Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა როლს ასრულებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესში


სოზარ სუბელიანი, თბილისი უმცირესობებთან ურთიერთობა საქართველოს სახელმწიფოს ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ პრობლემად იქცა.

ვერც ეთნიკურმა და ლინგვისტურმა უმრავლესობამ - ქართველობამ და ვერც რელიგიურმა უმრავლესობამ - მართლმადიდებელმა ეკლესიამ და მისმა მრევლმა ვერ შეძლო უმცირესობებთან საურთიერთო იმ ენის გამონახვა, რომელიც ყველას -უმცირესობებსაც და უმრავლესობასაც ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობისა და განმტკიცების პროცესში ჩააბამდა. უკმაყოფილება საკუთარი უფლებების დარღვევის გამო და პროტესტი იმ სახელმწიფოს მიმართ, სადაც მათი ღირსეული არსებობა არ არის გარანტირებული, უმცირესობათა თითქმის ყველა ჯგუფში იგრძნობა. არადა, თუ ნებისმიერი მოქალაქე თავს ამ ქვეყნის სრულუფლებიან წევრად არ იგრძნობს და, შესაბამისად, თავის შესაძლებლობებსაც მისი აღმშენებლობისკენ არ მიმართავს, საქართველო კიდევ დიდხანს დარჩება ნახევრად ჩამოუყალიბებელ სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად, რომელსაც დიდი მომავალი არ უწერია.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შანსი და პოტენციალი, გადამწყვეტი როლი შეასრულოს ქართული სახელმწიფოს შექმნის პროცესში. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას: საქართველოს ეკლესიას რომ თავისი ძალისხმევა სწორად წარემართა, დღეს ქვეყნის მოსახლეობას თვისობრივად სხვა სახელმწიფოში მოუწევდა ცხოვრება. ამის თქმის საფუძველს იძლევა ის გავლენა და ავტორიტეტი, რომლითაც ეკლესია სარგებლობს როგორც საზოგადოებაში, ისე ხელისუფლებაში.

ეკლესიისთვის არ არის და არც შეიძლება იყოს სულერთი, რა პირობებში მოუწევს მოღვაწეობა, როგორ იქნება მოწყობილი ის სახელმწიფო, სადაც უხდება არსებობა, როგორი ხელისუფლება მართავს ქვეყანას და როგორ ცხოვრობს ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე - არა მხოლოდ კონკრეტული მრევლი, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რადგან ყოველი მათგანი თავის თავში ატარებს ღვთის ხატებასა და მსგავსებას.

საქართველოს ეკლესიის ისტორია ქვეყნის ისტორიისგან განუყოფელია. შესაბამისად, ეკლესია გრძნობს არა მხოლოდ საკუთარ დამსახურებას ქვეყნის ისტორიაში, რაც საქართველოს კონსტიტუციითაც არის აღიარებული, არამედ პასუხისმგებლობას ქვეყნის აწმყოსა და მომავლის წინაშე: ეკლესიას აქვს სურვილი, აქტიურად ჩაერთოს ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, რის შესახებაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორესაც არაერთხელ განუცხადებია: [კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ხმა] "ჩვენ გამოვიარეთ კომუნისტური რეჟიმის ისეთი 70 წელი, როცა ხელოვნურად იყო შეზღუდული საქართველოს ეკლესია საბჭოთა კავშირში და ახლა ჩვენ გვინდა, რომ ეკლესია მაქსიმალურად ამოუდგეს მხარში ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ერს".

პატრიარქის სულისკვეთებას საქართველოს ეკლესიის თითქმის ყველა წევრი იზიარებს - მთელი იერარქიული კიბე მრევლიდან მღვდელთმთავრებამდე. ოღონდ, "მხარში ამოდგომის" სურვილი ხშირად დომინანტი ერისა და რელიგიისთვის განსაკუთრებული უფლებების მინიჭებისა და სხვათა შეზღუდვის მოთხოვნამდე დადის. რასაკვირველია, ამ სურვილს ყველა ისეთი ფორმით არ გამოხატავს, როგორც ამას მთავარეპისკოპოსი ათანასე ჩახვაშვილი აკეთებს, მაგრამ მის შეხედულებას ბევრი იზიარებს: [მთავარეპისკოპოს ათანასე ჩახვაშვილის ხმა] "ჩვენი სარწმუნოება არის ჩვენი სამშობლო - საქართველო. ქართველი ნიშნავს ქრისტიანს, ქრისტიანი ნიშნავს ქართველს! რად გვინდა ჩვენ შემოსული რელიგიები, რაში გვჭირდება?"

