Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ და რისთვის ხდებიან ადამიანები ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი.


წამყვანი მარიამ ჭიაურელი, პრაღა რატომ და რისთვის ხდებიან ადამიანები ნარკოტიკებზე დამოკიდებულნი.

რა სირთულებებთან არის დაკავშირებული ნარკოტიკების მოხმარებაზე უარის თქმა. რა მეთოდებით ხდება საქართველოში ნარკომანიასთან ბრძოლა? ალბათ ხვდებით, რომ ახალგაზრდულ პროგრამაში დღეს, ვისაუბრებთ ნარკომანიაზე. ეს პრობლემა საქართველოში ბოლო წლებში უფრო და უფრო მძიმდება, მისი პროფილაქტიკის მეთოდი კი არ იცვლება. ნარკომანიას საქართველოში ფორმალური აკრძალვის მეთოდით უპირისპირდებიან.

როგორც დათო პაიჭაძემ აღნიშნა, ნარკომანიის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური მეთოდის ამუშავების აუცილებლობას საქართველოში სერიოზულად არ ეკიდებიან. არადა, ცნობილია, რომ ნარკოტიკების მომხმარებლები წამალზე ფიზიკურ დამოკიდებულებას უფრო იოლად სძლევენ, ვიდრე ფსიქოლოგიურს. ნარკოლოგიის ცენტრთან არსებული კლინიკის ფსიქოთერაპერტი მარინა ჭავჭანიძე ამბობს, რომ ნარკომანიის პროფილაქტიკაში ფსიქოლოგიური დახმარების მეორე პლანზე დაყენება მხოლოდ ჩვენი პრობლემა არ არის, რომ ფსიქოთერაპიული პრაქტიკა ამ მხრივ მთელს მსოფლიოში დაბალია. ნარკომანიის პრობლემაზე მას ეკა წამალაშვილი ესაუბრა.

მარინა ჭავჭანიძე ნარკოტიკებზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნის საქმეს 10 წელია ემსახურება. ზუსტად რამდენ პაციენტთან მოუწია მუშაობა, არც კი ახსოვს. თუმცა, სინანულით აღნიშნავს, რომ სასურველი შედეგების მიღწევა ბევრთან შეუძლებელი გახდა.
ამის მიზეზი ერთია: 10 დღიანი კლინიკური მკურნალობის შემდეგ, ნარკომანები მიიჩნევენ, რომ უკვე სრულიად ჯანმრთელები არიან.

[მარინა ჭავჭანიძის ხმა] “აქ ეს ეფექტია, ნარკომანი 10 დღე წევს კლინიკაში, გაწერენ და მიაჩნია, რომ უკვე ჯანმრთელია. ეს ხომ არ არის აპენდიციტის ოპერაცია. საერთოდ, ავადმყოფს კლინიკიდან რომ გაწერენ ეუბნებიან, რომ თავს უნდა მოუაროს. ეს მომენტი ნარკომანებს არა აქვთ. კი, წამლებს სვამენ, მაგრამ ვერ წარმოუდგენიათ, რომ ფსიქოლოგიური ჩარევაც სჭირდებათ. სინამდვილეში სწორედ იმიტომ არსებობს ნარკომანია, რომ ფსიქოლოგიური ჩარევის პრაქტიკა მთელს მსოფლიოში ძალიან დაბალია.”

არადა, თუ ნარკოტიკებეზე ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა ორი კვირაში შეიძლება, ფსიქოლოგიური დამოკიდებულების ფაქტორი დიდხანს, ზოგჯერ წლების მანძილზე გრძელდება. ეს ყველაფერი კი, ენერგეტიკული დანახარჯის თვალსაზრისით, მუქთი სიამოვნების მოპოვების პირველსავე მცდელობიდან იწყება.

[მარინა ჭავჭანიძის ხმა] “ფსიქოლოგიური აბსტინეცია ხდება პირველივე ჯერზე. მაგალითად ჰეროინი შეიძლება ორჯერ, ან ერთხელ მოიხმარო და სამუდამოდ მიეჯაჭვო. რაც შეეხება შავს, ანუ თვითნაკეთ ოპიატებს, რეგულარული მოხმარებისას პროცესი აქაც ძალიან სწრაფად მიდის. წელიწადზე არ არის ლაპარაკი, 2-3 თვეზეა ლაპარაკი.”

