Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირის ერთერთი გაზეთის შეფასებით, საქართველოში დენთის სუნი ტრიალებს.


თამარ ჩიქოვანი, თბილისი გასული კვირის ერთერთი გაზეთის შეფასებით, საქართველოში დენთის სუნი ტრიალებს.

მდგომარეობის დაძაბვას ენგურის ხიდთან და პანკისის ხეობაში დაემატა პედაგოგთა საპროტესტო აქციები, რაც უკვე მოსახლეობის მხრიდან სოციალური მღელვარების ტალღის აგორების ნიშნად შეიძლება ჩაითვალოს. ჯერჯერობით აქციის მონაწილეთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. თუმცა, ამის მიუხედავად, პანკისში “ავღანელთა” აქცია მაინც შეწყდა. 1 თებერვლის გაზეთ “რეზონანსის” ცნობით:

“გუშინ ავღანელთა კავშირის წევრებსა და ლუკა რამაზაშვილის სახალხო რაზმელებს შორის ხუთსაათიანი მოლაპარაკებები იყო გამართული. ამ შეხვედრას პანკისელი ქისტები და ჩეჩენი ლტოლვილებიც ესწრებოდნენ. შეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ავღანელებმა აქცია შეწყვიტეს და ალავერდის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. შეხვედრის დეტალებზე არც ერთი მხარე არ საუბრობს.
როგორც “რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, ლუკა რამაზაშვილის სახალხო რაზმელები და ჩეჩენი ლტოლვილები თვლიან, რომ “ავღანელთა” ახმეტაში ყოფნა სიტუაციის დაძაბვას გამოიწვევს.
ახმეტაში სიტუაცია იმანაც დაძაბა, რომ 31 იანვარს, ღამის პირველ საათზე ახმეტის რაიონის სოფელ დიუსში დისლოცირებული შინაგანი ჯარის ბლოკ-პოსტზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაიღუპა ტყიბულის ბატალიონის ჯარისკაცი, აფხაზეთიდან დევნილი 27 წლის გიორგი ცაგურია. იგი ერთ-ერთი ჯარისკაცის მიერ კალაშნიკოვის სისტემის ავტომატიდან გასროლილი 6 ტყვიით ფეხის, მუცლისა და თავის არეში დაიჭრა და ადგილზე გარდაიცვალა.”

“საქართველოს ხელისუფლება კვლავ რუბიკონთან დგას”-წერს 29 იანვრის “დილის გაზეთი”, რომლის აზრითაც, პანკისში მიმდინარე მოვლენათა მნიშვნელობის მიუხედავად, ისინი ნამდვილად ვერ შეედრებიან იმას, რაც ამჟამად აფხაზეთის გარშემო ხდება. გაზეთის ინფორმაციით, მზადდება დევნილთა ყრილობა, რომელმაც შეიძლება, სათავე დაუდოს გამოსვლებსა და საპროტესტო მანიფესტაციებს დედაქალაქში. ჯერჯერობით, თბილისური პოლიტიკური პარტიები არ აქტიურობენ, მაგრამ თუ ვითარება მეტისმეტად დაიძაბა და სახალხო მღელვარების ხასიათი შეიძინა, მათი გამოსვლაც არ არის გამორიცხული სხვადასხვა პოლიტიკური მოთხოვნით ისევე, როგორც გასული წლის ოქტომბერში. “დილის გაზეთის” პროგნოზით, ხელისუფლება ერთგვარი “პატის” მდგომარეობაში აღმოჩნდა:

“რუსეთის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას დაბადების დღე მიულოცა, თუმცა, არც ის დავიწყნია, ესარგებლა ამ დიპლომატიური შესაძლებლობით და საქართველოს პრეზიდენტისთვის შეეხსენებინა: ან გაუგრძელებთ სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადას, ან იძულებული ვიქნებით, ისინი გავიყვანოთო. საეჭვოა, ამ შემთხვევაში პუტინი “ბლეფობდეს” – რუსი ცისფერჩაფხუტიანები დსთ-ს ეგიდით იმყოფებიან ენგურის აუზში. უკრაინა, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და სხვა ქვეყნები არაფრის დიდებით არ დაუშვებენ პასუხისმგებლობის აღებას იმ სიტუაციაში, როცა სამშვიდობო კონტინგენტს საქართველოს თანხმობით დადასტურებული მანდატი არ ექნება.
არანაკლებ რისკის შემცველია მშვიდობოსმყოფელებისთვის მანდატის გაგრძელება. მით უფრო, რომ არსებობს პარლამენტის დადგენილება მათი “გაყვანის” მოთხოვნით და, მიუხედავად იმისა, რომ ამ დადგენილებას იურიდიულად “დამავალდებულებელი” ძალა არა აქვს, პოლიტიკური თვალსაზრისით, მისი ანგაჟირება მაინც შესაძლებელია.
ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ ენგურის აქციის მონაწილეები მოითხოვენ სამშვიდობო ძალების საერთოდ გაყვანას კონფლიქტის ზონიდან, თუ მოხერხდება რუსული კონტინგენტის გადაადგილება ღალიძგაზე და საქართველოს იურისდიქციის თუნდაც ნაწილობრივ აღდგენა გალის რაიონში, ეს უდავოდ შეარბილებს დაძაბულობას, ვინაიდან აღიქმება პირველ ნაბიჯად აფხაზეთის დასაბრუნებლად.
ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაიდებს ბინას გალში, რაც, ყველა თვალსაზრისით, უდიდესი გამარჯვება იქნება და სწორედ ამიტომ არ დაეთანხმებიან აფხაზი სეპარატისტები არანაირი ცვლილების შეტანას მანდატში. მით უმეტეს, გალში იურისდიქციის ფაქტობრივ დათმობას და “გამმიჯნავი ხაზის” გატარებას ღალიძგაზე.
არძინბას რეჟიმი არანაირი პირობით არ დაეთანხმება ამ ვარიანტს.რუშაილოსა და იაროვის ვიზიტები აღიქმება, როგორც პრობლემის რუსული კომპონენტი, მაგრამ სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის საკმარისი. ვლადიმერ რუშაილო თბილისში ვიზიტისას აქტიურად განიხილავს აფხაზეთის პრობლემას და გაიმეორებს ცნობილ რუსულ ფორმულას – დაითანხმეთ აფხაზური მხარე და ჩვენ თანახმა ვართ ყველაფერზე. საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ კრემლი “თითს თითზე არ დააკარებს” აფხაზური მხარის თანხმობის უზრუნველსაყოფად.
ამრიგად, რუშაილო –იაროვის ვიზიტი იოტისოდენადაც ვერ მოგვაშორებს ხსენებულ რუბიკონს: ომი თუ მშვიდობა? მძიმე “სტატუს-კვოს” შენარჩუნება თუ ხიფათიანი და გაურკვეველი მომავალი?....”

1 თებერვლის გაზეთ “ახალი ეპოქის” შენიშვნით, კოდორის ხეობის დაბომბვა, სამწუხაროდ, ისე გახშირდა, რომ 31 იანვრის პარლამენტის სხდომაზე კინაღამ 17 იანვრის ჭუბურხინჯის გახმაურებული ოქმის დენონსაციის საბაბად იქცა. პარლამენტარი ჯემალ გამახარია კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებულის ივერი ჭელიძის განცხადებას, გამთენიისას კოდორის ხეობა დაიბომბაო, უმალ გამოეხმაურა –როგორ შეიძლება ამის შემდეგ კიდევ გვჯეროდეს, რუსები და აფხაზი სეპარატისტები ხეობის მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტები არიანო. გაზეთის თქმით:



“რუსი მშვიდობისმყოფელები და სეპარატისტები აფხაზეთში მყოფი ქართული მოსახლეობის უსაფრთხოებას რომ ვერ უზრუნველყოფენ, ამას გალის რაიონში, ეგრეთ წოდებული სამშვიდობო პროცესისას 1700-მდე ქართველის დაღუპვაც მოწმობს. მაგრამ, საინტერესოა, რატომ შეიქმნა ახალი “კოდორული ვნებათა ღელვა” თბილისში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის ვლადიმერ რუშაილოს “წარმატებულად” მონათლული ვიზიტის შემდეგ და გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის წინ.
გუშინვე საქართველოს ძალოვანი უწყებები განცხადებას განცხადებაზე ავრცელებდნენ, კოდორის ხეობა არავის დაუბომბავსო. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ პრესკონფერენციაც კი გამართა, რომელზეც განაცხადა: “ უკანასკნელი 24 საათის მანძილზე კოდორში ჩვენი საჰაერო სივრცის დარღვევა არ დაფიქსირებულა. ამას კოდორის ხეობის მაცხოვრებლებიც ადასტურებენ. არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს მეტეოროლოგიურ მოვლენასთან, რომელიც ივერი ჭელიძის ინფორმატორმა, შესაძლოა, დაბომბვად აღიქვა.” თევზაძის სიტყვით, კოდორის ხეობის დაბომბვის შესახებ ცნობა სოფელ ადგარის ერთერთი მკვიდრის ნათქვამზე დაყრდნობით გავრცელდა. თავდაცვის სამინისტროს კი ეს ყველაფერი გადაუმოწმებია და სიმართლეც დაუდგენია.
ამჯერად, ხეობა არ დაბომბილა, მაგრამ, როგორც ჩანს, დიდია ალბათობა, რომ კოდორში რაღაც პროვოკაცია კიდევ მოხდება. ამ ხეობით დაინტერესება ძალიან დიდია და მავანს – როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ – იქ სიმშვიდე ხელს არ აძლევს.

31 იანვრის გაზეთ “ჯორჯიან თაიმსის” ცნობით, დასავლეთ საქართველოში მდგომარეობა დღითიდღე იძაბება. ენგურის ხიდთან ასობით დევნილია შეკრებილი. ოპერატიული ინფორმაციით, მათი რიცხვი ყოველდღე იზრდება. აქციის მონაწილეები სტუდენტების შეერთებასაც ელიან. გადაკეტილია საავტომობილო გზები. მოპიკეტეები რუსი სამხედროების გაყვანას, აფხაზეთში შესვლას და აფხაზეთის დეპუტაციის გადაყენებას ითხოვენ. მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებიც აცხადებენ, რომ თუ შევარდნაძე “ცისფერჩაფხუტიანებს” მანდატს გაუგრძელებს, ისინი პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით, მასობრივ აქციებს უკვე დედაქალაქში გადაიტანენ. “ჯორჯიან თაიმსმა” რუსეთის სპეცსამსახურებიდან ინფორმაცია მოიპოვა, რომლის მიხედვითაც:

