Accessibility links

ედუარდ შევარდნაძეს მოსახლეობის პოლიტიზება ადარდებს


საქართველოს მოსახლეობა ზედმეტად პოლიტიზებული რომ არის, სიახლე არ გახლავთ.

დაინტერესებულ პირებს ჩვენში ისიც კარგად ესმით, რომ პოლიტიზებული საზოგადოება მართვადია და მისი სხვადასხვა ინტერესებისთვის გამოყენება იოლია.

მიუხედავად ამისა, საქართველოში ცოტა რამ კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი თავის ინტერესებს პოლიტიკის გარდა სხვა რამესაც უკავშირებდეს. პრეზიდენტი კი სწორედ მოსახლეობის, განსაკუთრებით ახალგაზრდების პოლიტიზების მცდელობას აკრიტიკებს. ის, ბოლო დროს, ბევრს საუბრობს მის ხელში გაზრდილ “პოლიტიკანებზე”. მათი საკითხი პრეზიდენტმა მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზეც წამოწია.

ედუარდ შევარდნაძე, როგორც თავად ამბობს, “პოლიტიკანებს” საზოგადოების პოლიტიზებაში და ხელისუფლების წინააღმდეგ მოსახლეობის დარაზმვაში ადანაშაულებს. “პოლიტიკანებთან” კავშირში, ის ხშირად იხსენებს ნოემბრის სტუდენტურ მღელვარებას, განსაკუთრებით ყოფილი თანაგუნდელების, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის ხმაურიანი გამოჩენის შემთხვევაში. პრეზიდენტი გვახსენებს, ამ ცოტა ხნის წინ როგორ გადაურჩა საქართველო ქაოსს და არეულობას, მაგრამ ნაკლებად საუბრობს იმაზე, თუ რატომ არის ასეთი იოლი სამართავი ჩვენი საზოგადოება, განსაკუთრებით ახალგაზრდობა; ან ცუდი რეპუტაციის ცალკეული მინისტრების ხელისუფლებისგან ჩამოსაშორებლად რატომ გახდა აუცილებელი მოსახლეობის ქუჩაში გამოყვანა. ფაქტია, რომ ნოემბრის მღელვრება, თუკი ის ქაოსის და ანარქიის სერიოზულ საშიშროებას შეიცავდა, ცალკეულ პოლიტიკოსებთან ერთად მთელი ხელისუფლების და მათ შორის პრეზიდენტის ბრალიც იყო. არც საქართველოს მოსახლეობის ღრმა პოლიტიზირება უნდა იყოს მხოლოდ პოპულისტებისა და დემაგოგების პოლიტიკის შედეგი.

მიზეზი გაცილებით ღრმაა და ყოვლისმომცველი. ის არის ყველგან: უმაღლეს სასწავლებლებში, რომელთა სტუდენტებს აუდიტორიებში ყოფნას ქუჩაში გამოსვლა ურჩევნიათ; ოჯახებში, რომლებსაც ყოველ საღამოს საათობით აყურებინებენ პოლიტიკოსთა გამოსვლებს, ფაქტობრივად ერთსა და იმავეს და მეტს არაფერს სთავაზობენ; უასპარეზობაში, რომლის პირობებშიც, კარიერის შექმნის ყველაზე იოლ გზად პოლიტიკოსობა, ან პოლიტიკოსებთან დაახლოება იკვეთება; პრობლემებში, რომლებიც მუდმივად პოლიტიკას უკავშირდება. სანამ ეს მიზეზები იარსებებს, დაინტერესებული პირები საზოგადობის პოლიტიზებით მუდმივად ისარგებლებენ. პრეზიდენტსაც ხშირად მოუწვვს შეშფოთების გამოხატვა იმის გამო, რომ [ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ აიღეს კურსი ქვეყნის სრულ პოლიტიზირებაზე. უწყინარი ბავშვებიც კი. ვინ ცდილობს სტუდენტები ერთმანეთს გადაკიდოს? მიდის ნადირობა, პირდაპირი ნადირობა, რომელი პარტია გადაიბირებს.”

მთავრობის 6 თებერვლის სხდომაზე წარმოთქმული ეს სიტყვები აშკარად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული. პრეზიდენტს ყოფილი თანაგუნდელის სახელი და გვარი არ დაუსახელებია, თუმცა ნათქვამი - “ექიმთა უფლებების დაცვის საზოგადოების დაფუძნებაზე” საუბარს მოაყოლა, ეს ორგანიზაცია კი სწორედ მიხეილ სააკაშვილის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერით შეიქმნა. “ექიმთა უფლებების დაცვის საზოგადოების “დაფუძნების ღონისძიებაზე პრეზიდენტის თქმით: “სახელმწიფოს წარმომადგენლების გამოსვლა ჯოგური პრინციპებით მოქმედი ადამიანების მიერ აღიკვეთა.”

ედუარდ შევარდნაძის ამ ნათქვმს მიხეილ სააკაშვილი ოპერატიულად, პრესკონფერენციის ჩატარებით გამოეხმაურა. თქვა, რომ სიტყვა “ჯოგური” ექიმებს არ მიესადაგება და უფრო საკუთარი ხალხის მიმართ პრეზიდენტის დამოკიდებულებას გამოხატავს.
XS
SM
MD
LG