Accessibility links

logo-print

უკრაინაში ჟურნალისტებს თავდაცვისთვის იარღის ტარების უფლებას მისცემენ


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ამბობენ, სიტყვა ხმალზე უფრო ბასრი იარაღიაო, მაგრამ უკრაინაში მთავრობასა და ჟურნალისტთა ნაწილს მიაჩნიათ, რომ ზოგიერთ სიტუაციაში პისტოლეტი უფრო დამაჯერებელი არგუმენტია.

უკრაინაში ჟურნალისტები ხშირად ხდებიან პოლიტიკურად და ფინანსურად მოტივირებული ძალადობის მსხვერპლი. ახლა ზოგიერთი ჟურნალისტი თავდაცვის მიზნით, მთავრობის ნებართვით, იარაღის შეძენას აპირებს.

ოფიციალური სტატისტიკით, ათი წლის განმავლობაში, მას შემდეგ რაც უკრაინამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მინიმუმ 7 ჟურნალისტი მოკლეს. თვით ჟურნალისტების თქმით, მათი მოკლული კოლეგების რიცხვი სინამდვილეში ბევრად მაღალია. გარდა ამისა, ასობით ჟურნალისტს ესროლეს და სცემეს მათ მუშაობასთან დაკავშირებულ მიზეზთა გამო.

შარშან უკრაინაში მასობრივი დემონსტრაციები იმართებოდა პრეზიდენტ ლეონიდ კუჩმას წინააღმდეგ, იმის გამო, რომ მას, თითქოს ხელი ერია ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის სიკვდილში, 2000 წლის სექტემბერში. კარგად იყო ცნობილი, რომ ღონღაძის ინტერესების სფეროში მთავრობაში კორუფცია და ორგანიზებული ბოროტმოქმედება შედიოდა.

შარშან ივლისში აღმოსავლეთი უკრაინის ქალაქ სლავიანსკში ბეისბოლის კეტებით სცემეს და მოკლეს ტელეჟურნალისტი იგორ ალექსანდროვი.

ამას წინათ, ამგვარი ინციდენტების საპასუხოდ, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა ჟურნალისტებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. რეკომენდებული იარაღია 9 მმ-იანი მაკაროვის ტიპის პისტრლეტის მოდიფიცირებული ვერსია. ეს პისტოლეტი ფართოდ იხმარებოდა საბჭოთა არმიაში. პისტოლეტის ახალი ვერსია რეზინის ტყვიებს ისვრის და გამიზნულია თავდამსხმელის შესაშინებლად, და არა მოსაკლავად. დაშვებულია აგრეთვე, ცრემლსადენი გაზის გამშვები პისტოლეტების ტარება.

ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელიც ახალი წესებით სარგებლობას აპირებს, არის ანდრეი, კიევის ერთ-ერთი რადიოსადგურის თანამშრომელი. გვარის გამხელა მან არ ისურვა. ჩვენს რადიოსთან საუბარში მან თქვა, რომ ბევრ მის კოლეგას დაემუქრნენ და ბევრიც სცემეს, ერთი კი რამდენიმე წლის წინათ გაიტაცეს და მას მერე მისი კვალი დაიკარგა.

“არ მგონია, პისტოლეტმა დამიცვას იმ პირისა თუ ჯგუფისგან, რომლებიც ჩემს მოკვლას გადაწყვეტენ… მაგრამ ასე თავდაცვის შანსი მაინც მაქვს. ჩემი იარაღი არ მოკლავს თავდამსხმელს, მაგრამ შეიძლება დააბნიოს და მე მისგან თავის დაღწევის საშუალება მომცეს.”

ცხადია, ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით დატენილი პისტოლეტები ვერ შეეჯიბრება იარაღს, რომლითაც აღჭურვილი არიან უკრაინის კრიმინალური ჯგუფები. მათ განკარგულებაშია ავტომატები და უახლესი კონსტრუქციის ნაღმსატყორცნები. ანდრეის თქმით, თავდაცვის მიზნით უკრაინის მთელი მოსახლეობა უნდა შეიარაღდეს.

მაგრამ არის სხვა აზრიც. ტელეჟურნალისტი დასავლეთი უკრაინის ქალაქ ივანო-ფრანკოვსკიდან, პავლო ხრისტოფიანი სკეპტიკურად უყურებს ახალ წესებს.

[ხრისტოფიანის ხმა] “მე მცდარად მიმაჩნია დანარჩენი მოქალაქეებისგან ჟურნალისტების გამოყოფა, როგორც ცალკე სოციალური ჯგუფისა. მაგალითად, რამდენიმე თვის წინათ მე თავს დამესხა ბანდა, მაგრამ ამას არაფერი ჰქონია საერთო ჩემს მუშაობასთან. კრიმინოგენული სიტუაცია უკრაინაში ისეთია, რომ საშიშროება ემუქრება საზოგადოების ყველა სექტორს და არა მარტო ჟურნალისტებს.”

ხრისტოფიანმა თქვა, რომ ბევრი ჟურნალისტი ვერ შეძლებს იარაღის შეძენას, თუნდაც იმ უბრალო მიზეზით, რომ ის დაახლოებით 100 დოლარი ღირს, ბევრი რეპორტიორის თვიურ ხელფასზე მეტი.

ამერიკელ იურისტს, მერი მაისიოს შეერთებული შტატების “პრომედია” ჯგუფის მეთაურს, (ჯგუფი უკრაინაში ჟურნალიზმის პროფესიული სტანდარტების ამაღლებას ისახავს მიზნად) ეჭვი ეპარება მთავრობის კეთილ ზრახვებში. ამ ნაბიჯს ის პოპულისტურად მიიჩნევს. ამასთან იგი აღნიშნავს, რომ სანამ ჟურნალისტებს იარაღის ხმარებას არ შეასწავლიან, მათ შეიძლება უფრო მეტი უდანაშაულო ხალხი დააშავონ, ვიდრე ამას შეიარაღებული თავდამსხმელები იზამდნენ.
XS
SM
MD
LG