Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასჯელაღსრულების სისტემის ახალი უფროსი დარწმუნებულია, რომ კადრები წყვეტენ ყველაფერს


სასაჯელაღსრულების დეპარტამენტის ახალი უფროსი პაატა მხეიძე, რომელიც იუსტიციის მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე 14 იანვარს დაინიშნა,

სისტემაში შექმნილი ურთულესი პრობლემების მოწესრიგებას არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით აპირებს. პენიტენციური სისტემის მონიტორინგის დამოუკიდებელი საბჭოს წევრებთან 5 თებერვალს გამართულ შეხვედრაზე, პაატა მხეიძემ განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მისთვის ერთ-ერთ გლობალური პრობლემა სასჯელაღსრულებითი სტრუქტურების შესაბამისი კადრებით დაკომპლექტებაა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ საერთაშორისო დახმარების მოზიდვისა და სისტემური რეფორმის განხორციელების გარშე, შეუძლებელი იქნება პენიტენციურ დაწესებულებებში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემების გადაჭრა.

სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის უფროსის პაატა მხეიძის ბედს ძნელად თუ ვინმე ინატრებს საქართველოში.
კონტროლის პალატის მიერ სასჯელთა აღსრულების დეპარტამენტში შარშან ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ პენიტენციური სისტემა უმძიმესი ფინანსური პრობლემის წინაშე დგას. შარშანდელი საფინანსო წელი სისტემამ 5.335. 000 ლარიანი კრედიტორული დავალიანებით დაასრულა. აქედან თითქმის ნახევარზე მეტი ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა კომუნალურ გადასახადებზე მოდის, ხოლო 1.339.200 ლარი - თანამშრომელთა სახელფასო დავალიანებაზე. სახელმწიფოს მხრიდან იუსტიციის სამინისტროს ხარჯების დაუფინანსებლობამ კატასტროფულად გააუარესა პატიმართა სურსათ-სანოვაგით უზრუნველყოფა.
და, როგორც თავად იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, თუ ციხეებში მშიერ პატიმართა ბუნტი არ იწყება, ეს მთლიანად "შავი სამყაროს" მკაცრ ტრადიციებზე დამყარებული თვითორგანიზების დამსახურებაა.

აღსანიშნავია, რომ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის წინაშე მდგარ პრობლემებზე, გასულ კვირას უშიშროების საბჭოზეც იმსჯელეს. მაგრამ იმ პირობებში, როცა ქვეყანა მინიმალურ დონეზეც ვერ უზრუნველყოფს სამხედრო ძალებს, ძალზე საეჭვოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დამატებითი ასიგნება გამოძებნოს 9800 პატიმრის პირობების გასაუმჯობესებლად.

ამ სიტუაციაში ერთადერთი, რისი შეცვლაც პაატა მხეიძეს შეუძლია, გამოთავისუფლებული საშტატო თანამდებობების დაკომპლექტებაა. თუმცა, არც ამ კოსმეტიკური ცვლილების განხორციელება აღმოჩნდა იოლი. კერძოდ, პენიტენციურ სისტემაში პროკურატურის კადრების დაწინაურებას დამოუკიდებელი საბჭოს მხრიდან მძაფრი დაპირისპირება მოჰყვა. მაგრამ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელს ეყო გონიერება, რათა არ გაემწვავებინა ეს დაპირისპირება და ამ საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებთან სერიოზული კონსულტაციებიც წამოეწყო.

[პაატა მხეიძის ხმა] "თქვენ დამისახელეთ სამი კაცი, ვინც თავს გაართმევს ჩემი პირველი მოადგილის, რუსთავის ნომერ მეორე კოლონიის, რუსთავის ნომერ პირველი კოლონიის ხელმძღვანელობას და მე ამას მივიღებ უპირობოდ და მოვახერხებ იმას, რომ მინისტრთან შევათანხმო ეს საკითხები".

თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებისთვის" თავმჯდომარემ გელა ნიკოლაიშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, შესაფერისი კადრების მოზიდვა ურთულეს პრობლემას წარმოადგენს.
[გელა ნიკოლაიშვილის ხმა] "მაგრამ, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, მასობრივად ასეთი ჩვენ არც კანდიადატები გვყავს და ვერც თავს დავდებთ, თუნდაც რამდენიმე ათეული კაცის შეთავაზებით, მაგრამ თითო-ოროლა კანდიდატურა, თუნდაც რამდენიმე ათეული კანდიდატურა, ჩვენ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია შევთავაზოთ".

გარდა კადრების სწორად შერჩევისა, სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე იმ მსჯავრდებულთა შეწყალების წინადადებით გამოდის, რომლებიც მძიმე სენით სასჯელის მოხდის ადგილებში დაავადდნენ. პაატა მხეიძე იმედოვნებს, რომ მას არასამთავრობოები იმ პროგრამის განხორციელებაშიც დაუჭერენ მხარს, რომელიც საპატიმრო ადგილებში საწარმოების აღდგენასა და პატიმართა დასაქმებას ითვალისწინებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG