Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონელი მედიკოსები გვამებით ვაჭრობენ


ანდრო ეული, პრაღა ცენტრალურ პოლონეთში ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ დაწყებული გამოძიება ეროვნულ სკანდალში გადაიზარდა.

ქალაქ ლოძის სასწრაფო სამედიცინო დახმარების უწყების თანამშრომლები ეჭვმიტანილი არიან იმაში, რომ განზრახ უწყობდნენ ხელს პაციენტების გარდაცვალებას, ხოლო მძიმედ დაავადებულებსკლავდნენ კიდევაც, რათა გვამები - ადგილობრივი დამკრძალავი ბიუროებისთვის მიეყიდათ.


ეგრეთ წოდებული, "გვამებით ვაჭრობის" სენსაციური ამბავი პირველად გავლენიანმა ყოველდღიურმა გაზეთმა "გაზეტა ვიბორჩამ" და ლოძის რადიომ ამცნეს საზოგადოებას. ეს ამბავი ჟურნალისტმა მარჩინ სტელმაშიაკმა და მისმა ორმა კოლეგამ ამხილეს. ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში სტელმაშიაკმა გაიხსენა, როგორ დაინტერესდა თავის კოლეგებთან ერთად ქალაქში დამკვიდრებული პრაქტიკით, როცა საავადმყოფოს თანამშრომლები დამკრძალავ ბიუროებს ჰყიდდნენ ინფორმაციას ახალგარდაცვლილი პაციენტების შესახებ: [მარჩინ სტელმაშიაკის ხმა] "ნახევარ წელიწადზე მეტია, რაც ჩვენ ამ კონკრეტული საკითხით ვართ დაინტერესებული. თავდაპირველად შევუდექით ეგრეთ წოდებული "გვამებით ვაჭრობის" გამოძიებას სასწრაფო დახმარების უწყებასა და დამკრძალავ ბიუროებს შორის. შემდეგ ჩვენ კიდევ უფრო სერიოზულმა საკითხმა - პაციენტების განზრახ მოკვლის შესაძლებლობამაც დაგვაინტერესა. არაა გამორიცხული, რომ ამგვარი რამ სასწრაფო დახმარების სხვადასხვა უწყებებში ხდება მთელი ქვეყნის მასშტაბით".

სტელმაშიაკის თქმით, ყოველი გვამისთვის დამკრძალავი ბიუროები 800 ზლოტს უხდიდნენ
საავადმყოფოს თანამშრომლებს. ერთ კვირაზე მეტია უკვე, რაც "გვამებით ვაჭრობის" ეს სამარცხვინო ამბავი გამოააშკარავდა და მას შემდეგ ცენტრალური ადგილი უკავია პოლონეთის პრესაში. ორი დღის წინ, პოლონეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრი
მარიუშ ლაპინსკი სასწრაფო დახმარების რეგიონულ უწყებათა ხელმძღვანელებს შეხვდა და განაცხადა, რომ ლოძში მომხდარი ამბავი ლოკალურ ხასიათს ატარებს. ხოლო იუსტიციის მინისტრის, ბარბარა პივნიკის თქმით, "გვამებით ვაჭრობამ" კიდევ სამ სხვა ქალაქში: ოლსტინში, ჟეშუსა და ბიელსკო პოდლასკაშიც მოიკიდა ფეხი.

ბევრს უჭირს იმის დაჯერება, რომ "გვამებით ვაჭრობის" ამბავი - სინამდვილეა. როგორც სტელმაშიაკი აღნიშნავს, პოლონელები თანაბრად არიან შოკირებული იმით, რომ საავადმყოფოს თანამშრომლებს შეეძლოთ გარდაცვლილი პაციენტის შესახებ ინფორმაცია მიეყიდათ დამკრძალავი ბიუროებისთვის და იმითაც, რომ პაციენტებს შესაძლოა თავად მედიკოსები კლავდნენ: [მარჩინ სტელმაშიაკის ხმა] "ამ ამბავმა ხალხი გააოგნა. ზოგიერთს დღემდე არ სჯერა, რომ ჩვენში ასეთი რამ ხდებოდა. საინტერესოა ამ მხრივ ექიმების რეაქცია. ზოგიერთ მათგანს უბრალოდ არ სჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება მომხდარიყო. სხვა ექიმები კი აცხადებენ, როგორც იქნა ვიღაცა დაინტერესდა და შესაძლოა ეს უმსგავსობა გამოსწორდესო. და ბოლოს, არიან ისეთი ექიმებიც, რომლებსაც არა მარტო არ სჯერათ
ლოძში მომხდარი ამბავი, არამედ ჩვენ გვადანაშაულებენ - ხელოვნურად ქმნით სენსაციებსო".

როგორც ვარშავაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, "სტეფან ბატორის ფონდის" პოლიტიკური მიმომხილველი,
ალექსანდრ სმოლარი აღნიშნავს, "გვამებით ვაჭრობის" გახმაურებულმა ამბავმა შესაძლოა აიძულოს პოლონეთის ხელისუფალნი - გადამჭრელი ზომები მიიღონ ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.

ლოძში მომხდარ ამბავს სხვა ქვეყნებშიც მოჰყვა რეაქცია. ჩეხეთის ორმა გაზეთმა, მაგალითად, დამოუკიდებლად ჩაატარა გამოძიება და დაადგინა, რომ "გვამებით ვაჭრობა" სასწრაფო დახმარების უწყებებსა და დამკრძალავ ბიუროებს შორის თურმე ჩეხეთის რესპუბლიკაშიც ხდება.
XS
SM
MD
LG