Accessibility links

logo-print

არჩევნების თემა კვლავ აქტუალური ხდება


თამარ ჩიქოვანი, თბილისი უახლოეს ხანში არჩევნების თემა ისევ წამყვანი გახდება ქართულ პოლიტიკაში.

გარდა იმისა, რომ რამდენიმე დღეა, რაც სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები რუსთაველის პროსპექტზე რიგგარეშე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების მოთხოვნაზე ხელმოწერებს აგროვებენ, საგაზაფხულო სესიაზე პარლამენტს საარჩევნო კანონის ცვლილებებზე მსჯელობა ელის.

მართალი რომ ითქვას, რიგგარეშე არჩევნების იდეა არარეალურად გამოიყურება. თუნდაც იმიტომ,რომ რიგგარეშე არჩევნების წესს არც კონსტიტუცია და არც არანაირი კანონი არ განსაზღვრავს. დღევანდელი პარლამენტის მუშაობის "ოპერატიულობით" თუ ვიმსჯელებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოხდა სასწაული და მოგროვდა თვითლიკვიდაციის მომხრეთა აუცილებელი რაოდენობა, საკონსტიტუციო ცვლილებები დროში იმდენად გაიწელება, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების აუცილებლობა თავისთავად მოიხსნება დღის წესრიგიდან.

როგორც ჩანს, პარლამენტის საგაზაფხულო სესია საკმაოდ დატვირთული და ვნებათაღელვით სავსე იქნება. უახლოესი 4 თვის სამუშაო გეგმა პარლამენტის ბიუროს სხდომამ 5 თებერვალს განიხილა. საკითხები ბევრია და ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი. პარლამენტს საგაზაფხული სესიაზე მოუწევს საარჩევნო კანონის ცვლილებებზე მსჯელობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტართა უმრავლესობა ისევ ბოიკოტს გამოუცხადებს პარლამენტის მუშაობას, რადგან ძველი კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარებას დროის დაკარგვად მიიჩნევს. მნიშვნელოვანი იქნება თავად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლება მოვალეობებისა და არჩევითობის პრინციპზე შეთანხმებაც. როგორც გახსოვთ, საპარლამენტო უმრავლესობის არსებობისას, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა ოპოზიციის ინიციატივას, ქალაქების მერებისა და გუბერნატორების არჩევითობის შესახებ. მაშინ ამ ინიციატივას კატეგორიულად მიუღებლად მიიჩნევდა პრეზიდენტი შევარდნაძე. ახალ პირობებში დიდია ალბათობა, რომ პარლამენტმა მერებისა და გუბერნატორების არჩევნებთან დაკავშირებით პოზიცია შეცვალოს, რაც ადგილობრივ არჩევნებს საპარლამენტო არჩევნების გენერალური რეპეტიციის ფუნქციას დააკისრებს. თუმცა, თუ შარშან ნოემბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მიზეზს თუ საბაბს გავიხსენებთ, ნათელი გახდება, რომ პარლამენტს კიდევ ერთი მეტად მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებაზე მოუწევს ზრუნვა. როგორც გახსოვთ, ფრაქცია "ტრადიციონალისტების" ინიციტივით, პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ უკვე დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ქვეყნის რეგიონალიზმის საკითხის მოუგვარებლობის გამო გადადო 2002 წლის გაზაფხულისთვის. რეგიონალიზმთან დაკავშირებით კი, პარლამენტში ჯერჯერობით ერთგვაროვანი წარმოდგენა არ არსებობს, რაც ამ საკითხის განხილვებს სიმწვავეს ნამდვილად შემატებს.

ამის გარდა, არანაკლებ მტკივნეული და პრობლემური იქნება საპარლამენტო უმრავლესობის დაშლის შემდგომ შექმნილი რეალობის გათვალისწინებით, საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების კვოტირების განსაზღვრაც, რაც, შესაძლოა, პარლამენტში ახალი ინტრიგებისა და გულისდაწყვეტის მიზეზად იქცეს.
XS
SM
MD
LG