდი რიცხვის დახოცვას გამოიწვევდა. აბელ გონსალესიც ამასვე ადასტურებს, და ამბობს, რომ ამგვარი ბომბის შესაქმნელად სტრონციუმის მტვერია საჭირო.

საქართველოში ჩასული ექსპერტების ჯგუფი ახლა ფიქრობს მიაღწიოს იმ ადგილს, სადაც ეს კონტენინერები იქნა ნაპოვნი. ჯერჯერობით როგორც “ნიუ იორკ ტაიმსი” წერს, ამას დიდი თოვლი აძნელებს. ბირთვული ენერგიის სააგენტოს ცნობით, საქართველროში 280 რადიოაქტიური წყაროა მიკვლეული, მათი უმეტესობა რადიაციულობის დაბალი დონით ხასიათდება, მხოლოდ 4-ია სტრონციუმის შემცველი.

სააგენტოს ბირთვული უსაფრთხოების განყოფილების ხელმძღვანელი ამბობს, რომ მისი ჯგუფი ცდილობს, მიაგნოს ამგვარ წყაროებს, მიაღწიოს მათზე კონტროლს და უსაფრთხო ადგილზე გადაიტანოს.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG