Accessibility links

logo-print

ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ყრილობა და პერსპექტივები


დავით პაიჭაძე, თბილისი ხუთშაბათს, 7 თებერვალს თბილისის ჭადრაკის სასახლეში ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მე-16 ყრილობა გაიმართა.

ყრილობას თითქოს ინტერესი შემატა პარტიის თავმჯდომარის ერთი დღით ადრე მიღებულმა გადაწყვეტილებამ: ირინა სარიშვილი-ჭანტურიამ პარტიის რიგებიდან გარიცხა ჯონდი ბაღათურია - თბილისის საკრებულოს წევრი, ბოლო პერიოდის, ალბათ, ყველაზე აქტიური და პოპულარული ეროვნულ-დემოკრატი; ბაღათურიამ სარიშვილის ნაბიჯი გააპროტესტა და უკანონოდ მიიჩნია, აქაოდა მხოლოდ თავმჯდომარეს ჩემი გარიცხვის უფლება არ ჰქონდაო. საკრებულოს წევრი თავის მომხრეებთან ერთად ყრილობაზე გამოცხადდა და ხელჩართულ ჩხუბში გადასული შეხლა-შემოხლის შემდეგ ყრილობაზე შეღწევა მოახერხა.

ჯონდი ბაღათურიას დარბაზში შეღწევის შემდეგ ეროვნულ-დემოკრატებმა ყრილობა დახურეს და ჟურნალისტებს შესვლა კატეგორიულად აუკრძალეს. მეტიც, დამსწრეთა შორის გაშიფრეს ერთი ჩვენი კოლეგა და გარეთ გამოაბრძანეს. ეროვნულ-დემოკრატთა ეს ნაბიჯი ნიშნეული იყო: მათ დახურეს ყრილობა საზოგადოებისათვის, რადგან, ჩანს, ფიქრობენ, რომ საზოგადოებას არაფერი ესაქმება პარტიის შიდა პრომლემებთან. ეს მართალიც არის: პარტიული სამზარეულო ნამდვილად არ წარმოადგენს საზოგადო ინტერესს. ერთი კითხვა: რამდენად აინტერესებს საზოგადოება თავად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიას? ყრილობის მდინარებისას ეს ინტერესი არაფრით იგრძნობოდა; ჟურნალისტებისთვის ზურგის შექცევით ეროვნულ-დემოკრატებმა აჩვენეს, რომ მათ სერიოზულად ემუქრებათ პოლიტიკურ სექტად გადაქცევის საფრთხე.

ჯონდი ბაღათურიამ ყრილობა ორიოდ საათში დატოვა და განაცხადა, რომ ვერ შეძლო დაეყენებინა საკითხი მისი გარიცხვის მართლზომიერების შესახებ. ბაღათურიამ გამოთქვა ეჭვი, რომ პარტიის ყრილობას ბევრი შემთხვევითი ადამიანი, პარტიის არაწევრი ესწრებოდა და ცოტა ხანში ის, ჯონდი ბაღათურია თვითონ გამართავს პარტიის ყრილობას. მოკლედ, მომსწრენი შევიქენით გასული საუკუნის 80-90-ანი წლების მიჯნაზე პოლიტიკური ცხოვრების მოქმედ კანონზომიერებათა რეანიმაციისა: არის პარტია, მას განწვალავს შინაგანი წინააღმდეგობები, ჩნდება ადამიანი, ვინც ცდილობს პარტიის გახლეჩას, ხლეჩს კიდეც, უერთდება სხვას ან აფუძნებს ახალ ჯგუფს, რომელიც თავიდანვე მარცხისა და მარგინალიზაციისათვის არის განწირული. სუსტდება გახლეჩილი დედა-პარტიაც. ამგვარ ორგანიზაციებში მთავარია ფართო საზოგადოებისთვის დღემდე გაუგებარი ურთიერთობების სისტემა, მოტივები და იმპულსები. ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ისინი თანდათან ჰკარგავენ გავლენას და ირიყებიან რეალური პოლიტიკური ცხოვრებიდან. სამწუხაროა, თუ დადგება მომენტი, როცა საზოგადოებისთვის სულერთი იქნება, რა ხალხია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში, ვინ არის მისი თავმჯდომარე, რა განზრახვები, გეგმა და პროგრამა აქვს ამ ორგანიზაციას, რას ეუბნება მოქალაქეებს, რით აპირებს ადამიანთა აყოლას და მიმხრობას. დახურულ კარს მიღმა, შიდა დაძაბულობასა და აგრესიაში ხარშვისას შეიძლება საბოლოო მიჯნა დაიდოს საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის; თანაც, ორივე მხარისთვის შეუმჩნევლად.
XS
SM
MD
LG