Accessibility links

logo-print

ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის პრემიერა კინოს სახლში


ამ დღეებში თბილისში ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის, “ხახვის ცრემლების” პრემიერა მოეწყო.

დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე ასეთი ანშლაგი კინოს სახლს დიდი ხანია, არ ახსოვს. არც ისეთი ოვაციები, პუბლიკამ ფილმის დასრულების შემდეგ რომ გამართა.

ნამდვილად ძნელია იმის თქმა, თუ ვის ეკუთვნოდა ეს ოვაციები – ლევან ღლონტს, ახალი ქართული ვიდეოფილმის, “ხახვის ცრემლების” რეჟისორს, თუ ფილმის გმირს, გერმანიის ქალაქ ლიუბეკში მოღვაწე ქართველ კომპოზიტორს, რევაზ კიკნაძეს. თუმცა, ამ ერთსაათიანი ფილმით რეზო კიკნაძის მუსიკაზე მსჯელობა თითქმის შეუძლებელია. – მუსიკა აქ, რა თქმა უნდა, ისმის, მაგრამ ისმის ფრაგმენტულად. ლევან ღლონტის ფილმის ღირსებაც სწორედ ისაა, რომ “ხახვის ცრემლებში” არაფერი ხდება განსაკუთრებული, ერთი საათის განმავლობაში ჩვენ ვეცნობით თავისებურ “მგალობელ შაშვს”. მაგრამ ოთარ იოსელიანის ფილმისა არ იყოს, “ხახვის ცრემლების” გმირის ეს ჩვეულებრივი შაბათ-კვირა საკმარისი ხდება იმისთვის, რომ მაყურებელმა მუსიკაზე შეყვარებული გმირი შეიყვაროს და ფილმის დასრულების შემდეგ მოიწყინოს კიდეც. მაყურებელი ხომ სწორედ ფინალში გრძნობს, რომ ამ, თითქოს და “ფარული კამერით” გადაღებულ კინოჩანახატს, მოფიქრებული დრამატურგია აქვს, რომ სახის განზოგადება ნელ-ნელა ხდება და რომ სურათის ავტორის მიზანი სულაც არაა რეზო კიკნაძის, როგორც კომპოზიტორის მიღწევები გაგვაცნოს და შექმნას რაღაც რეკლამის მსგავსი ვიდეოფილმი. სურათის დასრულების შემდეგ ვხვდებით, რომ ჩვენ ვნახეთ ფილმი საერთოდ ხელოვანზე, რომელსაც ყოველდღიური ყოფა ხელსაც კი უშლის შემოქმედებაში, და, რაც მთავარია, ვნახეთ ძალიან სევდიანი ფილმი ადამიანზე, რომელიც იძულებულია, ეს ნიჭი სხვა ხალხს, სხვა ქვეყანას მოახმაროს. როცა ფინალში რეჟისორი მოულოდნელად რთავს სამზარეულოში გადაღებულ ინტერვიუს ლიუბეკში, თავის ვაჟთან, სტუმრად ჩასულ რეზო კიკნაძის დედასთან (იგი სადილს უმზადებს შვილს), გასაგები ხდება, რომ ეს ფილმი კონკრეტული, თუნდაც ნიჭიერი კომპოზიტორის პორტრელი კი არაა ი,დენად, რამდენადაც ჩვენი დროისა. [ხმა: ფრაგმენტი ფილმიდან]

დასავლეთში “ხახვის ცრემლების” მსგავს ფილმებს დღეს ხშირად იღებენ, მაგრამ ქართულ დოკუმენტურ კინოში ძლიერი აქცენტების, პათეტიკის გარეშე გაკეთებულ კინოპორტრეტებს იშვიათად ქმნიან ხოლმე. უნდა ვიფიქროთ, რომ სევდა, რომელიც კინოს სახლში შეკრებილ აუდიტორიას ამ ფილმმა დაუტოვა, სწორედ უბრალოების, სისადავის ნოსტალგიას გამოხატავს.
XS
SM
MD
LG