Accessibility links

logo-print

ასლან აბაშიძე აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩაერთო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ამ კვირაში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ასლან აბაშიძე მოსკოვში გაემგზავრება.

წინასწარი ცნობებით, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან იგორ ივანოვთან შეხვედრისას საუბრის თემა ჩიხში შესული აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო პროცესი იქნება.

მას შემდეგ, რაც შარშან შემოდგომაზე პრეზიდენტმა შევარდნაძემ საკმაოდ მოულოდნელი სვლა გააკეთა და ასლან აბაშიძე თავის პირად წარმომადგენლად დანიშნა აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში, აჭარის ლიდერი მოსკოვში ვიზიტით პირველად ცდის თავის საშუამავლო პოტენციალს. მანამდე ასლან აბაშიძემ რამდენჯერმე შენიშნა, რომ სანამ არ გაირკვეოდა მისი, როგორც სპეციალური წარმომადგენლის უფლებამოსილებები, იგი ნაადრევად მიიჩნევდა კონფლიქტის მოგვარების პროცესში ჩართვას. ამას გარდა, ასლან აბაშიძის გარემოცვის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერს აფხაზურ მხარესთან მოლაპარაკებების ყველა სადავის ხელში აღება სურს. ახლაც, როგორც სააგენტო “პრაიმ-ნიუსს” განუცხადა ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ, აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარება წარმოუდგენელია, თუ ეს პროცესი ერთ კონკრეტულ სახელმწიფო ინსტიტუტს ან სახელისუფლებო პირს არ დაექვემდებარა.
ჯერჯერობით, აფხაზეთის კონფლიქტის სამშვიდობო მოლაპარაკებებში შუამავლების მუშაობის ეფექტურობა ეჭვს იწვევს. მაგალითად, ძნელი სათქმელია, რამდენად უფრო წარმატებული აღმოჩნდება ასლან აბაშიძის მცდელობა გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის საქმიანობასთან შედარებით – დიტერ ბოდენი 5 თებერვალს წარუმატებლად ეცადა უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შესრულების აუცილებლობაში
სოხუმის ხელისუფლების წარმომადგენელთა დარწმუნებას. სოხუმის ხელისუფლება კვლავინდებურად კატეგორიულ უარს აცხადებს განიხილოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომელიც თბილისსა და აფხაზეთს შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის პირველი მცდელობაა.
სხვათა შორის, ექსპერტები უახლოეს ხანში აფხაზეთში შიდა პოლიტიკური სიტუაციის დაძაბვას ვარაუდობენ. მარტში იქ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა დაგეგმილი. გარდა ამისა, კვლავაც გაურკვეველია აფხაზთა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერის ვლადისლავ არძინბას ბედი. სოხუმის წარმომადგენელთა მტკიცება, რომ არძინბას მოსკოვის ერთერთ კლინიკაში ყოფნა მხოლოდ გეგმიური სამედიცინო შემოწმებაა და სხვა არაფერი, დამაჯერებლად არ გამოიყურება. რუსული წყაროებით, არძინბას მორიგი რთული ოპერაცია გაუკეთეს და ამჟამად იგი მოსკოვის ერთერთ საავადმყოფოში გადის ოპერაციის შემდგომ პერიოდს.
რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთთან დაკავშირებით არსებულ დაძაბულობას ახალი “შეფერილობაც” ემატება. 6 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პროტესტი გამოთქვა რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით. კერძოდ, მზადდება ხელშეკრულება რუსეთის ატომის სამინისტროსთვის 15- წლიანი არენდით ბიჭვინთის შემოქმედებითი სახლის გადაცემის შესახებ. კრასნოდარის მხარის ადმინისტრაცია კი სამთავრობო აგარაკების და სხვა დასასვენებელი ობიექტების ყიდვას აპირებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სეპარატისტებთან თანამშრომლობა არ ესადაგება იმ პოზიციურ კონტექსტს, რომელიც ბოლო დროს შეიქმნა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში.
XS
SM
MD
LG