Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტი შევარდნაძე გაეროს დადგენილებით კმაყოფილია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი კვირას, 3 თებერვალს პრეზიდენტი შევარდნაძე ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეებთან შეხვედრას გეგმავს.

კანცელარიაში დაგეგმილ შეხვედრაზე საბოლოოდ გაირკვევა, დაიშლება თუ არა დევნილების ინიციატივით წამოწყებული ეს საპორტესტო მოძრაობა, რომლის მთავარი მოთხოვნაა აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ნაწილების გაყვანა.

სავარაუდოდ, ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეებისა და პრეზიდენტ შევარდნაძის შეხვედრა დაძაბულ ატმოსფეროში ჩაივლის. პრეზიდენტს დევნილების ერთბაშად რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით დარწმუნება მოუწევს: რომ 31 იანვრის გაეროს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება წინგადადგმული ნაბიჯია აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გზაზე; რომ რუსეთის სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის გაგრძელება აუცილებლობით არის გამოწვეული; რომ საქართველოს ხელისუფლება უსაფრთხოების გარანტიების გარეშე არ დატოვებს კოდორის მშვიდობიან მოსახლეობას.

პრეზიდენტს მძიმე ამოცანა ელის. ძნელია დევნილობაში მყოფთა იმაში დარწმუნება, რომ კონფლიქტიდან 10 წლის თავზე გაეროს უშიშროების საბჭომ ბოლოს და ბოლოს მიიღო რეზოლუცია, რომელიც მკვდარი წერტილიდან დაძრავს აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პროცესს. არც იმაში იქნება ადვილი დევნილების დარწმუნება, რომ გალის რაიონში განლაგებული რუსეთის სამხედრო ნაწილები დაბრუნებული მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის რაიმეს იღონებენ, როცა რუსი ცისფერჩფხუტიანების გალში ყოფნის პერიოდში 2 ათასამდე მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული. რაც შეეხება კოდორის ხეობის დაცვას, ძალიან არასერიოზულად გამოიყურება აფხაზური მხარის რწმუნებები, რომ სოხუმის საჰაერო ძალები აღარ დაბომბავენ ხეობას.
2 თებერვალს პრეზიდენტი შევარდნაძე დახურულ კარს მიღმა გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის ელჩებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას განხილული იყო გაეროს 31 იანვრის რეზოლუცია, რომელიც სხვადასხვა რეკომენდაციასთან ერთად, მხარეებს მოუწოდებს, სასწრაფოდ დაიწყონ სოხუმსა და თბილისს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის განმსაზღვრელი დოკუმენტის განხილვა. პრეზიდენტ შევარდნაძის განმარტებით, “მიღებული დოკუმენტი მყარი საფუძველია მშვიდობიან მოლაპარაკებათა პროცესისა, რაც ჩვენ გვსურს და ეს ჩვენი უპირობო მხარდაჭერაა.”
ოფიციალური თბილისის მზადყოფნისგან განსხვავებით, სოხუმის ხელისუფლება აცხადებს, რომ არ აპირებს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულებას და საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის სტატუსის განმსაზღრელი დოკუმენტის განხილვას.
გულახდილად რომ ითქვას, სოხუმის ხისტი პოზიცია ოფიციალურ თბილისს ხელს უნდა აძლევდეს. მაშინ, როცა პრეზიდენტი შევარდნაძე უშიშროების საბჭოს ყველაზე არაპოპულარული გადაწყვეტილების შესრულებაზეც თანხმობას აცხადებს, იქნება ეს რუსი ცისფერჩაფხუტიანებისთვის მანდატის გაგრძელება თუ კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოყვანა, სოხუმი დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობასაც უარყოფს. ეს უთუოდ დააყენებს დღის წესრიგში მშვიდობის იძულებით დამყარების ოპერაციის აუცილებლობას. სხვა საკითხია – როდის?..
XS
SM
MD
LG