Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დელეგაციის ვიზიტი გადაიდო


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 7 თებერვლისთვის დაგეგმილი რუსეთის უწყებათაშორისო ჯგუფის ვიზიტი დაუდგენელი ვადით გადაიდო.

როგორც ცნობილია, ამ ჯგუფს საქართველოში მყოფი ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების საკითხი უნდა შეესწავლა. ჯერჯერობით, საქართველოს და რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები განსხვავებულ ვერსიებს ავრცელებენ ვიზიტის გადადების მიზეზებთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ - საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დაბრუნების შესაძლებლობის საკითხის შესასწავლად ერთობლივი ჯგუფის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება შარშან დეკემბერში მოსკოვში საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრისას იყო მიღწეული. თავისთავად, რუსეთის მხრიდან საკუთარი მოქალაქეების ბედით დაინტერესება ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია - აქამდე ჩეჩნეთიდან დევნილთა ბედით რუსეთის ხელისუფლებას არავითარი ინტერესი არ გამოუხატავს, რომ არა ერთი მომენტი. ჩეჩნეთიდან დევნილთა უმრავლესობა პანკისის ხეობის სოფლებშია განთავსებული. პანკისის ხეობა კი, ბოლო პერიოდში დაემსგავსა დენთით სავსე კასრს, რომლის აფეთქებისთვის მცირე ნაპერწკალიც კი საკმარისი აღმოჩნდება.

ამიტომ, საქართველოს ხელისუფლების სიფრთხილე სრულიად გასაგებია. ოფიციალური თბილისი ხაზგასმით აცხადებს, რომ ჩეჩნეთში დაბრუნება ნებაყოფლობითი იქნება. ამის გარდა, საქართველოს მხარე თუნდაც ნებაყოფლობითი დაბრუნების პროცესის დაწყების პირობად დევნილთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობას აყენებს. თუმცა, კონკრეტულად როგორ მოხდება მსურველთა მოძიება და მათი სამშობლოში დაბრუნება - ამის თაობაზე ოფიციალურ თბილისს კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის კახა სიხარულიძის განმარტებით, სწორედ სამუშაო გეგმის არარსებობა გახდა მიზეზი 7 თებერვლისთვის დაგეგმილი რუსეთის უწყებათაშორისო ჯგუფის ვიზიტის გადადებისა. მისი ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ვიზიტის დაწყების წინა დღეს - 6 თებერვალს, საღამოს მიიღო ნოტა დელეგაციის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. ქართულმა მხარემ რეკომენდაციით მიმართა თავის რუს კოლეგებს, მხოლოდ ვიზიტის გეგმის შეთანხმების შემდეგ ჩამოსულიყვნენ თბილისში.

ისევ კახა სიხარულიძის განმარტებების თანახმად, საქართველოს მხარე თვლის, რომ უნდა დაიწყოს სამშობლოში დაბრუნების მსურველთა განცხადებების მიღება. შემოსული განცხადებების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ჩეჩნეთში დაბრუნების გზები და შესაძლებლობები.

პრობლემის განსხვავებული ხედვა აქვს რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრს სერგეი შოიგუს, რომლის განცხადებითაც, მისი სამინისტროს მაშველთა ჯგუფი 11 თებერვალს პანკისში გაემგზავრება. მისი განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება მიეპყრობა ოპერაციის ჩატარების უსაფრთხოებას და ოპერაციის დეტალები აუცილებლად შეთანხმდება საქართველოს მხარესთან.
საქართველოს მხარე პანკისის ხეობაში რაიმე ერთობლივი ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავს და სამართლიანადაც - ეს სწორედ იმ ნაპერწკლად შეიძლება იქცეს, რომელიც პანკისის ხეობას ააფეთქებს.
XS
SM
MD
LG