Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 50-ე წლისთავი; რენატა ტებალდი 80 წლისაა


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა დღევანდელ გადაცემაში ციკლიდან ”ქალი და მსოფლიო” დედოფლებზე ვისაუბრებთ.

ჯერ გამოვეხმაურებით ბრიტანელი მონარქის, ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის 50-ე წლისთავს, შემდეგ კი, ასევე საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საოპერო სცენის დედოფლის, რენატა ტებალდის შემოქმედებით გზას გავიხსენებთ.

საახალწლო მილოცვებზე ხელის მოწერა, ორდენების დარიგება, კანონების დამტკიცება და უცხოეთში მოგზაურობა – ჩვენს ეპოქაში ბრიტანეთის დედოფლის საქმე, ბევრის თვალში, სულ ეს არის. როგორც საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთმა ბოლო გამოკითხვამ აჩვენა, ბრიტანელების მხოლოდ 25 პროცენტი ფიქრობს, რომ ელისაბედ მეორე ბევრს მუშაობს. ყოველ შემთხვევაში, იმ უაღრესად მნიშვნელოვან სფეროში, რომელსაც საზოგადოებასთან ურთიერთობა ჰქვია, დედოფალს მართლაც მეტი მონდომება მართებს, რადგანაც გამოკითხულთა უმრავლესობის (63 პროცენტის) შეფასებით, ელისაბედ მეორეს დაკარგული აქვს ”უბრალო ხალხთან კონტაქტი”.

ალბათ, ამის შედეგია, რომ ელისაბედ მეორის ტახტზე ასვლის ნახევარსაუკუნოვან იუბილეს, რომელიც 6 თებერვალს ზარ-ზეიმით აღინიშნა, ”დიდი სიხარულით” ელოდა ბრიტანეთში გამოკითხულთა მხოლოდ 8 პროცენტი. დანარჩენები ან ზომიერად დაინტერესებული იყვნენ, ან – სრულიად გულგრილი. ერთსულოვნება ერთადერთ საკითხში გამოიკვეთა: საყოველთაო პატივისცემის საგანი აღმოჩნდა მოთმინება და დისციპლინა, რომლითაც დედოფალი აგერ უკვე 50 წელია, თავის მოვალეობებს ასრულებს. ამ მხრივ ბრიტანეთის დედოფალს, ალბათ, მართლაც ვერავინ შეედრება.

[მუსიკა. დიდი ბრიტანეთის ჰიმნი]

ეს სტატისტიკური მონაცემები, ვფიქრობ, იმათ მაინც დააკმაყოფილებს, ვინც ბრიტანეთის დედოფლის საქმიანობით ზომიერად არის დაინტერესებული. ჩვენ კი, ამ იმედით, ნისლიან ალბიონს დავემშვიდობებით, რათა ოპერასა და მის მშობლიურ იტალიაში გადავინაცვლოთ.

[მუსიკა. მღერის რენატა ტებალდი]

50-იან და 60-იან წლებში ოპერის სამყაროს ერთ-ერთი პოპულარული თემა ორ პრიმადონას, რენატა ტებალდისა და მარია კალასს შორის კონკურენცია იყო. ”ანგელოზი ვეფხვის წინააღმდეგო” – ხუმრობით ამბობდნენ მუსიკის კრიტიკოსები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ტებალდის ”ანტიკალასად” მოიხსენიებდნენ; უსამართლოდ, ვინაიდან, გარდა იმისა, რომ ორივე მომღერალი დიდი პატივისცემით ეპყრობოდა ერთმანეთს, რენატა ტებალდი, როგორც მომღერალი, არაფრით ჩამოუვარდებოდა ლეგენდარულ კოლეგას. პარასკევს, პირველ თებერვალს, იტალიელ მუსიკოსს 80 წელი შეუსრულდა.

[მუსიკა. მღერის რენატა ტებალდი]

რენატა ტებალდის – როგორც მომღერლებზე იტყვიან ხოლმე – ”აღმოჩენა” დიდი იტალიელი დირიჟორის, არტურო ტოსკანინის დამსახურებაა. ის მილანის ”ლა სკალისთვის”ახალ ტალანტებს ეძებდა, როცა 24 წლის ტებალდის მოუსმინა და მაშინვე მოიხიბლა. ტოსკანინის მოწადინებით, ახალგაზრდა მომღერალი იმავე, 1946 წელს ”ლა სკალის” სოლისტი გახდა და პირველად ჯუზეპე ვერდის ”რეკვიემში” იმღერა. ”ტებალდის რბილი ხმა აქვს, მომაჯადოებლად ნაზი ზედა რეგისტრში, ბრწყინვალე თავისი მძლავრი ფორტეთიო” – წერდნენ აღტაცებული კრიტიკოსები.

