Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“კუდიანებზე ნადირობის” ახალი ვარიანტი


ჩვენი ყოველკვირეული პროგრამის, "ოქროს საუკუნის" დღევანდელი გადაცემის პირველ ნახევარში,

გავიხსენებთ პირველ ქართველ მოქანდაკე ქალს, ნინო წერეთელს, რომლის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. გადაცემის მეორე ნაწილში ვისაუბრებთ “კუდიანებზე ნადირობის” ახალ ვარიანტზე, რომელიც პოსტსაბჭოთა ეპოქის ქართული კულტურისთვისაა დამახასიათებელი.

ნინო წერეთლის შემოქმედებას დღეს იშვითად თუ იხსენებენ. ახალ თაობას ფაქტობრივად არ უნახავს პირველი ქართველი მოქანდაკე ქალის ნამუშევრები. იაკობ ნიკოლაძის მოწაფის მიერ 30-იან წლებში შექმნილი სკულპტურული პორტრეტები საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ხერხდება ამ ნამუშევრების ერთად თავმოყრა და გამოფენა. არადა გენდერული პრობლემების მიმართ დღევანდელი ქართული საზოგადოების ინტერესს თუ გავითვალისწინებთ, მოქანდაკე ქალის პორტრეტების ხილვამ, შესაძლოა, არაერთი სტერეოტიპი დაანგრიოს – აკვიატებული აზრისგან გაანთავისუფლოს ის, ვინც დღესაც ირწმუნება, რომ ქანდაკება “არ არის ქალის საქმე” და ისიც, ვინც საერთოდ ვერ ხედავს განსხვავებას ქალისა და მამაკაცის შემოქმედებას შორის.

ნინო წერეთელი 1939 წელს გარდაიცვალა, 37 წლის ასაკში. ამ ხნის განმავლობაში თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა ქალმა ბევრი რამ მოასწრო – სპექტაკლები გააფორმა, ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ქანდაკებები შექმნა, იმოგზაურა სვანეთში და იქვე დაასრულა სვანი ქალებისა და მამაკაცების პორტრეტები. ძირითადად თაბაშირსა და მარმარილოში მუშაობდა. იმხანად ძალზე პოპულარული, პროპაგანდისტული რელიეფები მას არ შეუქმნია, არც მონუმენტური ქანდაკება გამოუძერწავს, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ ჟანრზე იყო მაშინ ყველაზე დიდი მოთხოვნილება.

კოტე მარჯანიშვილის, სანდრო ინაშვილის, ირაკლი თოიძის სკულპტურული პორტრეტები, რომლებიც ნინო წერეთელმა 20-იანი წლების მიწურულს შექმნა, მოახლოებული ეპოქისგან, ამ ეპოქის შტამპებისგან ქართული ქანდაკების გადარჩენის უკანასკნელი ცდაა. ამ ნამუშევრებისთვის დამახასიათებელი გასაოცარი ინტიმურობა, ლირიკულობა სულ რამდენიმე წელიწადში განიდევნება ეროვნული ქანდაკებიდან. ნინო წერეთლის სტილს, რომელიც უთუოდ მისი მასწავლებლის, იაკობ ნიკოლაძის შემოქმედების გავლენით ჩამოყალიბდა, ფორმათა სირბილეს, განზოგადებას, ძერწვის ფრთხილ და დახვეწილ მანერას ქართველი მოქანდაკეები 50-იანი წლების ბოლომდე დაივიწყებენ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ისედაც რბილი მასალის, მარმარილოს ამგვარ "გამსუბუქებას", ჰაეროვნებას, “ქალურ ხელწერას” უწოდებენ... დამამცირებლად, რა თქმა უნდა... ფაქტია, რომ სტალინურ-პატრიარქალურ კულტურაში ადამიანური სისუსტის, დაუცველობის და, რაც მთავარია, ინდივიდუალურობის წარმოჩენას, დამახასიათებელს ნინო წერეთლის შემოქმედებისათვის, “საეჭვოდ” აღიქვამდა არა მარტო ხელისუფლება, არამედ თავად მხატვრებიც. იმ პერიოდში რბილად რომ ვთქვათ “დემოდედ” მიჩნეული ნინო წერეთლის სტილი, მოდაში მხოლოდ 60-იან წლებში შემოვა. თუმცა პოსტსტალინურ ეპოქაშიც კი, როცა არენაზე “ადამიანური ქანდაკების” პროპაგანდისტთა ახალი თაობა გამოვიდა, ნინო წერეთლის შემოქმედებას იშვიათად იხსენებდნენ ხოლმე. დღესაც, ქართველი მოქანდაკე ქალის 100 წლის იუბილეს ჯერჯერობით არავინ აღნიშნავს. ნიშნავს თუ არა ეს, რომ “ადამიანური კულტურა” საქართველოში ისევ “დემოდედ” ითვლება?

