Accessibility links

იანვრის ბიუჯეტის შესრულების შედეგები


ისევე, როგორც გასული წლის თითქმის ყოველი თვის ბოლოს, 2002 წლის იანავრშიც ბიუჯეტი თითქმის, 97%-ით შესრულებულად გამოცხადდა.

თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ იანვარში საბიუჯეტო ორგანიზაციების ყველა თანამშრომელის ხელფასი გაიცა და ყველა პენსიონერმა მიიღო კუთვნილი თანხა. 2002 წლის პირველი თვის დავალიანებების გასტუმრებას სახაზინო დეპარტამენტი თებერვლის პირველ კვირაში გეგმავს. რა შემოსავლები მიიღო და რა ხარჯები გასცა იანვრის თვის საფინანსო გეგმამ, ამის შესახებ კახა მჭედლიძე გესაუბრებათ.

სახელმწიფო ბიუჯეტი თითქმის ყოველი თვის ბოლოს შესრულებულად ცხადდება ხოლმე, თუმცა, ამ შესრულების შედეგი წლის ბოლოს ნათლად ჩანს, როდესაც სეკვესტრის მექანიზმით ბიუჯეტის თითქმის განახევრება ხდება ხოლმე.

იანვრის თვის გეგმის საპროგნოზო მაჩვენებლები საგადასახადო სამსახურმა 101%-ით, ხოლო საბაჟო დეპარტამენტმა 95%-ით შეასრულა. საერთო ჯამში საგადასახადო შემოსავლებმა დაგეგმილის 98% შეადგინა. 30%-ანი ჩავარდნაა არასაგადასახადო შემოსავლებში. სრულად არ მიგვიღია გრანტები და საერთაშორისო ორგანიზაციების კრედიტები. ამიტომ საქართველოს მთავრობამ დეფიციტის დასაფინანსებლად ფული ეროვნული ბანკიდან ისესხა. იანვრის თვეში აღებული იქნა 1,3 მილიონი ლარის ოდენობის ერთწლიანი და 8 მილიონი - ხუთწლიანი კრედიტი.

4 თებერვალს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესახებ გავრცელებულ ოპერატიულ ინფორმაციაში წერია, რომ დოკუმენტში ტექნიკური მიზეზების გამო ასახვა ვერ ჰპოვა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მონაცემებმა. თუმცა, ეს პრობლემა ტექნიკურზე უფრო პოლიტიკური ხასიათისაა. სახაზინო სამსახურის უფროსმა დავით რამიშვილმა 4 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე მაინც დაასახელა ის თანხები, რაც ცენტრალურ ბიუჯეტს აჭარიდან ეკუთვნის. სავარაუდოდ, ეს 2 მილიონ 300 ათას ლარს შეადგენს. ამასთან, ტექნიკური მიზეზების გამო, ნავთობპროდუქტებიდან და თამბაქოს ნაწარმიდან იანვრის შემოსავლები თებერვლის ბოლოს გახდება ცნობილი. საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით კი: [რამიშვილის ხმა] „იანვრის თვე, როგორც საერთოდ ზამთრის ყოველი თვე, დაძაბული თვე არის. გამოირჩევა თავისი სიძნელეებით, მაგრამ ალბათ სასიხარულოა და არ შეიძლება კმაყოფილებით არ აღვნიშნოთ, რომ გეგმა შესრულდა სახელმწიფო ბიუჯეტისა მთლიანად, მათ შორის, ცენტრალური და ყველა ფონდის."

თუ რამიშვილმა იანვრის თვის ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი შესრულებულად გამოაცხადა, ამის თქმა უჭირს საფინანსო გეგმის გასავალ ნაწილთან დაკავშირებით. კერძოდ კი, დაუფინანსებელი დარჩა ძალოვანი სტრუქტურების ხელფასები 6 მილიონი ლარის ოდენობით და გარკვეული თანხები საპენსიო ფონდსაც დააკლდა. სახაზინო სამსახური ამ ვალდებულებების შესრულებას უახლოეს მომავალში გეგმავს. ხელფასები და პენსიები ბიუჯეტის დაცულ მუხლებად ითვლება და მათი შესრულება სხვა დავალებებზე უფრო პრიორიტეტულია, თუმცა, როგორც ყოველთვის, იანვრის თვეშიც საწინააღმდეგო მოხდა.

მაგალითად, პრეზიდენტის განკარგულებით საბიუჯეტო თანხიდან 72 ათასი ლარი გაიცა „პროფესიულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა შემოქმედებითი კავშირის" დასაფინანსებლად. ასევე, სააქციო საზოგადოება „ქართულ შაქარს" გადაერიცხა 2,1 მილიონი ლარი საგარეო ვალის ანგარიშში გადასაცემი პროდუქციის საწარმოებლად. სუბსიდია გაიცა ქართული ენერგეტიკის გადასარჩენად . კერძოდ, „თბილგაზს" 3,3 მილიონი ლარი გადაერიცხა თბილისის მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის შესაძენად. ასევე, ენერგეტიკის ბაზარს გადაეცა 1,5 მილიონი ლარი, თუმცა, რა მიზნებისთვის, სახაზინო დეპარტამენტის ანგარიშში არ არის აღნიშნული. დავით რამიშვილის განცხადებით: [რამიშვილის ხმა] „ენერგოსექტორის სუბსიდირება ძირითადად გვიწევს დეკემბერში იმ სიტუაციის შესანარჩუნებლად, რაც აუცილებელია, რომ ელემენტარულად დენი და გაზი მაინც იყოს თბილისში და მთელს საქართველოში."

ენერგეტიკის სუბსიდირებით ხელისუფლება სოციალურად გაჭირვებული ფენების რისხვის თავიდან აცილებას ცდილობს, რაც ნამდვილად არ ემუქრება ძალოვანი სტრუქტურების იმ თანამშრომელთა მხრიდან, რომელთა ხელფასების დაფინანსება პრიორიტეტად არ ჩაითვალა.
XS
SM
MD
LG