Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაპირისპირება გარდეზში ცხადყოფს, რომ უშიშროების მხრივ ავღანეთში რთული ვითარებაა


სამხრეთი ავღანეთის ქალაქ გარდეზში დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს.

როგორც ახალი ამბების გამოშვებებსა თუ ავღანეთისადმი მიძღვნილ ვრცელ სიუჟეტებში არაერთხელ გვითქვამს, საქმე ეხება ავღანელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ეთნიკური ჯგუფის, პუშტუნების ორ ფრაქციას შორის უთანხმოებას იმის თაობაზე, თუ ვინ გააკონტროლებს პაქთიის პროვინციას და მის დედაქალაქს, გარდეზს: ის, ვინც აქამდე აკონტროლებდა, ანუ ჰაჯი საიფულა, თუ ის, ვინც ავღანეთის დროებითმა მთავრობამ ახალ მმართველად დანიშნა, ანუ ფაჯა ხან ზადრანი.

მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტის მოგვარების პერსპექტივაზე დროებითი მთავრობა დამაიმედებელ განცხადებებს აკეთებს, გარდეზის მაგალითი გვიჩვენებს, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს სტაბილიზაციის პროცესი ავღანეთის პროვინციებში.

გასული კვირის მიწურულს გარდეზში ჩასულმა სამთავრობო დელეგაციამ დღემდე მხოლოდ იმას მიაღწია, რომ დაპირისპირებულმა მხარეებმა 240 ტყვე გაცვალეს. დაძაბულობის განმუხტვა კი ვერა და ვერ ხერხდება: გარდეზის თემთა საბჭოს ლიდერი საიფულა კატეგორიულ უარს ამბობს პაქთიის პროვინციის ახალ გუბერნატორად ზადრანის აღიარებაზე.

მაინც, ვინ არიან ზადრანი და საიფულა? როგორც ზემოთაც გითხარით, ორივე პუშტუნია, მაგრამ ერთმანეთში მოქიშპე კლანების წარმომადგენელი. ზადრანი ავღანეთის დროებითი მთავრობის ლიდერის, ჰამიდ კარზაის მომხრეა და ერთ-ერთი პირველი მოღვაწე, რომელიც დროებითმა მთავრობამ გუბერნატორად დანიშნა. მაგრამ საიფულა მას მძიმე ბრალდებას უყენებს: თითქოს ზადრანმა ამერიკელ სამხედროებს ყალბი ინფორმაცია მიაწოდა თალიბანისა და ”ალ-ყაიდის” მებრძოლების ადგილსამყოფლის შესახებ, რათა საჰაერო დარტყმების მსხვერპლი სინამდვილეში საიფულას მომხრეები გამხდარიყვნენ. ამერიკელთა მხარე იძიებს ინციდენტს, რომელზეც ბრალდების დასასაბუთებლად საიფულა მიუთითებს.

გარდეზში გაჩენილმა დაპირისპირებამ ბევრი ჩააფიქრა სხვა პროვინციებში ასეთივე სცენარის განმეორების საფრთხეზე. როგორც ჩვენი კორესპონდენტი, რონ სინოვიცი, ქაბულიდან იუწყება, დროებით მთავრობას უკვე მოუწოდეს, აღარ დანიშნოს გუბერნატორები და ისინი არჩევნების გზით გამოავლინოს. მაგრამ შინაგან საქმეთა მინისტრი იუნის ყანუნი კონფლიქტის გავრცელების საფრთხეს ვერ ხედავს.

[იუნის ყანუნის ხმა] ”დარწმუნებული ვარ, რაც გარდეზში მოხდა, უფრო დიდ გართულებას არ გამოიწვევს და სხვა რაიონებში არ გამეორდება. ეს იყო ადგილობრივი დაპირისპირება, რომელშიც უცხოეთის ხელიც ერია. ამჟამად ვითარება კონტროლს ექვემდებარება.”

ყანუნის არ დაუზუსტებია, უცხოეთის რომელ ქვეყანას გულისხმობდა, მაგრამ აღნიშნა, რომ დროებითი მთავრობის გეგმით, სტაბილიზაციაზე უნდა იზრუნოს 70 000-კაციანმა შინაგანმა ჯარმა, რომლის ასამოქმედებლად მომზადებას ერთი წელი დასჭირდება.

[იუნის ყანუნის ხმა] ”ჩემი აზრით, აუცილებელია, ავღანეთის უშიშროების ძალები თავიანთ ამოცანას თვითონვე გაუმკლავდნენ. ჩვენთვის უშიშროება საკვანძო საკითხია. თუ დავინახავთ, რომ მრავალეროვანი ძალების განთავსება ქაბულის ფარგლებს გარეთაც აუცილებელია, მათ უთუოდ ვთხოვთ ჩვენთან თანამშრომლობას.”

ავღანეთის ლიდერები, როგორც ჩანს, უკვე ხედავენ ასეთ საჭიროებას, ვინაიდან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ტონი ბლერის ამასწინანდელი განცხადებით, ის ჯერ არ შეხვედრია ავღანეთის დელეგაციას, რომელსაც მრავალეროვანი ძალების გაზრდა არ მოეთხოვოს. მაგრამ ბლერი უარზე დგას. ავღანეთის უშიშროების ჯარს, ყანუნის თქმისა არ იყოს, მართლაც თვითონ მოუხდება პროვინციების სტაბილიზებაზე ზრუნვა. ეს კი, როგორც თუნდაც გარდეზის მაგალითი ადასტურებს, რთული და სახიფათო ამოცანა იქნება.

”ავღანეთის უშიშროების ძალების” პირველი ბატალიონის წვრთნა მომავალ თვეში, ქაბულში დაიწყება.
XS
SM
MD
LG