Accessibility links

logo-print

რით და როდის დასრულდება ენგურის ხიდის აქცია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი როგორც ჩანს, 3 თებერვალს კანცელარიის შენობაში გამართული შეხვედრის მონაწილეებმა პოზიცია არ შეიცვალეს.

პრეზიდენტი შევარდნაძე გაეროს უშიშროების საბჭოს რიგით 29 რეზოლუციას ისტორიულს უწოდებს და აუცილებლად თვლის რუსეთის სამშვიდობო ნაწილებისთვის მანდატის გაგრძელებას აფხაზეთში. ენგურის ხიდის საპროტესტო აქციის საორგანიზაციო შტაბის წევრები კი კვლავ აცხადებენ, რომ არ შეწყვეტენ აქციას, სანამ რუსეთის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ კონფლიქტის ზონას.

ზუგდიდიდან მოსული ინფორმაციით, ენგურის ხიდზე საპროტესტო აქცია კი გრძელდება, მაგრამ სიტუაცია საკმაოდ მშვიდია. აქციის მონაწილეები თავისი წარგზავნილების დაბრუნებას ელიან, რათა პირველწყაროდან შეიტყონ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის ნიუანსები. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება, დასრულდება ენგურის ხიდის პიკეტირება თუ აქციის მონაწილეები კვლავაც იმავე პოზიციაზე დარჩებიან.

კვირას პრეზიდენტისგან გამოსული აქციის საორგანიზაციო შტაბის წევრები იმედგაცრუებას ვერ მალავდნენ. მათ ვერც პრეზიდენტის დარწმუნება შეძლეს რუსეთის სამშვიდობო ძალების აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან გაყვანის აუცილებლობაში და ვერც პრეზიდენტისგან მოისმინეს დამაჯერებელი არგუმენტები, ცისფერჩაფხუტიანების დარჩენის სასარგებლოდ.

ორშაბათის რადიოინტერვიუში პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოხატა ენგურის ხიდზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მისამართით და განაცხადა, რომ იზიარებს მათ ყველა მოსაზრებას ერთის გარდა - რომ კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანას არ მოჰყვება აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების განახლება:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "სამწუხაროდ, ორივე მხარეს არიან პროვოკატორებიც, გარკვეულად დაინტერესებული ადამიანები...და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველო და აფხაზი ხალხი ახალ, სისხლისმღვრელ ომში ჩაითრიონ. არა მარტო ორივე მხარეს, არამედ ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთაც."

პრეზიდენტ შევარდნაძის მინიშნება, თუ ვინ არის ქვეყნის გარეთ აფხაზეთში საომარი მოქმედებების განახლებით დაინტერესებული, საკმაოდ გამჭვირვალეა - მან მსმენელს შეახსენა, თუ ვინ, რომელი ქვეყნის ძალები იღებდნენ მონაწილეობას აფხაზეთის ომში. ძალზე საინტერესო მინიშნებაა. თუ აფხაზეთის ომისას პრეზიდენტ შევარდნაძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ პრეზიდენტ ელცინს სამხედროები ატყუენებ, საეჭვოა, იგივე არგუმენტი პრეზიდენტ პუტინის მისამართით დამაჯერებლად გამოიყურებოდეს...

ენგურის აქციის მხარდამჭერთა რაოდენობა კი უკვე თბილისურ პოლიტიკურ ძალებშიც მატულობს. 4 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე აქციის შტაბის წარმომადგენლებს მხარდაჭერა აღუთქვა ნაციონალურმა მოძრაობამ. მიხეილ სააკაშვილი დევნილებს რუსეთის სამშვიდობოების გაყვანის მოთხოვნის მხარდასაჭერად დეპუტატებზე ზემოქმედებასაც შეჰპირდა. როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესს" განუცხადა აქციის შტაბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ვახტანგ გამსახურდიამ, გამორიცხული არ არის, ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად აფხაზეთიდან სამშვიდობო ძალების გაყვანის მოთხოვნით აქციების თბილისში დაწყება.
XS
SM
MD
LG