ამ წარმატებამდე იტალიელმა მომღერალმა დაბრკოლებებით სავსე გზა გაიარა. ის 1922 წლის 1 თებერვალს პეზაროში, მუსიკოსის ოჯახში დაიბადა. გოგონა სამი წლის იყო, როცა პოლიომელიტით დაავადდა, მაგრამ ექვსი წლისამ დაძლია მძიმე ავადმყოფობა და ისევ დაიწყო სიარული. რახან ოჯახს უჭირდა (მამა, ვიოლონჩელისტი, ხშირად უმუშევარი იყო), რენატა ტებალდის 13 წლის ასაკში მოუხდა სკოლის დატოვება. მას მუშაობა უნდა დაეწყო, მაგრამ მშვენიერი ხმის წყალობით მაინც შეძლო სკოლაში დაბრუნება – ოღონდ უკვე მუსიკალურ სასწავლებელში აღმოჩნდა.

”ჩემი ცხოვრების ყველაზე ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა ოპერასთან მაკავშირებსო”, უთქვამს ერთხელ რენატა ტებალდის, რომელიც არასოდეს დაქორწინებულა. ტოსკანინისთან შეხვედრას შთამბეჭდავი კარიერა მოჰყვა. 1950 წელს შედგა მომღერლის დებიუტები ლონდონსა და სან ფრანცისკოში, 1955 წელს – ნიუ იორკის ”მეტროპოლიტენ ოპერაში”, სადაც ტებალდიმ ვერდის ”ოტელოში” დეზდემონას პარტია შეასრულა და უკვე მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

სპეციალისტები ხოტბას ასხამდნენ მის ”ტკბილ ხმას”, ”თავბრუდამხვევ პიანოს”. რახან ტებალდი განსაკუთრებული წარმატებით შეერთებულ შტატებში სარგებლობდა, 60-ან წლებში მას იშვიათად ხედავდნენ ევროპის სცენებზე, მაგრამ როცა ხედავდნენ, საღამო, როგორც წესი, ტრიუმფით მთავრდებოდა: პარიზელმა მაყურებელმა, ვერდის ”აიდას” წარმოდგენის შემდეგ, ტებალდი სცენაზე 45-ჯერ გაიწვია!

მარია კალასი მუდამ კეთილგანწყობილად ეხმაურებოდა კონკურენტის წარმატებებს, მაგრამ არც იმას მალავდა, რომ სრულიად გაუმართლებლად მიაჩნდა საკუთარი თავის მასთან შედარება. და, სხვათა შორის, ტებალდის ყველაზე თავგამოდებული თაყვანისმცემლებიც აღიარებდნენ, რომ იტალიელი მომღერალი არ გამოირჩეოდა დრამატული ნიჭით, რომლითაც კალასი მართლაც ყველა კონკურენტს სჯაბნიდა. რენატა ტებალდი კი სცენაზე, ცოტა არ იყოს, მორცხვად, ფრთხილი ნაბიჯებით გადიოდა. ის თავშეკავებული იყო პირად ცხოვრებაშიც: 30-წლიანი კარიერის მანძილზე რენატა ტებალდის სახელს ერთი სკანდალიც არ დაჰკავშირებია.

”ჩემი ცხოვრების შინაარსი სიმღერა იყო, ოჯახის შესაქმნელად არ მეცალაო”, უთქვამს იტალიელ მომღერალს, რომელიც სცენას 1973 წელს გამოეთხოვა. რენატა ტებალდისთვის ბედნიერება ის არის, რომ თავისი ხმით – თუ ტოსკანინის სიტყვებს მოვიშველიებთ – ”ანგელოზის ხმით”, ადამიანებს სიამოვნება მიანიჭა. რამდენ ადამიანს, არავინ უწყის, ვინაიდან ელისაბედ მეორისაგან განსხვავებით, რენატა ტებალდის პოპულარობის შესახებ სტატისტიკური მაჩვენებლებით არავინ დაინტერესებულა. ის კი ცხადია, რომ რენატა ტებალდის პოპულარობას უფრო დიდი ხნის სიცოცხლე უწერია.
XS
SM
MD
LG