Accessibility links

logo-print

თებერვალი დადგაო...


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი ყოველკვირეული სპორტული პროგრამის ავტორმა ელგუჯა ბერიშვილმა ამჯერად სამი თემა გააერთიანა:

ძალოსნობის ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა, სპორტსმენთა და პოლიტიკოსთა ახალი ალიანსი და რაგბი.

ძალოსნური ამბებით დავიწყებ. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ამ პოსტზე პარლამენტარი დავით ბეჟუაშვილი აირჩიეს. ასე ისურვა ფედერაციის რიგგარეშე ყრილობამ, რომელიც სწორედ ამ საქმისთვის შეიკრიბა საქართველს სპორტის დეპარტამენტში. ბეჟუაშვილისა და ძალოსნების შესაძლო თანამშრომლობის ამბავი პირველად შარშან გახმაურდა, როცა თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს ნაკრებს ანთალიაში, მსოფლიო ჩემპიონატზე ეახლა და იქ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რამდენიმე მაღალჩინოსანს შეხვდა. როგორც ირკვევა, ბეჟუაშვილს ანთალიაშივე შესთავაზეს ქართველ ძალოსანთა წინამძღოლობა, თუმცა ერთბაშად ვერ დაითანხმეს. სპორტის დეპარტამენტის თავჯდომარემ ირაკლი მეძმარიაშვილმა, მსოფლიო ჩემპიონმა გიორგი ასანიძემ და სხვა გამომსვლელებმა პრეზიდენტობის კანდიდანტს საქმიანი თვისებები მოუწონეს, ყრილობის დელეგატებს კი მხარდაჭერა სთხოვეს. წინააღმდეგი არავინ ყოფილა, თვით რამაზ გურგენიძეც, ვინც თექსმეტი წელი და საკმაოდ კარგადაც უძღვებოდა ძალოსნობის ფედერაციას. ახალარჩეულ პრეზიდენტს დავით ბეჟუაშვილს სერიოზული გეგმები აქვს.


(დავით ბეჟუაშვილის ხმა) "ძირითადი ამოცანები არის სპორტის დაფინანსების პრობლემები, რომელიც უნდა გადაწყდეს, როგორც ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსებით. ვფიქრობ, რომ ეს არის პრიორიტეტი დღესდღეისობით, რომელიც მე უნდა გადავწყვიტო. მეორე: ეს არის ის პრიოგრამა, ხანგრძლივი და მიმდინარე, რომელზედაც უნდა იმუშავონ სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა. მესამე: ჩვენ გვყავს შესანიშნავი მწვრთნელები, რომელნიც არიან სხვადასხვა ქვეყნებში დასაქმებულები და ვფიქრობ, რომ მაგათი ჩამოყვანის პროგრამაც იქნება ერთ-ერთი პრიორიტეტული, რათა საქართველოში ჩამოყალიბდეს ძალოსნობის როგორც ფინანსური, ასევე მატერიალურ - ტექნიკური და ადამიანური რესურსის ბაზა".


ვიდრე პარლამენტარი გახდებოდა, ბეჟუაშვილი წარმატებული ბიზნესმენი იყო. ჯერ სააქციო საზოგადოება "ინტერგაზი" ჩამოაყალიბა, მერე "საქგაზის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეობდა და როგორც ამბობენ, საკმაო კაპიტალიც დაუგროვდა. გაპოლიტიკოსებული ბიზნესმენი და ქართველი ძალოსნები დღეს ერთად შეყრილან. იმედია, მათი თანამშრომლობა კეთილ ნაყოფს გამოიღებს.


