Accessibility links

logo-print

გასული წლის სოციალურ-ეკონომიკური მონაცემების შეჯამება


საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას შორის ბიუჯეტის პარამეტრების თაობაზე გამართული კამათი, რომელსაც „პოლიტიკური ვაჭრობაც" კი უწოდეს,

ძირითადად შიდაეროვნული პროდუქტის მოცულობას, ეკონომიკის ზრდის ტემპებსა და სხვა სტატისტიკურ მონაცემებს ეყრდნობოდა. თუმცა, ბიუჯეტის პროექტის საპარლამენტო განხილვებისას საფინანსო გეგმის ზრდის მოთხოვნის დასასაბუთებლად მოყვანილი არგუმენტები, ხშირად, მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებისაგან. სტატისტიკის უწყებამ 2001 წლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებლები 1 თებერვალს გამოაქვეყნა.

2001 წელს საქართველოს ეკონომიკური განვითარების განზოგადებულმა მაჩვენებელმა მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა ბოლო 4 წლის ყველაზე მაღალ ნიშნულს 104,5 %-ს მიაღწია. თუმცა, არა ისეთი მაჩვენებლისთვის, როგორიც პარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილმა დაასახელა. საქართველოს პარლამენტში ბიუჯეტის დამტკიცებით გაბრაზებულმა სააკაშვილმა 30 იანვარს ტელეარხ „რუსთავი 2"-ის გადაცემაში განაცხადა, რომ შეერთებული შტატების სადაზვერვო სამსახურის მონაცემებით საქართველოში შიდა ეროვნული პროდუქტის მოცულობა 20 მილიარდიაო. მას არ დაუკონკრეტებია 20 მილიარდი ამერიკული დოლარი იგულისხმებოდა თუ ქართული ლარი. ერთი კი აღნიშნა, რომ ამის საფუძველზე 2002 წლის ბიუჯეტი 1 მილიარდი კი არა 5 მილიარდი უნდა გამხდარიყოო.

ამ განცხადებამ სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობაში გაოცება გამოიწვია, დეპარტამენტის თავმჯდომარემ, თემურ ბერიძემ კი დასძინა: [ბერიძის ხმა] „ღმერთმა ქნას, რომ მასე იყოს უფრო მალე. არც ლარია, არც დოლარი მაგდენი."

ბერიძის უწყების მიერ ჩატარებული კვლევების შედეგად გაირკვა, რომ მთლიანი შიდა ეროვნული პროდუქტი 2000 წლის 5,97 მილიარდი ლარის მაჩვენებლიდან 2001 წელს 6,5 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. ანუ მატებამ 4,5% შეადგინა. შიდა პროდუქტის ზრდის დაახლოებით იგივე მაჩვენებელი შეიმჩნეოდა ბოლო 5 წლის მანძილზე. ანუ საქართველოში ეკონომიკური ზრდის ისეთი ტემპი ნამდვილად არ შეიმჩნევა, რომ შესაძლებელი იყოს ბიუჯეტის გაორმაგება, ან თუნდაც 300 მილიონით გაზრდა, როგორც ამას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია მოითხოვდა. სხვა საკითხია საგადასახადო შემოსავლების ადმინისტრირების გაუმჯობესების შემთხვევაში მომავალი წლის ბიუჯეტის გაზრდაზე ფიქრი.

მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებლის მსგავსად, აღმასვლა შეიმჩნევა ეკონომიკის რამდენიმე დარგში, ძირითადად კი სოფლის მეურნეობაში. ფერმერების გამოშვებულმა პროდუქციამ 2000 წლის მაჩვენებლებს 5,5%-ით გადააჭარბა. ტრადიციული მატებაა კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სფეროშიც. ასევე მომგებიანად რჩება სასტუმროებისა და რესტორნების, სამშენებლო და საფინანსო ბიზნესი.

სანაცვლოდ, ვარდნა დაფიქსირდა და 2000 წლეთან შედარებით 5%-ით ნაკლებია მსხვილი, საშუალო და წვრილი სამრეწველო საწარმოების მიერ გამოშვებული პროდუქციისა და მომსახურების მოცულობა. სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ვარდნას ენერგეტიკულ კრიზისს აბრალებს. ამ სფეროს საწარმოთა პროდუქცია მკვეთრად, 11,9%-ით შემცირდა.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ექსპერტული შეფასებით, ფარული და არაფორმალური წარმოების გათვალისწინებით, 2001 წელს წარმოებული სამრეწველო პროდუქციის რეალურმა საერთო მოცულობამ მოქმედ ფასებში 2,1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც, 1,1%-ით ნაკლებია 2000 წელთან შედარებით.

კლება შეიმჩნევა უცხოურ ინვესტიციებშიც. შარშან საქართველოში 128,2 მილიონი ლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. ინვესტიციების დიდი წილი თურქეთსა და შეერთებულ შტატებზე მოდის. მათ გარდა კიდევ 5 ინვესტორია, რომელთა წილი საერთო მაჩვენებელში უმნიშვნელოა. ყველაზე დიდ კაპიტალი საქართველოში ობშორული ზონიდან შემოდის - 23%, შემდეგ ადგილზე კი მსოფლიო ბანკია 12%-იანი მაჩვენებლით.

ბოლო 5 წლის მანძილზე საქართველოში ინვესტიცია აღარ განუხორციელებიათ: ავსტრალიას, კანადას, ნიდერლანდებს, რუსეთს, საფრანგეთს, შვეციას, ჩინეთსა და დიდ ბრიტანეთს.

ოფიციალური მაჩვენებლით ლარის ინფლაციამ 3,4% შეადგინა, დაგეგმილი კი 6-7% იყო. თუმცა, ეს სულაც არ იძლევა დამშვიდების საბაბს, რადგან ეროვნული ვალუტის სტაბილურობას დაბალი ხელფასები, შესაბამისად - მოსახლეობის დაბალი მსყიდველუნარიანობა და მრეწველობის ვარდნა განაპირობებს.

როგორც ეკონომიკის ექსპერტები, ასევე თემურ ბერიძეც არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებს.

[ბერიძის ხმა] „თუ ავიღებთ 97 წელს, იქ იყო 11 პროცენტიანი ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტის. მერე 98, 99, 2000 წელს იყო ძალიან დაბალი მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა. წელს არის ყველაზე მაღალი 97 წლიდან. თუ შევადარებთ 2000 წელს, კარგია, თუ შევადარებთ 97 წელს, ცუდია და თუ შევადარებთ 90 წელს, კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი."
XS
SM
MD
LG