Accessibility links

logo-print

წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილების უმრავლესობა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკას


გიორგი კაკაბაძე, თბილისი წინა კვირის რუსეთის პრესაში გამოქვეყნებული წერილების უმრავლესობა აფხაზეთის კონფლიქტის პრობლემატიკას უკავშირდება.

1 თებერვლის გაზეთი “კომერსანტი” წერს, რომ წინა დღეს გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ სიტუაციას მიეძღვნა. უშიშროების საბჭოს წევრებმა მოითხოვეს, რომ თბილისმა კოდორის ხეობიდან ჯარები გაიყვანოს და რეგიონში მყოფი რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაგრძელებაზე დათანხმდეს.

გაზეთის თქმით, სამშვიდობო ძალების საკითხს განიხილავდნენ რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის, ვლადიმირ რუშაილოს თბილისში ამჟამინდელი ვიზიტის დროს. საქართველოს მხარე სთავაზობდა მას ამ ძალების გადაადგილებას აფხაზეთის ტერიტორიის სიღრმეში და მათ გამოყენებას გალის რაიონის ქართული მოსახლეობის დასაცავად. რუშაილომ უარი თქვა ამ წინადადებაზე, განაცხადა რა, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლისთვის აუცილებელია აფხაზური მხარის თანხმობა – ის კი უარზეა.

“კომერსანტი” შენიშნავს, რომ ამ მოვლენების ფონზე თბილისში მოუთმენლად ელოდნენ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას. გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტის ზონაში, დიტერ ბოდენმა შეიმუშავა დოკუმენტი თბილისსა და სოხუმს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის პრინციპების შესახებ, მაგრამ ეს დოკუმენტი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ განუხილავთ, რადგან აფხაზეთი, რომელიც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მიიჩნევს თავს, უარს ამბობს მის განხილვაზე. რუსეთმა უშიშროების საბჭოს წევრებს ურჩია, დაელოდონ კონფლიქტში დაპირისპირებულ მხარეთა მიერ პოზიციების განსაზღვრას.

პირველი თებერვლის “ნეზავისიმაია გაზეტა” რუშაილოს ვიზიტისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი თითქმის სამი საათის განმავლობში პირისპირ ესაუბრებოდა საქართველოს პრეზიდენტს. შემდგომ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე ედუარდ შევარდნაძემ გააკეთა იმგვარი შინაარსის განცხადება, რომ სამშვიდობო ძალების მანდატის შეწყვეტა მეტისმეტად გაამწვავებს სიტუაციას კონფლიქტის ზონაში და საქმე შეიძლება საერთო კავკასიურ ომამდეც კი მივიდეს.

წერილში ნათქვამია, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განკარგულებით, უახლოეს მომავალში საქართველოში რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტროს წარმომადგენლები ჩავლენ პანკისის ხეობაში მყოფი ათასობით ჩეჩენ დევნილთა პრობლემების შესასწავლად. გაზეთში აღნიშნულია, რომ ორი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მოილაპარაკეს პანკისის ხეობაში ერთობლივი ღონისძიებების გატარების შესახებაც.

რუშაილოს ვიზიტის შეფასებისას, “ნეზავისიმაია გაზეტა” წერს, რომ, როგორც ჩანს, თბილისმა მიიღო გადაწყვეტილება, ბუნებრივია, რაღაცის სანაცვლოდ. “შესაძლოა, ეს იყოს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა ან ორ ქვეყანას შორის არსებული სავიზო რეჟიმის შერბილება თუ გაუქმება”, – ვარაუდობს გაზეთი, რომელიც არ გამორიცხავს, რომ ყველაფერი დსთ-ს მარტის სამიტზე გაირკვევა.

პირველი თებერვლის გაზეთი “ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს ინტერვიუს სოხუმის მთავრობის პრემიერ-მინისტრ ანრი ჯერგენიასთან. იგი ამბობს, რომ აფხაზეთი არ შეცვლის პოზიციას რუსეთის სამშვიდობო ძალების მანდატის გაფართოებასთან დაკავშირებით, როგორც ამას თბილისში მოითხოვენ.

საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების სპეციალურ წარმომადგენლებთან დაკავშირებულ კითხვაზე ანრი ჯერგენიამ განაცხადა: "მოლაპარაკებებზე საუბარიც კი ზედმეტია, სანამ არ გადაწყდება კოდორის ხეობის საკითხი. ასლან აბაშიძესთან კონტაქტები ჯერ არ გვქონია. ჩვენ არ ვიცით, ვინ იქნება რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი და რა უფლებამოსილებები ექნება მას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ არ ვუკავშირებთ ერთმანეთს მოლაპარაკებების პროცესსა და პიროვნებებს. არსებობს აფხაზეთის, მისი ხალხის პოზიცია. ჩვენ არ ვაპირებთ საქართველოსთან არავითარ საუბარს უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე".

30 იანვრის “ვრემია ნოვოსტეი” ბეჭდავს ინტერვიუს საქართველოს პარლამენტის წევრთან მიხეილ სააკაშვილთან. “როგორ ფიქრობთ, რუსეთი დაგეხმარებათ აფხაზეთის დაბრუნებაში?”

ამ კითხვაზე მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა: "აჯობებდა, რომ ხელები დაემოკლებინათ იმ გენერლებისთვის, რომლებიც იქ იარაღით ვაჭრობისა და ნარკოტიკების კონტრაბანდის ოპერაციებში მონაწილეობენ. ეს უკვე რეალური მხარდაჭერა იქნებოდა. მაგრამ მე არ მგონია, რომ რუსეთი აფხაზეთს თავს მოახვევს ისეთ სცენარს, რომელიც სავსებით შეესაბამება საქართველოს ინტერესებს. იმის იმედად ყოფნა, რომ რუსეთი გვაჩუქებს მის მიერვე წართმეულ აფხაზეთს, უტოპიაა და სხვა არაფერი".
XS
SM
MD
LG