Accessibility links

logo-print

ახალი მემარჯვენეების ადგილი პოლიტიკურ სპექტრში


"ახალი მემარჯვენეების" ფრაქცია პარლამენტის პლენარულ სხდომებს, კარგა ხანია, აღარ ესწრება.

ფრაქციის ლიდერებს, ჯერჯერობით, წაგებული აქვთ ბრძოლა ბიწაძე-ბურჯანაძის ოჯახურ წყვილთან. ვიდრე თანამდებობას ან პარლამენტის თავმჯდომარე არ დატოვებს, ან გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე, "ახლები" სხდომებზე არ დაბრუნდებიან - ასეთია პროტესტის ფორმა, რომელიც მათ აირჩიეს.

იმის მიუხედავად, რომ დღეს "ახალი მემარჯვენეები" მცირე ჩიხში მოექცნენ, მათი სამომავლო ფუნქცია არ დაკნინებულა. პირიქით, პოლიტიკური პროცესი "ახლების" პერსპექტივებს წარმოაჩენს.

როდესაც 2000 წლის შემოდგომაზე საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა "ახალი ფრაქცია" ჩამოაყალიბა, ბუნებრივად დაიბადა შეკითხვა: "რისთვის შეიქმნა მორიგი პოლიტიკური ძალა? რა იქნება მისი არსებითი ფუნქცია?"

ეს შეკითხვა დღესაც აქტუალურია. უფრო მეტიც, დღემდე აქტუალურია ამ შეკითხვის სამივე სავარაუდო პასუხი, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ 2000 წლის შემოდგომაზე.

პირველი ვერსია: შესაძლოა, "ახალი ფრაქციის" შექმნამ დააჩქაროს ძველი უმრავლესობის დაშლა და ახლის ჩამოყალიბება. ეს ვერსია დღეს უფრო საინტერესოდაც კი გამოიყურება, ვიდრე წელიწად-ნახევრის წინ. ლევან გაჩეჩილაძის ენერგიული ინიციატივა, რომ ედუარდ შევარდნაძეს დაეტოვებინა მოქალაქეთა კავშირის თავმჯდომარის პოსტი, სწორედ ამ ვერსიას აძლიერებს. დღეს, როდესაც საპარლამენტო ძალები დაქსაქსულია და გადაწყვეტილებების მიღება ჭიანურდება, ახალ მემარჯვენეებს აქვთ შესაძლებლობა, უმრავლესობის პოლიტიკურ ბურჯად ჩამოყალიბდნენ. ამ შესაძლებლობის განხორციელებას ბევრი ფაქტორის თანხვედრა სჭირდება, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკურ ძალებთან საერთო ენის გამოძებნა და პრეზიდენტის პრინციპული თანადგომა. პირველი ვერსია არსებობს, როგორც შესაძლებლობა და მისი უგულებელყოფა სწორი არ იქნება.

მეორე ვერსია: შესაძლოა, ახალი მემარჯვენეების პარტია შეიქმნა იმისათვის, რომ მის წიაღში იშვას ახალი, ალტერნატიული მედასავლეთე ლიდერი. მეორე ვერსიის კონტექსტში თავიდანვე დაისვა შეკითხვა: "ვინ შეიძლება იყოს ახალი ლიდერი? ვინ დგას გამყრელიძისა და გაჩეჩილაძის უკან?"

მრავალი ვარაუდის მიუხედავად, "ახლების" პოლიტიკურ სივრცეში არავინ გამოჩნდა საზოგადოებისთვის უფრო მეტად ცნობილი, ვიდრე თავად გამყრელიძე ან გაჩეჩილაძე. სამაგიეროდ, ორივე ლიდერი აქტიურობს და პოლიტიკურ რეიტინგებში მათთვის ადგილები გარანტირებულია. ოღონდ, საქმე ისაა, რომ ორი ლიდერის თანაარსებობა აბნევს საზოგადოებას და, ადრე თუ გვიან, მათ მოუხდებათ, მკაფიოდ განაცხადონ, რომელია მათ შორის პირველი და რომელი - მეორე. ჯერჯერობით კი, გამყრელიძე და გაჩეჩილაძე კარგ ტანდემს ქმნიან, რადგან სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანებს შემოიკრებენ.

