Accessibility links

საქართველოში, შესაძლოა, რადიაციული გამოსხივების ახალი წყაროები აღმოჩნდეს


სოზარ სუბელიანი, თბილისი მას შემდეგ, რაც წალენჯიხის რაიონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მძლავრი რადიაოქტიური კერების ლიკვიდაცია მოხერხდა, დღის წესრიგში ახალი პრობლემები დადგა.

ჯერ ერთი, საქართველოში უნდა აშენდეს რადიაოქტიური ნარჩენების ახალი, თანამედროვე ტიპის შესანახი; მეორეც, ზედმიწევნით უნდა იქნას გამოკვლეული საქართველოს მთელი ტერიტორია, რათა რადიაციული დაბინძურების შესაძლო კერები დროზე იქნას აღმოჩენილი.

წალენჯიხის რაიონში აღმოჩენილი “სტრონციუმ 90”-ის ორი წყაროს ამოღებისა და შესანახში მოთავსების ოპერაცია 46 ათასი ლარი დაჯდა, თუმცა, პრობლემა ამით არ ამოიწურა. რომ არაფერი ვთქვათ დასხივებული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, საქართველოში მსგავსი კერების აღმოჩენის საფრთხე კვლავაც არსებობს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნინო ჩხობაძის თქმით, საქართველოში განლაგებული იყო საბჭოთა კავშირის 300-ამდე სამხედრო ბაზა, რომელთაგან დღემდე მხოლოდ 100 ობიექტია შესწავლილი. თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ ბაზებიდან გამოსხივების 120-ზე მეტი წყაროა ამოღებული, უნდა ვივარაუდოთ, რომ ახალი რადიოაქტიური კერების აღმოჩენის საფრთხე კვლავაც მაღალია.

წალენჯიხის რაიონში აღმოჩენილი “სტრონციუმ 90-ის” ორი წყარო საქართველოში 1984 წელს იქნა შემოტანილი ენგურჰესის მშენებლობის ზონაში რადიოსარელეო კავშირის უზრუნველსაყოფად. ნინო ჩხობაძის თქმით, სულ შემოტანილი რვა კონტეინერიდან ორი ჯერ კიდევ არ არის აღმოჩენილი. არადა, ინფორმაცია რადიოაქტიური წყაროების არსებობის შესახებ დიდი ხანია, რაც არსებობს, მაგრამ მათ მოსაძებნად და გაუვნებელსაყოფად თითქმის არაფერი გაკეთებულა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 1998 წელს საქართველოში რადიოაქტიური წყაროების არსებობის პრობლემა განიხილეს უშიშროების საბჭოზეც, სადაც ამ საკითხის შესწავლა საგარეო საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს დაევალათ. პირველ მათგანს რუსეთის ფედერაციის შესაბამისი სამსახურებიდან უნდა გამოეთხოვა ინფორმაცია, სად იყო ამგვარი წყაროების არსებობა მოსალოდნელი; უშიშროების სამინისტროს კი გამოძიება უნდა ეწარმოებინა, მაგრამ დავალება არ შესრულდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ, თუმცა, ნინო ჩხობაძის თქმით, მსგავსი დავალება ნამდვილად იყო გაცემული: [ნინო ჩხობაძის ხმა] “მე ზუსტად არ მახსოვს, 1998 წელს ზუსტად ვის მიეცა დავალება, მაგრამ, რამდენადაც მახსოვს, საგარეო საქმეთა და უშიშროების სამინისტროებს მიეცათ დავალება. რაღაც რეაგირება იყო, თუმცა, რუსეთიდან უნდა მომხდარიყო ინფორმაციის მოზიდვა და ვიცი, რომ ამ ინფორმაციას ჩვენთან არ მოუღწევია…”

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, სახელწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს არსებობა და მოსახლეობას შესაბამისი ინფორმაციაც მიაწოდოს. კონსტიტუციის 37-ე მუხლში ნათქვამია: “ყველას აქვს უფლება, ცხოვრობდეს ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში, სარგებლობდეს ბუნებრივი და კულტურული გარემოთი… ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია მისი სამუშაო და საცხოვრებელი გარემოს მდგომარეობის შესახებ”.

კონსტიტუციიდან გამომდინარე, ცალსახად შეიძლება დადგეს იმ თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისაც რადიოაქტიური წყაროების აღმოჩენა და გაუვნებელყოფა ევალებოდა და შესაბამისი ღონისძიებები არ გაატარა. ამჟამად თბილისში იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დელეგაცია, რომლის წარმომადგენლებიც გარემოს დაცვის სამინისტროსთან ერთად მსჯელობენ, თუ როგორ უნდა მოხდეს გამოსხივების ახალი წყაროების აღმოჩენა და დონორების მოზიდვა ახალი, თანამედროვე ტიპის შესანახის ასაშენებლად, რასაც, დაახლოებით, ერთნახევარი მილიონი დოლარი სჭირდება.
XS
SM
MD
LG