ნარკოტიკების ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ, სიამოვნების ეფექტი აღარ არსებობს. ეს არის, რომ ნარკომანს ის პირველი სიამოვნება ახსოვს და ნარკოტიკის გარეშე არსებობა აღარ შეუძლია.

[მარინა ჭავჭანიძის ხმა] “ხანგრძლივი მოხმარების შემდეგ, ის ისევე გრძნობს თავს, როგორც თქვენ კარგ გუნებაზე რომ გაიღვიძოთ. ეს არ არის ფიზიკური დამოკიდებულება. ეს არის ის, რომ სხვანაირად არ შეუძლია. იმიტომ, რომ მისი ორგანიზმი ენდორფინებს აღარ გამოყოფს. აი, ყველაზე დიდი ტრაგედია ეს არის. მისი ბუნებრივი ნარკოტიკი აღარ გამოიყოფა. იმიტომ, რომ აკრძალვა აქვს მიცემული იმ ხელოვნურად შეყვანილი ნარკოტიკის გამო.”

აი, ეს არის ნარკომანია. რა დამანგრეველი შედეგები მოაქვს მას, ამის შესახებ ქართველი ახალგაზრდები ინფორმირებელი არ არიან. ის ნაწილი საზოგადოების, რომელმაც ნარკიტიკებს გემო გაუსინჯა, მაგრამ დღეს მასზე ხელი აღარ მიუწვდება, ალკოჰოლს მიეძლა. მარინა ჭავჭანიძის დაკვირვებით, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ნარკოტიკი ძვირი “სიამოვნებაა”, მისი მომხმარებლები უფრო შეძლებული ადამიანები არიან, განსხვავებით სხვა ქვეყნებისგან, სადაც ნარკომანია უფრო დაბალი სოციალური ფენის პრობლემაა. ჩვენთან ყველაფერი პირიქითაა. მაგრამ, ისევ დავუბრუნდეთ მნიშვნელობას ფსიქოთერაპიის, რომლის ფართო მასშტაბით დამკვიდრების აუცილებლობას მრავალი ბარიერი ეღობება. პირველი - ფსიქოთერაპიული ეფექტისთვის აუცილებელია ნებაყოფლობითი, შეგნებული გადაწყვეტილების მიღება. ახალბედა ნარკომანები კი ამ მხრივ ნაკლებადპერსპექტიულნი არიან. მეორე – არსებობს ძალა, რომელსაც ნარკომანიასთან ეფექტური ბრძოლის წამოწყება ხელს არ აძლევს.

ფსიქოლოგი მარინა ჭავჭანიძე ამჯერად ახალ, სწრაფი მოქმედების მეთოდზე მუშაობს. რამდენად ეფექტიანი იქნება ეს მეთოდი, ამის დადგენას სჭირდება სამეცნიერო კვლევა, რისი საშუალებაც არ არსებობს. ფსიქოთერაპია საქართველოში არავის ენაღვლება. ასეთი დამოკიდებულების სასარგებლოდ საზოგადოების გაუნათლებლობის გარდა, სხვა ფაქტორიც მუშაობს. კერძოდ, პოლიციის დაუოკებელი სურვილი შეინარჩუნოს არსებული მდგომარეობა და ფორმალური აკრძალვის წესებს ამოფარებულმა ხელი მოითბოს იმით, რაც უამრავ ადამიანს, მეტწილად ახალგაზრდებს ცხოვრების ერთადერთ საზრისად ნარკოტიკებს უტოვებს. საქართველოში ყველამ კარგად იცის, რომ ნარკომანები წამალს უმეტესად პოლიციისგან ყიდულობენ.

[მარინა ჭავჭანიძის ხმა] “ჩემი დირექტორი რამდენი წელია იბრძვის მეტადონური პროგრამისთვის. იბრძვის, რომ ამაში მარტო პოლიცია არ იყოს ჩარეული. მაგარმ არ აწყობთ. ვის არ აწყობს ჩემი გამოსკვლევი არ არის. მაგრამ მეც ვიცი და თქვენც.”
XS
SM
MD
LG