Accessibility links

logo-print

ერაყმა გაეროს ”დიალოგის დაწყება” შესთავაზა


ანდრო ეული, პრაღა ვაშინგტონის მხრიდან სულ უფრო მზარდი მუქარის ფონზე, ერაყმა წინაპირობების გარეშე დიალოგის დაწყება შესთავაზა გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს.

ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ეს წინადადება ანანს გადასცა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ, რომელიც ახლახან ეწვია ბაღდადს.


ჯერჯერობით არაა ცნობილი რა კუთხით წარიმართება ნავარაუდევი ”დიალოგი” და დააბრუნებს თუ არა ბაღდადი, სამწლიანი შუალედის შემდეგ, ქვეყანაში გაეროს განიარაღების ექსპერტებს. ხოლო იმ დროს, როცა ამრ მუსა ბაღდადის ახალ ინიციატივას აცნობდა გაეროში კოფი ანანს, ერაყის ვიცე-პრეზიდენტი, თაჰა იასინ რამადანი რუსეთის გაზეთ ”ვრემია ნოვოსტეისთვის” მიცემულ ინტერვიუში სავალალო შედეგებით დაემუქრა შეერთებულ შტატებს, თუ ეს უკანასკნელი არ შეწყვეტს ”ერების დამონებასა და სხვა ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევას”.

იასინ რამადანმა არა პრეზიდენტი პუტინი, არამედ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გაკიცხა იმაში, რომ მოსკოვი ვაშინგტონის პოზიციას მიემხრო უშიშროების საბჭოში, როცა დღის წესრიგში ერაყის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების რეჟიმის შეცვლა დადგა. ახალი რეჟიმის თანახმად, რომელიც ივნისში შევა ძალაში, ეკონომიკური სანქციების გასაუქმებლად ბაღდადმა გაეროს განიარაღების კომისიას უნდა წარუდგინოს თავისი შეიარაღების დეტალური პროგრამა.

თაჰა რასინ რამადანმა განაცხადა, რომ თუ ერაყის წინააღმდეგ ახალი სანქციები იქნება მიღებული, ”ამით, პირველ რიგში, რუსი ბიზნესმენები დაზარალდებიანო”. როგორც გაზეთი ”ნიუ იორკ ტაიმსი” შენიშნავს, რამადანის ეს განცხადება კრემლისთვის იყო გამიზნული იმასთან დაკავშირებით, რომ შეხვედრაზე, რომელიც ამ კვირაში გაიმართება ჟენევაში, შეერთებული შტატებისა და რუსეთის დელეგაციებმა უნდა დააზუსტონ არასამხედრო დანიშნულების იმ საექსპორტო ნაწარმის სია, რომელიც ბაღდადისათვის გახდება ხელმისაწვდომი, თუკი ერაყში გაეროს განიარაღების ექსპერტები დაბრუნდებიან.

თეთრი სახლის ადმინისტრაციას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ მას შემდეგ, რაც განიარაღების ექსპერტებმა 1998 წელს დატოვეს ეს ქვეყანა, ერაყი განაგრძობს მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებას იმ რაიონებში, რომლებიც გაეროს განიარაღების კომისიას არ შეუმოწმებია.

გაეროს პასუხი ერაყის ინიციატივაზე რამდენადმე თავშეკავებული იყო. როგორც ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, კოფი ანანს ერაყელებთან ფართომასშტაბიანი მოლაპარაკების დაწყება არ უჩქარია, და თუ წავა კიდეც ამგვარ დიალოგზე, პირველ რიგში გაეროს განიარაღების კომისიის ერაყში დაბრუნებას მოითხოვს. ამიტომაც იყო, რომ ამრ მუსასთან შეხვედრაზე დასასწრებად კოფი ანანმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, ჰანს ბლიცი მიიწვია.

შეგახსენებთ, რომ უშიშროების საბჭომ ერაყის წინააღმდეგ სანქციები მას შემდეგ მიიღო, რაც 1990 წლის აგვისტოში ბაღდადმა შეიარაღებული აგრესია განახორციელა მეზობელ კუვეიტში. ხოლო როცა გაირკვა, რომ სანქციებმა უმძიმესი პირობები შეუქმნა მშვიდობიან მოსახლეობას, გაერომ, ჰუმანიტარული მოსაზრებით, ნება დართო ერაყს, შეზღუდული მოცულობით გაყიდოს მსოფლიო ბაზარზე ნავთობი, ხოლო მიღებული თანხა, გაეროს ზედამხედველობით, მხოლოდ სურსათისა და მედიკამენტების შეძენას მოახმაროს.
XS
SM
MD
LG