[მუსიკა]

ტრადიციულად, გასული წლის მიწურულს, ქართულ ჟურნალ-გაზეთებში დაიბეჭდა ე.წ. “წლის ფრაზები”. თუმცა პრესამ რატომღაც ყურადღება არ მიაქცია 21 დეკემბერს, სამთავრობო გაზეთ “საქართველოს რესპუბლიკაში” გამოქვეყნებულ ელბერტ ბატიაშვილის ვრცელ სტატიას “სტალინი და ქართველი ერი”. ჩვენი პროგრამა, “ოქროს საუკუნე’ წლის ფრაზებს სწორედ ამ წერილიდან ამოიღებდა. თუნდაც ავტორის ასეთ აღმოჩენას: “სტალინის პიროვნება თუ ჩვენი ინტელიგენციის ერთ ნაწილში შეჩვენებისა და სიძულვილის მუდმივ ასოციაციებს წარმოშობს, ხალხის ძირითად ნაწილში აღტაცებისა და სიყვარულის ობიექტია”... ან ეს ფრაზა ავიღოთ: “ქართველი ხალხი სოსო ჯუღაშვილს იხსენებს ეროვნული სიამაყის იმ გრძნობით, რომ იგი იყო ქართული ეროვნული პოტენციისა და ენერგიის, ნებისყოფისა და უნარის თავისებური გამოვლინება”. ამ “თავისებურ გამოვლინებას” წერილის ავტორი ასე ახასიათებს: “სტალინი ქართული გენიისა და ქართული კულტურის ღვიძლი შვილია და მის სახელს ქართველი ხალხი არასდროს დაკარგავს.”

სამთავრობო გაზეთში დაბეჭდილ ამ წერილს, გაზეთში, რომელიც ბიუჯეტიდან, ე.ი. ყოველი ჩვენგანის ჯიბიდან ფინანსდება, არც საზოგადოება “მემორიალი” გამოხმაურებია, არც ის ქართველი მწერლები, რომლებიც მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის მემკვიდრეობით ამაყობენ და “მედასავლეთეებს” და, შესაბამისად ანტისტალინისტებს, ეროვნული ღირებულებების ნგრევაში ადანაშაულებენ.

80-იანი წლების მიწურულს ხელისუფლებასთან დაახლოებული ქართული პრესა, მათ შორის “საქართველოს რესპუბლიკის” მამობილი, გაზეთი “კომუნისტი” გაშმაგებით ამტკიცებდა “სტალინი არ იყო ქართული ფენომენიო”. მაგრამ დღეს, როდესაც დასავლურმა ღირებულებებმა ამ ხალხს ძალაუფლების დაკარგვის საშიშროება შეუქმნა, სტალინი ისევ გახდა “ქართული გენის ღვიძლი შვილი”. სტალინიზმის, რელიგიურობისა და პატრიოტიზმის სიმბიოზი ეფექტიანი საშუალება გახდა სახელმწიფო-ბიუროკრატული სისტემის გასამყარებლად. ამ სისტემის სამსახურში კი ჩადგნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც წარმატებით ქმნიდნენ ქართულ საბჭოთა იდეოლოგიას.

პოლიტოლოგ ივლიანე ხაინდრავას აზრით, [ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ყველა უბედურება ჩვენთან კეთდება ისევ ქართველების ხელით და რაღაც დანაშაულის შეგრძნება ხომ უნდა იყოს. “კუდიანებზე ნადირობა” ამერიკაში...ვთქვათ, როდესაც პრობლემები ჰქონდათ მემარცხენეებს და ა.შ... მე არა მაქვს ერთმნიშვნელოვანი დამოკიდებულება... კომუნისტების მიმართ სიმპათია ნამდვილად არა მაქვს, ვერავინ ვერ დამაბრალებს. მაგრამ ამ “კუდიანებზე ნადირობაში” იყო რაღაც ჩემთვის მიუღებელივით... მაგრამ ჩვენს სინამდვილეში რა მოხდა იცით, ჩვენს სინამდვილეში “კუდიანებზე ნადირობას” პრაქტიკულად არ ჰქონდა ადგილი და კუდიანებმა დაიწყეს ეხლა ნადირობა... ეხლა ჩამშვებები, დამჭერები და დამხვრეტები საყვედურობენ დისიდენტებს, რომ მხოლოდ სამი წელი რატომ იჯექიო... როგორ თავდაყირაა ყველაფერი დაყენებული.”

გასულ წელს იმ ჟურნალ-გაზეთებში, რომელთა მესვეურები თავიანთ თავს პატრიოტებად და ეროვნული ფასეულობების დამცველებად ასაღებენ, ხშირად ქვეყნდებოდა ყოფილი პარტმუშაკების, კომპარტიის იდეოლოგების, “ცეკას კარის” ჟურნალისტების სტატიები. ამ ადამიანების უმრავლესობა აქამდე “გაყუჩებული” იყო. საზოგადოებას ეს ხალხი ჯერ უნდა დაევიწყებინა... და როცა დაივიწყა კიდეც, კომუნისტური იდეოლოგიის პროპაგანდისტები ახლა უკვე თავისუფალი ქართული პრესის სასურველ ავტორებად იქცნენ. პრინციპში ისინი არც შეცვლილან. დასავლეთს და დასავლურ ფასეულობებს იმხანდაც ებრძოდნენ და ამჟამადაც. თუმცა 70-იან, 80-იან წლებში მარქსისტულ-ლენინური, ახლა კი პატრიოტულ-მართლმადიდებლურ-სტალინური პოზიციიდან. როგორც ივლიანე ხაინდრავა აღნიშნავს [ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ესენი არ იცვლებიან... ჩვენთან არიან კარის პოეტები, თან ისე, რომ კარი იცვლება, მაგრამ პოეტი უმღერის, პოეტები უმღერიან... ჩვენთან არიან ამ კარის ისტორიკოსები, ჩვენთან არიან, არ ვიცი ცენზორები ვუწოდო, თუ რედაქტორები ვუწოდო, რომლებიც იგივე საქმიანობას ეწევიან, რასაც “84”-ში “სიმართლის სამინისტრო” ეწევა... ეს არის ჩვენი საზოგადოების მდგომარეობა, საზოგადოება არ შეცვლილა, საზოგადოება არ ჩამოყალიბებულა ნამდვილ საზოგადოებად.”

და თუ მართლაც ცდება ელბერტ ბატიაშვილი, თუ იგი თავისთვის სასურველს რეალობად ასაღებს, როცა ამტკიცებს, "სტალინი ხალხის ძირითად ნაწილში აღტაცებისა და სიყვარულის ობიექტიაო”, თუკი ხალხი ოდესმე მართლაც ჩამოყალიბდა საზოგადოებად, მაშინ “კარის იდეოლოგებს” ლუსტრაციის კანონი, და არა სახელმწიფო-ბიუროკრატული ტოტალიტარიზმი გაიყვანს გზაზე, რომელიც "ტაძრისაკენ მიდის". ივლიანე ხაინდრავას აზრით [ივლიანე ხაინდრავას ხმა] “ლუსტრაცია სულაც არ მოითხოვს სისხლის სამართლის დევნას, მაგრამ გარკვეულწილად ის ყველას მიუჩენს თავის ადგილს და გარკვეულწილად ართმევს “კუდიანებს” წესიერ ადამიანებზე ნადირობის შესაძლებლობას, ე.ი. ეს არის საზოგადოების თვითდაცვის აუცილებელი კომპონენტი, ვიდრე ეს საზოგადოება მართლაც საზოგადოებად ჩამოყალიბდება.”

მანამდე კი გირჩევთ, თვალი ადევნოთ ქართულ პრესას და თუ რომელიმე წერილის ავტორმა ეჭვი გაგიჩინათ დემოკრატიისა და ცივილიზაციის მიმართ, აუცილებლად მიაკითხეთ ბიბლიოთეკას და კომუნისტური ეპოქის ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული, ამ ავტორების ძველი წერილები წაიკითხეთ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG