Accessibility links

logo-print

ბასილ მკალავიშვილის რაზმელები ბიბლიური წიგნების განადგურებაზე გადავიდნენ


სოზარ სუბელიანი, თბილისი 3 თებერვალს ბასილ მკალავიშვილის რაზმელების მიერ დანთებულ კოცონზე სხვადასხვა ენაზე დაბეჭდილი ბიბლიები იწვოდა.

"მართლმადიდებლობის" სახელით გაჩაღებულმა ლაშქრობამ გლდანელი პროტოპრესვიტერი ლოგიკურ გაგრძელებამდე - ყველა ქრისტიანის წმინდა წიგნის განადგურებამდე მიიყვანა. მკალავიშვილის მორიგ სამიზნედ, ამჯერად, საქართველოს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესია და გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოება იქცნენ, სამართალდამცველებმა კი ექსტრემიზმის ეს გამოვლინებაც უყურადღებოდ დატოვეს. არადა, უშიშროების სამინისტრომ დარბევამდე ორი კვირით ადრე იცოდა, რომ მკალავიშვილი ამ აქციის მოწყობას აპირებდა, მაგრამ სამართალდამცავებს მისი შეჩერება არ უცდიათ, რითაც, ფაქტობრივად, დანაშაულის ჩადენას შეუწყვეს ხელი.

ბასილ მკალავიშვილს რომ სამართალდამცავი სტრუქტურები მფარველობენ, ამას თავადაც აღიარებს ხოლმე და საქმიდანაც ჩანს: მას ყოველთვის აქვს ინფორმაცია, რომელი რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენლები სად იკრიბებიან, რომელ საწყობში რა ლიტერატურა ინახება ან რომელ გზაზე რა ტვირთი მოძრაობს. მკალავიშვილის მხარდაჭერა, როგორც ჩანს, უშიშროებისა და შინაგან საქმეთა ახალმა მინისტრებმაც გააგრძელეს. უშიშროების სამინისტროში ორი კვირით ადრე იცოდნენ, რომ მკალავიშვილი ვაშლიჯვარში არსებული საწყობის დარბევას აპირებდა, მაგრამ ხელი არ შეუშალეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი, უკვე მერამდენედ, არ აღკვეთა მორიგი ხულიგნური აქცია და არ დააკავა ექსტრემისტი პროტოპრესვიტერი. მკალავიშვილის თქმით, მას ამჯერადაც დროზე მიაწოდეს ინფორმაცია, რის შემდეგაც სამი ავტობუსით მისულმა მისმა რაზმელებმა 4 ტონაზე მეტი ლიტერატურა, ძირითადად ძველი და ახალი აღთქმის წიგნები და ბიბლიური მოთხრობები დაწვეს: [ბასილ მკალავიშვილის ხმა] "ინფორმაცია მქონდა, რომ ამ დღეებში ფოთის პორტში შემოვიდა ოთხმოც ტონამდე იეღოველთა და ბაპტისტთა ლიტერატურა, რომელიც უშუალოდ დაიცალა ამ საწყობში, რომელიც წამლავს სულიერად მთლიანად საქართველოს… ჩვენ რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, რომ აიკრძალოს საერთოდ საქართველოში კონტრაბანდის სახით შემოტანილი ეს ლიტერატურა, რომელიც ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი სარწმუნოების დაცვას საქართველოში."

მკალავიშვილის რაზმელების მიერ განადგურებული ლიტერატურის ღირებულება რამდენიმე ათეულ ათას ლარს შეადგენს, ხოლო წიგნები, რომლებიც ექსტრემისტი პროტოპრესვიტერის აზრით "სულიერად წამლავს" საზოგადოებას და განადგურებას ექვემდებარება, ძირითადად, სხვადასხვა ენაზე გამოცემული ბიბლიები და სახარებებია. "გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებების" საქართველოს წარმომადგენლობის საგამომცემლო განყოფილების გამგის, ავთანდილ გურულის თქმით, განადგურებული წიგნების ჩამონათვალი ასეთია: [ავთანდილ გურულის ხმა] "ეს იყო მალხაზ სონღულაშვილის ბიბლიური მოთხრობები, იყო სომხური ბიბლია საკმაოდ დიდი რაოდენობით. სომხურ ბიბლიასთან რა ასოციაციები გაუჩნდათ -იეჰოვურობის, ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია. შეიძლება, ეს ვასილი კითხულობს, მე არ ვიცი. იყო ცალკეული სახარებები ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ენებზე - ძალიან ეჭვი მეპარება, რომ რომელიმე მათგანმა გაარჩია, რა იყო და რამდენად იყო ეს იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა. დავუშვათ, ეს მართლა მათი ლიტერატურა იყო, რა იცვლება ამ შემთხვევაში?"

მკალავიშვილის ექსტრემიზმის ერთ-ერთ წყაროდ ქართველი ჟურნალისტების დამოკიდებულებაც იქცა. საქართველოს ტელეკომპანიები, ძირითადად, დარბევის ფაქტისა და მკალავიშვილის მუქარიანი კომენტარის ჩვენებით იფარგლებიან, მოვლენის აღწერისას კი მისივე ტერმინოლოგიით ოპერირებენ. 3 თებერვლის აქციის გაშუქების დროსაც ტელეკომპანია "რუსთავი 2-მა" საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი და ახალქართული ბიბლიის ერთ-ერთი მთარგმნელი მალხაზ სონღულაშვილი "იეჰოველთა ორგანიზაციისა" და "საგუშაგო კოშკის" დამფუძნებლად გამოაცხადა, განადგურებული ბიბლიები და სონღულაშვილის მიერ შედგენილი ბიბლიური მოთხრობები კი - "სექტანტურ ლიტერატურად". როცა მასმედია ფართოდ აშუქებს ექსტრემისტულ მოქმედებებსა და კომენტარებს, ხოლო დაზარალებულთა სატკივარს, მათთვის მიყენებულ ზარალსა თუ შელახული ღირსების გრძნობას ყურადღების მიღმა ტოვებს, იგი, ნებსით თუ უნებლიედ, ობიექტური ინფორმაციის გამავრცელებლის ნაცვლად, ექსტრემიზმის წამქეზებელი და თანამოაზრე ხდება.

რამდენიმე თვის წინ, როცა "რუსთავი ორმა" საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდა, საზოგადოებამ დაიცვა იგი და, მასთან ერთად, სიტყვის თავისუფლებაც. თავისუფლება იმას კი არ უყვარს, ვისაც იგი მხოლოდ თავისთვის უნდა, არამედ იმას, ვისთვისაც სხვისი თავისუფლებაც ძვირფასია. ამიტომ, ქართულმა საზოგადოებამ როგორც "რუსთავი ორი" დაიცვა, იგივე ევალება "რუსთავი ორსაც", როცა სხვათა თავისუფლების დაცვაზე მიდგება საქმე.
XS
SM
MD
LG