Accessibility links

logo-print

მიხეილ სააკაშვილის როლი შესაძლო პოლიტიკურ სცენარებში


დღეს არც საზოგადოება და არც ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მომავლის მიმართ გულგრილი არ არის.

თუმცა, შეფასებები რადიკალურად განსხვავებულია: ხელისუფლების და საზოგადოების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ ქვეყნის ახლო მომავალს სწორედ სააკაშვილი და მისი თანამოაზრეები განსაზღვრავენ, მეორე ნაწილი კი რამდენიმე თვეში სააკაშვილის პოლიტიკურ გაკოტრებას წინასწარმეტყველებს.

რა შეიძლება მივიჩნიოთ მიხეილ სააკაშვილის მთავარ პოლიტიკურ ამოცანად? იგი საზოგადოებას ჰპირდება სამართლიანობის დამკვიდრებას, დასასჯელთა დასჯას, რეფორმებს და უკეთეს ცხოვრებას. ამის მისაღწევად კი, დღევანდელი კონსტიტუციური წყობის პირობებში, სულ მცირე, აუცილებელია საპრეზიდენტო ნება და საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერა.

არის თუ არა შესაძლებელი, სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდეს, მისი პარტია კი პარლამენტში უმრავლესობით მოვიდეს? თუ პოლიტიკური ცხოვრება დღევანდელი რიტმით და კალაპოტით გაგრძელდება, საფიქრებელია, შემდეგ საპარლამენტო არჩევნებსაც ის პოლიტიკური ძალა მოიგებს, ვისაც სახელმწიფო აპარატი დაუჭერს მხარს. ცნობილია, რომ დღემდე ჩატარებულ არჩევნებში გადამწყვეტი ფაქტორი იყო პოლიცია და კახა თარგამაძე არ მალავდა, რომ არჩევნების ბედი სწორედ მის კაბინეტში წყდებოდა.

საზოგადოების და პოლიტიკური ცხოვრების სტაბილური განვითარების პირობებში, მიხეილ სააკაშვილს და მის ნაციონალურ მოძრაობას საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნების მოგების შანსი ნაკლებად მიეცემათ; რადგან ამჟამად არსებული ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლება მათ წინააღმდეგ იმუშავებს. ესე იგი, თუ განხორციელდება ხელისუფლების შეცვლა "ზემოდან", ანუ თუ გათამაშდება "შევარდნაძის სცენარი", მასში სააკაშვილი რაიმე მნიშვნელოვან როლს ვერ შეასრულებს.

მაგრამ არსებობს სხვა შესაძლებლობაც, კერძოდ, ხელისუფლების შეცვლა "ქვემოდან". ეს რევოლუციური სცენარია და გულისხმობს ხალხის აგრესიულ წნეხს ხელისუფლებაზე. ამ სცენარის მიხედვით, მოთმინებადაკარგული ადამიანები თავისი სავარძლებიდან აყრიან და კაბინეტებიდან გამოყრიან დღევანდელ ხელისუფალთ, მათ ადგილს კი ხალხის რჩეულებს დაუთმობენ. სოციოლოგიური კვლევის შედეგები დღეს არსებულ სპექტრში სააკაშვილის ყველაზე მაღალ რეიტინგს ადასტურებს. ამიტომ, ნაციონალურ მოძრაობას ხელს აძლევს სწორედ ხალხის ძალაუფლება, ანუ რევოლუციური სცენარი.

გამოდის, მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ყოველთვის პროდასავლური ვექტორის ერთ-ერთ ბურჯად მიიჩნეოდა, ხელისუფლებაში მოსვლისთვის კარგ პირობებს უქმნის არა სტაბილური განვითარება, არამედ, რევოლუციური რყევები; სხვაგვარად რომ ვთქვათ, მას ხელს აძლევს ხელისუფლების შეცვლა არა "ზემოდან", არამედ, "ქვემოდან". მაგრამ ასეთ მსჯელობას სერიოზულ წინააღმდეგობამდე მივყავართ.

ბოლო წლების უცვლელი ტენდენციის თანახმად, საქართველოში სულ უფრო მეტად ძლიერდება დასავლეთის გავლენა, ხოლო რუსეთის გავლენა, პირიქით, სუსტდება. ამიტომ, დასავლეთი არ ჩქარობს; მისთვის საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური სტაბილურობა, რაც უზრუნველყოფს დღეს არსებული ტენდენციების შემდგომ გაღრმავებას. ხოლო რუსეთი ჩქარობს, რადგან დრო მის წინააღმდეგ მუშაობს. რუსეთის ინტერესებს შეესაბამება არა სტაბილური განვითარება, არამედ ექსტრემალური სიტუაციები და რევოლუციური რყევები. გამოდის, სააკაშვილის - როგორც დასავლური ორიენტაციის პოლიტიკოსის - მოსვლა ხელისუფლებაში მისაღებია დასავლეთისთვის; მაგრამ ის მეთოდები, რომლითაც სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლის შანსს ინარჩუნებს, ხელსაყრელია რუსეთისთვის.

ამ წინააღმდეგობას ეფექტურად იყენებენ ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური ოპონენტები, რომლებიც ხშირად საუბრობენ მიხეილ სააკაშვილის საიდუმლო კავშირებზე რუსეთში და მის მნიშვნელოვან როლზე პრორუსულ სცენარში. ამავე წინააღმდეგობას უკავშირდება მცდელობა, რომ დღევანდელი ხელისუფლების მიმართ სააკაშვილის აგრესია შეფასდეს, როგორც ზოგადად ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა.

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები "იარლიყებს" არ უშინდებიან და იმედოვნებენ, რომ დროთა განმავლობაში მოძრაობა სულ უფრო მეტად გაძლიერდება. ოპონენტებს კი ეჭვი არ ეპარებათ, რომ სააკაშვილის პოპულიზმი უახლოესი თვეების მანძილზე საკუთარ თავს ამოწურავს. თუმცა, პოლიტიკოსები ამ პროცესის პასიურ მოლოდინს არ სჯერდებიან და ინტერვიუებში მიუთითებენ, რომ შევარდნაძე-სააკაშვილის დაპირისპირება მხოლოდ პოლიტიკური თვალთმაქცობაა; რომ, სინამდვილეში, შევარდნაძე, ჟვანია და სააკაშვილი დღემდე ერთი სცენარის პერსონაჟებად რჩებიან.

ეს "მესიჯი", ანუ შეტყობინება, ჯერჯერობით, არ "მუშაობს". მოვლენების განვითარების დღევანდელ კონტექსტში სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოთქმული ყოველი მოსაზრება მისსავე ავტორს უბრუნდება ბუმერანგივით. ამიტომაც, ნაციონალური მოძრაობის იგნორირება, რისი მცდელობაც აშკარაა პოლიტიკურ თუ სახელისუფლო წრეებში, სინამდვილესთან დიდ კავშირს არ ამჟღავნებს. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების მიერ ხშირად წარმოთქმული აგრესიული მუქარები საზოგადოებაში გარდუვალი რევოლუციის შიშს აღვივებს. ასე რომ, იმედებიც და საფრთხეც დღეს მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. ფაქტობრივად, იგი ბეწვის ხიდზეა შემდგარი.
XS
SM
MD
LG