Accessibility links

logo-print

ნავთობპროდუქტების იმპორტთან დაკავშირებული პრობლემები


სიგარეტის იმპორტთან ერთად ნავთობპროდუქტების იმპორტიდან მიღებული შემოსავლები საქართველოს ბიუჯეტის ერთ-ერთი ძირითაი წყაროა.

მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ნავთობის იმპორტიორთა ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებს და მათ უამრავ ბიუროკრატიულ ბარიერს უქმნის. ეს კონტრაბანდას კიდევ უფრო ზრდის და საბიუჯეტო შემოსავლებს კი ამცირებს.

5 თებერვალს გამართულ პრესკონფერენციაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა საერთაშორისო ასოციაციამ ხელისუფლებისაგან დახმარება მოითხოვა. ასოციაციაში გაერთიანებულ 20-მდე კომპანიას, რომლებზეც მოდის საქართველოში ლეგალურად შემოტანილი ნავთობპროდუქტების საერთო მოცულობის 70%, ძირითადად საგადასახადო კოდექსის ხშირი ცვლილებები აწუხებთ.

გაუთავებელმა საკანონმდებლო შესწორებებმა რა შედეგი გამოიღო, ნათლად ჩანს ნავთობის იმპორტიორთა ასოციაციის მიერ გავრცელებული მონაცემებიდან. კერძოდ კი, თუ 1997 წელს საქართველოში 431 ათასი ტონა ბენზინის იმპორტი განხორციელდა, ამ ციფრმა ყოველწლიურად იკლო და 2000 წელს მხოლოდ 175 ათასი ტონა შეადგინა. მაშინ, როდესაც მისი მოხმარება დღითიდღე იზრდება, ხოლო ბენზინის ადგილობრივმა წარმოებამ უმნიშვნელოდ მოიმატა. საქართველოში შემოტანილი ბენზინის დიდი ნაწილი რომ კონტრაბანდულია, ეს მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც 2001 წელს დაბეგვრის სისტემა შეიცვალა. ფიქსირებული გადასახადის პირობებში ლეგალურად იმპორტირებული ნავთობპროდუქტების რაოდენობა გაიზარდა. მაგალითად, ბენზინის მოცულობამ 262 ათასი ტონა შეადგინა. ეს 2000 წლის მაჩვენებელს გაცილებით აღემატება, თუმცა, 2-ჯერ ნაკლებია 1997 წელს იმპორტირებულ პროდუქციაზე.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ, თუ ხელისუფლება საზღვრების გაკონტროლებას ვერ ახერხებს, პროდუქციის სააქციზო და სხვა სახის გადასახადი ისე მაინც უნდა შეამციროს, რომ ნავთობპროდუქტების კონტრაბანდამ აზრი დაკარგოს. ანუ, ნავთობის იმპორტიორი კომპანია „ეს-ტე-კას" დირექტორის ბიჭიკო სულაშვილის განცხადებით, გადასახადების გადახდის შემდეგ, პროდუქციის თვითღირებულება მეზობელ სახელმწიფოებში არსებულ ფასებს არ უნდა აღემატებოდეს. ეს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას შეუწყობს ხელს და არა შემცირებას.

[სულაშვილის ხმა] „უკვე ჩანს მონაცემებით, რომ ჩვენ 2001 წლისა და 2000 წლის მონაცემებს თუ შევადარებთ, იქ უკვე ზრდა არის. არავინ არ დაიჯეროს, რომ აქ რაღაცა ღონისძიებებია გატარებული, რომ კონტრაბანდა რაღაც სხვა მიმართულებით შემცირებულიყოს. ეს ჩვენი გათვლით და ჩვენი ანალიზით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკური მიმართულებით გატარებული ღონისძიების შედეგი."

იმპორტიორთა პოზიციისაგან განსხვავებით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია ნავთობპროდუქტების იმპორტზე არსებული გადასახადის გაზრდას მოითხოვს. სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შემოსავლების გაზრდა მხოლოდ ასეა შესაძლებელი. ასოციაციის წევრები თვლიან, რომ ჩვენი ხელისუფლება სავალუტო ფონდს გადასახადების ადმინისტრირებისა და საზღვრის კონტროლის სფეროში არსებულ პრობლემებს უმალავს, შესაბამისად, ფონდის ექსპერტები ბიუჯეტის შესრულების მხოლოდ ერთ გზას გადასახადების მატებას გვთავაზობენ.
XS
SM
MD
LG