გასულ კვირას სპორტული მედიის ყურადღება პოლიტიკასა და სპორტთან დაკავშირებულმა კიდევ ერთი ამბავმა მიიპყრო: სახელოვან ქართველ სპორტსმენთა ჯგუფმა ახალჩამოყალიბებულ პარტიას - "ერთობას" ერთგულება შეჰფიცა და "ერთობამაც" საგანგებო თავყრილობა გამართა. მიხეილ ქორქიას, ზურაბ საკანდელიძეს, ნინო სალუქვაძეს და მათს თანამოაზრეებს ქართული სპორტის კრიზისიდან გამოყვანის ერთ-ერთ საიმედო გზად სწორედ "ერთობასთან" და მის ლიდერებთან მჭიდრო კავშირი ესახებათ. მაგალითად, მიხეილ ქორქია დარწმუნებულია, რომ მხოლოდ ჯუმბერ პატიაშვილის მსგავს ადამიანებს შეუძლიათ ჩვენი სპორტის გადარჩენა და ამიტომაც დადგა მის გვერდით. ასე ფიქრობს ნინო სალუქვაძეც (ციტატა): "ათი წელია სპორტისთვის არაფერი კეთდება. როდემდე ვიყოთ ენთუზიაზმის ხარჯზე? ამიტომაც შევედი "ერთობაში". ჩვენ თუ არა, მომავალ თაობას მაინც დავახვედროთ ნორმალური სავარჯიშო პირობები" (ციტატის დასასრული). ალბათ, ეს მაშინ მოხდება, როცა ჯუმბერ პატიაშვილი, ალექსანდრე ჭაჭია და "ერთობის" სხვა ლიდერები ხელისუფლების სათავეში მოვლენ, თორემ დღეს ამ პარტიის შესაძლებობები ერთობ შეზღუდულია - სახელმწიფო ხაზინას სხვა პატრონი ჰყავს. იმასაც ამბობენ, სპორტის სიყვარულით თავმოწონება და გამოჩენილ სპორტსმენებთან მეგობრობა პატიაშვილს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში დამატებითი ხმის მისაღებად სჭირდებაო. პოლიტიკური მიზნებისთვის სპორტის გამოყენების მცდელობა აქამდეც არაერთხელ ყოფილა, მაგრამ სპორტს ამით ბევრი ვერაფერი მოუგია.


ამასობაში სპორტული ცხოვრება თავისი განრიგით მიედინება, ქართველი რაგბისტები დიდ ბრძოლაში ებმებიან - იწყება ევროპის "ერთა თასის" მესამე გათამაშება და იმავდროულად 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი. შარშანდელი სეზონი, მოგეხსენებათ, ერთობ წარმატებული გამოდგა: ჭაბუკთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის უმაღლეს ჯგუფში ითამაშა, შვიდკაცამ - მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში, ეროვნულმა ნაკრებმა კი "ერთა თასი" მოიგო. აი, რას ამბობს ბორჯღალოსანთა მთავარი მწვრთნელი, ფრანგი კლოდ სორელი.


(კლოდ სორელის ხმა და თარგმანი) "შარშან ჩვენგან ასეთ თამაშს არავინ ელოდა და მოულეოდნელობის ეფექტმა კარგი სამსახური გაგვიწია. ახლა ეს ფაქტორი ვეღარ იმოქმედებს - ჩვენს წინააღმდეგ ყველა მეტოქე განსაკუთრებული მონდომებით ითამაშებს. რუსებმა უკვე დაიწყეს ინტრიგები, საერთაშორისო საბჭოში იჩივლეს და ფრანგი მსაჯის გამოცვლა მოითხოვეს. რუმინელებსა და ესპანელებს კი რატომღაც საჭიროდ ჩაუთვლიათ იმის გამოკვლევა, თუ როგორ და რა საშუალებებით მოახერხეს ქართველებმა ასეთი წინსვლა. ისიც გავიგე, რომ თვით საქართველოშიც ყველას როდი უხარია ჩვენი წარმატებები. მოკლედ, წლევანდელი სეზონი გაცილებით რთული იქნება, მაგრამ მეც და ნაკრების წევრებსაც დიდი სურვილი გვაქვს, რომ პროგრესი არ შენელდეს".

ევროპის "ერთა თასის" წლევანდელ გათამაშებაში ექვსი ქვეყანა ჩაებმება: საქართველო, რუმინეთი, ჰოლანდია, რუსეთი, პორტუგალია და ესპანეთი. გუნდები თითოჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და ტურნირს 7 აპრილს დაასრულებენ. თასის შენარჩუნება და შემოდგომაზე მსოფლიო პირველობის ფინალის საგზურის მოპოვება - ასეთია საქართველოს მორაგბეთა პროგრამა - მინიმუმი.
XS
SM
MD
LG