მესამე ვერსიის თანახმად, "ახალი ფრაქცია" იმ ძალების წაქეზებით შეიქმნა, ვისაც სურდა, რომ მოქალაქეთა კავშირის ახალგაზრდული გუნდი გახლეჩილიყო და ერთიანი საბრძოლო ენერგია ერთმანეთთან ბრძოლაზე გადანაწილებულიყო. ეს ვერსიაც დღემდე სიცოცხლისუნარიანია, რადგან ყველაზე დაუნდობლად ერთმანეთს სწორედ ყოფილი თანაგუნდელები უპირისპირდებიან.

თავიდან, როდესაც უმრავლესობას "ახალი ფრაქცია" გამოეყო, პრეზიდენტმა განსმდგომი შუაკაცის პოზიცია აირჩია (ციტატა): "ვერ ვხედავ განსხვავებას "ახლებსა" და "ძველებს" შორის. აღშფოთებული ვარ კამათის ტონალობით. ორივე მხარეს მოვუწოდებ, დაიცხრონ ნერვები და ერთად იმუშაონ. ქვეყანა, რომელიც მყარად ვერ დგას ფეხზე, ძალიან უნდა უფრთხილდებოდეს პროგრესული ძალების ერთიანობას."

კომპლიმენტის მიუხედავად, პრეზიდენტის რჩევა არც "ძველებმა" გაითვალისწინეს და არც "ახლებმა". ალბათ, იმის გამო, რომ ეს სიტყვები მეტისმეტად გვიან წარმოითქვა და მათი ავტორის გულწრფელობა აღარავინ ირწმუნა.

სამომავლოდ, დაპირისპირებულ ბანაკებს სწორედ "ძველები" და "ახლები" შექმნიან. ახალ მემარჯვენეებს ორი არჩევანი აქვთ: შემოიკრიბონ "მოქალაქეთა კავშირისა" და "აღორძინების" მიღმა არსებული პოლიტიკური ძალები, ან შექმნან ალიანსი "აღორძინებასთან" და მის მოკავშირეებთან ერთად. ნებისმიერ შემთხვევაში, "ახალი მემარჯვენეების" როლი პარლამენტში გაიზრდება და ეს პროცესი სწრაფად განვითარდება, თუკი მას ხელს "აღორძინება" წააშველებს. ნინო ბურჯანაძის პირისპირ "ახლები" მარტო დარჩნენ, რადგან ასლან აბაშიძის თანამებრძოლებმა ოჯახური ძალაუფლება საჯაროდ ვერ გაკიცხეს. სხვა თუ არაფერი, ასლან აბაშიძის ვაჟი ბათუმის მერია.

მაგრამ არ არის გამორიცხული, "აღორძინებამ" დანომრილი ბიულეტენები გაიხსენოს და ამ მიზეზით დაუპირისპირდეს ჯერ აპარატის უფროსს, ხათუნა გოგორიშვილს, შემდეგ კი - შემოვლითი გზით - ნინო ბურჯანაძეს. თუ ახლო მომავალში "აღორძინება" ბიულეტენების საკითზე მსჯელობას განაახლებს, უნდა ვივარაუდოთ "ახლებისა" და "აღორძინების" დაახლოება. სხვა შემთხვევაში, "ახლებს" სერიოზული საბაბი დასჭირდებათ დარბაზში დასაბრუნებლად და დაბრუნების შემდეგაც თავიდან მოუხდებათ მოკავშირეების ძებნა. თუმცა - "აღორძინებასთან" ერთად, ან მათ გარეშე - "ახლების" გააქტიურება პოლიტიკური ლოგიკის გარდაუვალ აუცილებლობად უნდა მივიჩნიოთ.
XS
SM
MD
LG