“ენგურის მეორე მხარეს აფხაზური არმია და ტექნიკა გამოჩნდა. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერები და, კერძოდ, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბ აგუმავა აცხადებს, რომ აჟიოტაჟის გაგრძელების და საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში, აფხაზური მხარე მზადაა, ცეცხლი გახსნას და დაიცვას საკუთარი ტერიტორია.ქართულ მხარეს კი ხშირია მოწოდებები ენგურსიქით გადასვლასთან დაკავშირებით. ახლო მომავალში კი მთლიანად საქართველოში მასობრივი აქციები იგეგმება...
...პუტინმა თავის დროზე განაცხადა, რომ თუ ქართველებს არ სურდათ რუსი სამშვიდობოების კონფლიქტის ზონაში ყოფნა, მათი გაყვანა პრობლემა არ იყო. მიუხედავად ამისა, მანდატის ამოწურვის შემდეგ, საკმაოდ გააქტიურდნენ პუტინის პოლიტიკის თაყვანისმცემელი რუსი პოლიტ-ექსპერტები. ისინი აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქართველებისა და აფხაზების მარტო დატოვება მიზანშეწონილი არ არის; რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები საქართველოს პარლამენტს არაფრად აგდებენ და აღნიშნავენ, რომ ქვეყნის პარლამენტზე მაღლა მათთვის დსთ-ს ქვეყნების მეთაურთა თათბირია.თავის დროზე, შევარდნაძემ დევნილებთან შეხვედრისას თავისი პოზიცია ცალსახად დააფიქსირა. ის მაშინ თანახმა იყო, ცისფერჩაფხუტიანები გასულიყვნენ საქართველოდან. დღეს კი დევნილები ერთხმად აცხადებენ, რომ პრეზიდენტმა ისინი მოატყუა. შევარდნაძემ გადაწყვეტილების შეცვლის ძირითად არგუმენტად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის გამწვავება დაასახელა. დღეს კი თვლის, რომ თავდაპირველად რუსების ჩანაცვლება სხვა ფორმირებებით უნდა მოხდეს და შემდეგ შეიძლება საუბარი ცისფერჩაფხუტიანების გასვლაზე.
აღსანიშნავია, რომ შევარდნაძემ თავისი ადრინდელი პოზიცია კოფი ანანისა და პუტინის შეხვედრის შემდეგ შეცვალა. რა თქმა უნდა, გაეროს გენერალური მდივნისა და რუსეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა “სათანადო კონსულტაციები” პუტინთანაც რამდენჯერმე “გაიარა.” ამის შემდეგ გამოიკვეთა, რომ აფხაზეთში ომის საშიშროების ილუზია მხოლოდ ხალხის დასაწყნარებლად გამოგონილი საკენკი იყო, რომელიც ვერ ვერ გამოდგა მოსახლეობის სატყუარად.”

დენთის კასრში ჩაგდებულ ასანთს უწოდებს გაეროს რეზოლუციას 2 თებერვლის გაზეთი “რეზონანსი”. გაზეთის ვარაუდით, გაეროს მისიის გადაწყვეტილებას, რუსეთის სამშვიდობო ძალების ენგურის ხიდზე დატოვების შესახებ, მალე დევნილთა მიერ პრეზიდენტ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნა მოჰყვება. გაზეთი წერს:

“ბოლო დროს საქართველოში დენთის სუნი ნამდვილად ტრიალებს. დღეს ნებისმიერი პროვოკაცია ყველაზე მეტად ჩვენს ჩრდილოეთელ მეზობელს აწყობს. საქართველოს რუსეთი ისევ მოერია. ხელისუფლება მზად არის, დათვს ბაბა დაუძახოს. ამას პანკისში რუშაილოს ემისრების სავარაუდო ჩამოსვლად ცხადყოფს და საქართველოს არათანმიმდევრული პოლიტიკაც რუსეთთან მიმართებაში. შევარდნაძემ ხელისუფლება, შესაძლოა, ისევ რუსეთის მხარდაჭერის ხარჯზე შეინარჩუნოს, მაგრამ ეს უმძიმეს ფასად დაუჯდება საქართველოს.
თუმცა, არსებობენ სკეპტიკოსებიც, რომლებიც თვლიან, რომ ხელისუფლება ისევ ორმაგ თამაშს ეწევა. ერთი მხრივ, ენგურის ხიდზე უწყობს აქციევს ხელს გაეროზე ზემოქმედების მოსახდენად. მეორე მხრივ კი - პანკისის ხეობაში, რათა რუსეთს თავი მოუქონოს და დაანახოს, რომ ჩეჩნების გასაყვანად რაღაც კეთდება. სამწუხაროდ, ამ სპონტანური თამაშის ჭრილში დიდი ანალიტიკური ხედვა და აფხაზეთის ან პანკისის პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი გეგმა არ ჩანს.”
XS
SM
MD
LG