ამგვარი განწყობის პირდაპირი შედეგია ის ცინიზმი, რომლითაც რელიგიური უმცირესობების უფლებებს არღვევს სახელმწიფო თუ მართლმადიდებლობის სახელით მოქმედი ცალკეული მარგინალური დაჯგუფება. საპატრიარქო მსგავს დარღვევებზე ან რეაგირებას არ ახდენს, ან მისი პროტესტი საკმაოდ რბილი და ორაზროვანია ხოლმე, რაშიც შინაგანი განწყობა ჩანს. პირად საუბრებში, როცა ეკლესიის რომელიმე წევრი უმცირესობათა უფლებებს იცავს, მას არცთუ იშვიათად უხდება ასეთი კომენტარის მოსმენა: ჩვენ ხომ ვიცით, ახლა მოდაშია ასეთი ლაპარაკი, თორემ, სინამდვილეში, შენც ჩვენსავით ფიქრობ და უმცირესობების შევიწროება შენც გიხარიაო.

ეკლესიური საზოგადოების მეორე ნაწილი, მთავარეპისკოპოს ათანასეს მსგავსად, მკვეთრ განცხადებებსაც არ ერიდება: [მთავარეპისკოპოს ათანასე ჩახვაშვილის ხმა] "რატო ამბობენ, რომა ქრისტე შემწყნარებლობითია? რა შემწყნარებლობითია! შემწყნარებლობითი კი არა, სიცილში წარვწყმედო ამ ეშმაკებსაო, სიცილში წარვწყმედო. მშვიდობიანი ფორმით არ გვინდა ჩვენ, ომით უნდა გამოვხატოთ. არავითარი მშვიდობიანი ფორმით. არაფერი მშვიდობიანი ფორმა მაგათ არაი შველით! იდეოლოგიური სიწყნარე მანდ არ შეიძლება, აუცილებლივ უნდა ვიომოთ. უნდა გავწყვიტოთ ეგენი. მორჩა, წავიდა!"

მთავარეპისკოპოსი ათანასე საქართველოს ეკლესიაში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. იგი სადაც მოისურვებს, იმ ეპარქიის წინამძღოლად ინიშნება ხოლმე, აქტიურად გულშემატკივრობდა გურამ შარაძეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ბრძოლაში და ხმამაღლა გამოხატავს სიმპათიას ბასილ მკალავიშვილის მიმართ: [მთავარეპისკოპოს ათანასე ჩახვაშვილის ხმა] "მკალავიშვილი ვაჟკაცურად იქცევა, ვენაცვალე მაგი ღვდლობაი… ეგ გაგდებული არა გვყავ, აბა ვაგდებ? მე ვარ, რაცა ვარ… საქართველოში. არ კი ვაგდებ, ვაჯილდოებ მე მაგაი, მაშ!"

საქართველოს ეკლესიურ საზოგადოებაში მყარად არის ფესვგადგმული შეხედულება, თითქოს უმცირესობების არსებობა საფრთხეს უქმნის ქვეყნის მთლიანობას და სიმტკიცეს, რაც, უკეთეს შემთხვევაში, მათი უფლებების მიმართ ინდიფერენტულ დამოკიდებულებას იწვევს. საქართველოს ეკლესია რომ აქტიურად იცავდეს ადამიანისა და უმცირესობათა უფლებებს, ეს არა მხოლოდ ცალკეულ უფლებადარღვეულთა მდგომარეობას გააუმჯობესებს, არამედ ქვეყნის მთლიანობასაც განამტკიცებს და ეკლესიის ავტორიტეტსაც გაზრდის, რადგან საქართველოს ეკლესია ბუნებრივად გახდება ყველა იმ ადამიანის შემწე და თავშესაფერი, ვისაც თანადგომა სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, დადგება დრო, როცა თავად ეკლესიის შევიწროებაც დაიწყება. [ეპისკოპოს მალხაზ სონღულაშვილის ხმა] "ერთი გერმანელი პასტორი, აღარ მახსოვს, რა ერქვა, ამბობდა: როდესაც გერმანელები ხან კომუნისტებს დევნიდნენ, ხან - ებრაელებს, ხან - მემარცხენეებს და ხან - მემარჯვენეებს, მე ყოველთვის ჩუმად ვიყავიო; ერთი დააპატიმრეს - ჩუმად ვიყავიო, მეზობელი დააპატიმრეს - ჩუმად ვიყავიო, მეორე მეზობელი დააპატიმრეს, ებრაელი იყო - ჩუმად ვიყავიო, მესამე მეზობელი დააპატიმრეს რაღაცა მიზეზის გამო - ჩუმად ვიყავიო… მერე, როცა მე მომაკითხეს დასაპატიმრებლად, ხმის ამომღები არავინ იყოო. საქმე ის არის, რომ ჩვენი საზოგადოების ყველა ფენამდე მიაღწევს ეს დევნა. დღეს თუ ამას განიცდიან რელიგიური თემები საქართველოში, ხვალ ამას განიცდის ინტელიგენცია, განათლების სფერო, კულტურის სფერო და მაშინ უკვე ხმის ამომღები არავინ იქნება."

ამ სიტყვებს ბაპტისტურ-ევანგელისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი ამბობს, რომელიც თავადაც განიცდის დევნას. რაც შეეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, იგი დევნის შეწყვეტის ნაცვლად, პერიოდულად ითხოვს "ტოტალიტარული სექტების" შეზღუდვას, თუმცა, არ აზუსტებს, რომელი სექტებია ტოტალიტარული.

ილია მეორე მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ რელიგიათშორის ფორუმში, სადაც მან კვლავ იმ საფრთხის შესახებ ისაუბრა, რომელსაც "ტოტალიტარული სექტები" ქმნიან. არადა, ფორუმის შემაჯამებელი დოკუმენტი აქცენტს სრულიად სხვა ღირებულებებზე აკეთებდა. კერძოდ, მასში ნათქვამია - ციტატა - "ჩვენ არ ვამბობთ უარს ჩვენს უფლებასა და მოვალეობაზე - მორალური შეფასება მივცეთ ხელისუფალთა მოქმედებებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ სახელმწიფოთა ძალისხმევას, განამტკიცონ შემწყნარებლობა, ხელი შეუწყონ რელიგიათა, ეთნოსებსა და კულტურათაშორის დიალოგს, წინ აღუდგნენ ექსტრემიზმსა და ტერორიზმს. ჩვენ გადაჭრით ვგმობთ სხვაგვარ რწმენაზე ძალით მოქცევის მცდელობებს" - ციტატის დასასრული.

მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, შეებრძოლოს კორუფციას - ქართული სახელმწიფოს მთავარ პრობლემას - და მნიშვნელოვნად შეამციროს მისი გავლენა, მაგრამ ეკლესია ამას არ აკეთებს. არ აკეთებს, რადგან მაშინ დაუსრულებელი დარჩება არაერთი ისეთი საქმე, რომელთა დასრულებაც, მრავალი სასულიერო პირის აზრით, კორუფციის დამარცხებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ვერ აშენდება მრავალი ტაძარი, რომელთაგან ზოგს ყოფილი თუ მოქმედი მინისტრები აფინანსებენ, ზოგსაც - პოლიციის გენერლები თუ "კანონიერი" ქურდები. თბილისის ირგვლივ განლაგებულ, მოსახლეობისგან რაც შეიძლება მეტად მოშორებულ გორაკებზე ახალი ტაძრების მშენებლობას გაცილებით მეტი ყურადღება ეთმობა, ვიდრე მისიონერობასა და ქველმოქმედებას. ხოლო, რამდენადაც თანამედროვე ქტიტორთა უმრავლესობა ფულს კორუფციითა და ქურდობით შოულობს, ეკლესია ვერ ამხელს იმ ადამიანებს, ვისზეც ამ მშენებლობების ბედია დამოკიდებული.

ეკლესია არ იყენებს თავის შესაძლებლობას, ახალი ქართული სახელმწიფოს ერთ-ერთი მესაძირკვლე გახდეს. ეკლესიის სურვილი - "მხარში ამოუდგეს" ერსა და ქვეყანას - საბოლოოდ, სხვათა უფლებების შეზღუდვასა და საკუთარი პრივილეგიების მოთხოვნამდე დადის ხოლმე.
XS
SM
MD
LG