Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის გამოსვლა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე


ანდრო ეული, პრაღა სამშაბათს, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა

გაამართლა თეთრი სახლის ადმინისტრაციის საგარეოპოლიტიკური გეზი, რომელიც, მისივე თქმით, თავდაცვის ინტერესებს ემსახურება. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი თავის პრინციპს არ უღალატებს, რაოდენ მძაფრიც უნდა იყოს მისი მისამართით გამოთქმული კრიტიკა.

კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სულ მალე სავალდებულო შეთანხმებას გააფორმებს რუსეთთან ბირთვული შეიარაღების შემცირების თაობაზე. პაუელი დარწმუნებულია იმაშიც, რომ აღმოსავლეთი ევროპის ათამდე სახელმწიფო ნატოში გაწევრიანების ოფიციალურ მიწვევას მიიღებს ალიანსის მორიგ სამიტზე, რომელიც ნოემბერში, ჩეხეთის დედაქალაქში გაიმართება.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, კოლინ პაუელმა მთავარი ყურადღება ტერორიზმის წინააღმდეგ მიმდინარე ომს დაუთმო. მან მოუწოდა ერაყის პრეზიდენტს, სადამ ჰუსეინს, დაანახოს მთელს მსოფლიოს, რომ ერაყი მასობრივი განადგურების იარაღს არ აწარმოებს, რისთვისაც ამ ქვეყანაში გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის დაბრუნებაა აუცილებელი.

[კოლინ პაუელის ხმა] ”ამ ბოროტმა რეჟიმმა უნდა დაანახოს მთელს მსოფლიოს, რომ იქ არ ხდება ისეთი რამ, რაშიც ჩვენ გვეპარება ეჭვი. ხოლო თუ ჩვენი ეჭვი უსაფუძვლოა, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რატომღა არ სურთ ერაყელებს, რომ გაეროს ექსპერტებმა გააკეთონ ის, რაც აუცილებელია და ოფიციალურად
დაადასტურონ, რომ ერაყში არ ხდება მასობრივი განადგურების იარაღის წარმოება”.

კოლინ პაუელმა უსაფუძვლო უწოდა ამ ბოლო დროს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, შესაძლოა, სამხედრო ძალის გამოყენებით სცადოს ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის დამხობა. კიდევ უფრო სარწმუნო გახდა ამგვარი ვარაუდი გასულ კვირაში, როცა”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ” კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ ვაშინგტონი არ იქნება გულხელდაკრეფილი იმ დროს, როცა ისეთი ქვეყნები, როგორიც ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეაა, მასობრივი განადგურების იარაღის შექმნაზე მუშაობენ.

კოლინ პაუელმა სენატორებს უთხრა, რომ ჯორჯ ბუშის სიტყვები ისე არ უნდა იქნეს გაგებული, თითქოს შეერთებული შტატები ერაყზე, ირანზე ან ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმას აპირებდეს. პაუელმა უსაფუძვლო უწოდა ბრალდებას, რომ შეერთებული შტატები თითქოსდა ცალმხრივად მოქმედებს, და აღნიშნა, რომ თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლები ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ მოკავშირეებთან.

მიმდინარე ომი ტერორიზმის წინააღმდეგ კოლინ პაუელმა ცივ ომს შეადარა და თან დასძინა, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ”ბოროტების იმპერიად” მოიხსენია თავის დროზე საბჭოთა კავშირი, რითაც დააჩქარა გამარჯვება ცივ ომში, და რომ სწორად მოიქცა ჯორჯ ბუშიც, როცა ირანის, ერაყისა და ჩრდილოეთი კორეის მთავრობებს ”ბოროტების ღერძი” უწოდა.

იმ დროს, როცა კოლინ პაუელი სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოდიოდა, თავდაცვის მინისტრი, დონალდ რამსფელდი, პრეზიდენტ ბუშის მიერ წარდგენილ 2003 წლის ბიუჯეტის პროექტს იცავდა მოსმენებზე სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში. მომავალი წლის ბიუჯეტი 14 პროცენტით, ანუ 48 მილიარდი დოლარით ითვალისწინებს თავდაცვის ხარჯების გაზრდას.

ორშაბათს პენტაგონში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ რამსფელდმა განაცხადა: [დონალდ რამსფელდის ხმა] ”თუ 11 სექტემბრის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალი ამ ქვეყანასა და დანარჩენ მსოფლიოში მილიარდობით დოლარებში განისაზღვრება, სავსებით ცხადია, რომ თავდაცვის ბიუჯეტი სულაც არაა დიდი, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ჩვენს უსაფრთხოებას, ყოველდღიურ ცხოვრებას, ჩვენს ქვეყანასა და ჩვენს თავისუფლებას შეექმნა საფრთხე”.

სენატორების შეკითხვაზე, ხომ არ იყო საჭირო სახელმწიფო დეპარტამენტის ბიუჯეტის გაზრდაც, კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ სიამოვნებით მოახმარდა დამატებით სახსრებს თავისი უწყების დიპლომატიურ ძალისხმევას, მაგრამ პრიორიტეტულ მნიშვნელობას უშიშროების უზრუნველყოფას ანიჭებს. დემოკრატმა სენატორმა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელიც საგარეო საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობს, განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მეტი სახსრები უნდა იყოს გამოყოფილი იმის უზრუნველსაყოფად, რათა რუსეთის ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური შეიარაღებისათვის საჭირო კომპონენტები ტერორისტებს არ ჩაუვარდეს ხელში.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გამოსვლისას, კოლინ პაუელი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტსაც შეეხო და განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავინდებურად ფიქრობს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებაზე. მან ისრაელსა და პალესტინელებს მოუწოდა, შეწყვიტონ რეგიონში ძალადობა და მოლაპარაკებათა მაგიდას მიუსხდნენ.
XS
SM
MD
LG