Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ჰპირდება 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მიუსაფარ ბავშვებს


ერთნი ამტკიცებენ, რომ ახლანდელი (ბედის ანაბარად მიტოვებული) მოზარდებისგან საქართველო მომავალში ცუდის მეტს არაფერს უნდა ელოდოს;

მეორენი კი ამ საკითხის ასე ტრაგიკულ ჭრილში განხილვას გადაჭარბებულად მიიჩნევენ. თუმცა, არც ისინი უარყოფენ, რომ ახალგაზრდების საზოგადოებასთან ადაპტირების პრობლემამ ბოლო წლებში მართლაც სერიოზული სახე მიიღო.

"მაწანწალა ბავშვების შიშით ქუჩაში წესიერად ვეღარ გამივლია. როდესაც ადამიანს ფულს ვერ მისცემ და თავად ეცდება ჯიბეში ხელი ჩაგიყოს, ეს ნამდვილი ყაჩაღობაა. მითხარით ერთი, რა უნდა გამოვიდეს ასეთისგან?!" - ბრაზიანი ტონით კითხულობს ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი, 60 წლის მამაკაცი და დარწმუნებულია, რომ, თუკი დროზე არ ავმოქმედდით, საქართველოს მომავალი ყაჩაღების ხელში აღმოჩნდება. სხვათა შორის, ამ აბსტრაქტულ "ამოქმედებაზე" საქართველოში სახელმწიფო დონეზეც საუბრობენ, მაგრამ მხოლოდ საუბრით გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. მიუსაფარ მოზარდთა პრობლემასთან შებრძოლების მცდელობა ბოლო წლებში მხოლოდ არასამთავრობო სექტორმა გამოამჟღავნა და კონკრეტულ შემთხვევებში წარმატებით გაართვა კიდეც თავი, მაგრამ, მეთვალყურეთა თქმით, პრობლემის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

სახელმწიფო კი "ქუჩის ბავშვების" პრობლემას მხოლოდ ეგრეთ წოდებული ბავშვთა გამანაწილებლების მექანიზმით უპირისპირდება. სქემა მარტივია, საშოვარზე გამოსულ, მაწანწალა ბავშვებს პოლიციის თანამშრომლები მიაბრძანებენ სპეციალურ გამანაწილებლებში (რაიონების მიხედვით), სადაც მათი ვინაობა და წარმომავლობა უნდა დადგინდეს. თუ აღმოჩნდა, რომ იქ მოხვედრილ ბავშვს მეურვე არ ჰყავს, მაშინ ის რომელიმე ბავშვთა სახლში ან სკოლა-ინტერნატში უნდა გადაგზავნონ. თუმცა, როგორც რეალობა ადასტურებს, "ქუჩის ბავშვთა" უმრავლესობას ერთ-ერთი მშობელი მაინც ჰყავს და ამიტომ მათ "გამანაწილებლებიდან" ოჯახში, ანუ, პრაქტიკულად, კვლავ ქუჩაში აბრუნებენ. რადგანაც, ხშირ შემთხვევაში, საშოვარზე ბავშვებს თავად მშობლები აგზავნიან ხოლმე. დღეს ვერსად და ვერავინ დაგისახელებთ, ზუსტად რამდენი მაწანწალა ბავშვია, ვთქვათ, იმავე თბილისში.

ხოლო რაც შეეხება სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ ბავშვებს, მათი რიცხვი (განათლების სამინისტროს მონაცემებით) 4534-ს შეადგენს და ისინი, საქართველოს მასშტაბით, 39 ინსტიტუციონალურ დაწესებულებაში ცხოვრობენ. აქვე ვიტყვი, რომ ხსენებულ 39-ში 12 ბავშვთა სახლი, 13 სკოლა-ინტერნატი და 14 განსაკუთრებული რეჟიმის სკოლა-ინტერნატი იგულისხმება. წლევანდელი სახელმწიფო ბიუჯეტი (შარშანდელის მსგავსად) თითოეული ბავშვის კვებისათვის ყოველდღიურად ლარსა და 80 თეთრს ანგარიშობს. თუმცა, განათლების სამინისტროს სკოლამდელი აღზრდის, საშუალო განათლებისა და ბავშვთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის, მერაბ სანიკიძის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების წყალობით, (ბიუჯეტის მიერ ნაანგარიშევი) ლარისა და 80 თეთრის გაზრდა 2 ლარსა და 20 თეთრამდეც ხერხდება. მაგრამ, თურმე, არც ეს არის საკმარისი. დიღმის ბავშვთა სახლის დირექტორი, ნონა მაღრაძე დარწმუნებულია, რომ თითოეული ბავშვის 4-ჯერადი კვებისთვის ყოველდღიურად 3 ლარი მაინც არის საჭირო. მაგრამ, ამ არითმეტიკის მიუხედავად, დირექტორი მაინც მიიჩნევს, რომ ბავშვებთა კვების რაციონი საკმაოდ მდიდარია და რომ მათ კვირაში 4-ჯერ ხორციან კერძსაც უპრობლემოდ უმზადებენ.

მძიმე პირობების მიუხედავად, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში არაფერია ნათქვამი ბავშვთა ინსტიტუციონალური დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების თაობაზე და ამისთვის, შესაბამისად, არც თანხებია გათვალისწინებული. თუ არ ჩავთვლით ევროსაბჭოს სასურსათო პროგრამის ფარგლებში გამოყოფილ მილიონ ლარს, რომელიც სწორედ ზემოხსენებულ მიზნებს უნდა მოხმარდეს. როგორც მერაბ სანიკიძე აღნიშნავს, ევროსაბჭოს წლევანდელი გრანტის განკარგვის პროექტი უკვე პარლამენტშია შეგზავნილი. შარშან გამოყოფილი იმავე ოდენობის თანხიდან კი, 900 ათასი ლარი მიუსაფარ ბავშვთა სახელმწიფო დაწესებულებების კეთილმოწყობისთვის, ხოლო 100 ათასი ლარი, თურმე, სკოლა-ინტერნატდამთავრებულ ბავშვთა ფასიანი განათლებისთვის გამიზნულა.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG