Accessibility links

logo-print

პოლიტიკოსები და პოლიტიკური ორგანიზაციები დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას მოითხოვენ


ქართველი პოლიტიკოსების მოსაზრებით, ჩვენს ქვეყანას 235 დეპუტატისგან დაკომპლექტებული პარლამენტი არ სჭირდება.

დეპუტატთა რაოდენობის შემცირების მიზნით, მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის აუცილებელი იქნება საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება. გასულ კვირაში დეპუტატთა რაოდენობის შემცირების ინიციატივით ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოვიდა. ამ დღეებში კი დეპუტატთა კორპუსის შემცირების აუცილებლობაზე პარლამენტის თავმჯდომარემაც ისაუბრა. რატომ გახდა აქტუალური ამ თემაზე მსჯელობა?

კონსტიტუციის მიხედვით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 235 დეპუტატი უნდა მუშაობდეს. თუმცა, როგორც ცნობილია, საქართველოს პარლამენტი დეპუტატთა სიჭარბეს განიცდის. დღემდე გაურკვეველია ორი ზედმეტი დეპუტატის საკითხი და ამის გამო, პარლამენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს. ზედმეტი დეპუტატების საკითხზე მსჯელობა მრავალჯერ ყოფილა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. როგორც ჩანს, ეს პარლამენტი უფლებამოსილების ვადას ზედმეტი დეპუტატებით ამოწურავს.

პარლამენტში ფუნქციონირებს 16 კომიტეტი და 14 ფრაქცია. მართალია, უმრავლესობის რღვევის შემდეგ, კომიტეტების შემცირების მიზნით, დღის წესრიგში დადგა საპარლამენტო კომიტეტების გადანაწილების საკითხი, ირკვევა, რომ კომიტეტების შემცირება ვერ მოხერხდება. მიზეზი ის გახლავთ, რომ ისინი თავის დროზე პარლამენტის უფლებამოსილების ვადით შეიქმნა. მოკლედ, 235 -ზე მეტი კაცისგან დაკომპლექტებულმა დეპუტატთა კორპუსმა მუშაობა არსებულ რეჟიმში უნდა გააგრძელოს. სიახლე ის არის, რომ დეპუტატებს, რომლებიც საკომიტეტო და პლენარულ სხდომებს ხშირად გააცდენენ, ხელფასიდან 122 ლარი დაექვითებათ. ვერ გეტყვით, რამდენად ეფექტური აღმოჩნდება ასეთი სადამსჯელო ოპერაცია. ხელფასის დაქვითვის წესის შემოღებით მოხერხდება თუ არა კვორუმის პრობლემის გადაწყვეტა, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოშო საკმაო რაოდენობით არიან დეპუტატები, რომელთა შესახებაც საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის. რომლებსაც, კაცმა არ იცის რისთვის და რატომ მიენიჭა ხალხის რჩეულის საპატიო წოდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, დეპუტატთა რაოდენობის შემცირების მოთხოვნა უსაფუძვლოდ არ გამოიყურება.

"იმისათვის, რომ არც თუ საჭირო დეპუტატები ბიუჯეტს ზედმეტ ტვირთად არ აწვნენ, საქართველოს პარლამენტი კი გაცილებით ნაყოფიერად მუშაობდეს, დეპუტატთა რაოდენობის შემცირებაა საჭირო." - სხვადასხვა მიმართულების პოლიტიკური ორგანიზაციები ამ მოსაზრებას თითქმის ერთსულოვნად იზიარებენ. დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას უჭერენ მხარს: ლეიბორისტები, "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრები, პოლიტიკური ორგანიზაციები "ერთობა" და "მხედრიონი". დეპუტატთა კორპუსის შემცირების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეც. მისი აზრით, საქართველოს პარლამენტში 235 - ის ნაცვლად 100-115 დეპუტატი უნდა იყოს წარმოდგენილი.

ცნობისათვის: მოსახლეობის რაოდენობის თვალსაზრისით საქართველოს მსგავს ქვეყნებში, მაგალითად: სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბალტიისპირა ქვეყნებში, დეპუტატთა რაოდენობა 150 - ს არ აღემატება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2003 წელს ჩატარდება. რას ავირჩევთ, 235 თუ 115 დეპუტატისგან შემდგარ პარლამენტს, იმაზეა დამოკიდებული, შევა თუ არა კონსტიტუციაში ცვლილებება, რომელიც დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას გამოიწვევს.
XS
SM
MD
LG