Accessibility links

მთავრობა ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობას ჯართის ექსპორტის შეზღუდვით იწყებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ხელისუფლებამ ჯართის ექსპორტში შექმნილ მდგომარეობის განსაჯელად მოიცალა.

ეს თემა პერიოდულად წამოტივტივდებოდა ხოლმე სამთავრობო წრეებში. თუმცა, ბოლო პერიოდამდე ხელისუფლება ხან სავალუტო ფონდის პოზიციას უწევდა ანგარიშს, ხან კი მსხვილი ექსპორტიორების წისქვილზე ასხამდა წყალს. როგორც ჩანს, ამჯერად მთავრობა სერიოზულად არის განწყობილი და ქვემო ქართლის გუბერნატორის წინადადებას მხარს დაუჭერს.

6 თებერვლის მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტის მორიგი ხმაურიანი განცხადება საქართველოს ეკონომიკაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ, ჯართის ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებით დაიწყო.

თავად ჯართის თემა მეტისმეტად აქტუალურია ქართული რეალობიდან გამომდინარე. ჯართმა ბოლო წლების განმავლობაში მთავარი საექსპორტო პროდუქტის ადგილი დაიმკვიდრა და შესაბამისად, ამ საქმით დაკავებულია უამრავი ფირმა,რომელთა უკან, არც თუ იშვიათად, მაღალი რანგის მფარველები მოიაზრებიან.

როგორც ჩანს, ამ ბიზნესში იწყება ძალთა ახალი გადანაწილება, რომლისთვისაც შეზღუდვები და დასაბეგრი რეჟიმის შეცვლა ეფექტური ხრიკი უნდა გამოდგეს. საერთოდ, საქართველოდან ექსპორტირებული მხოლოდ შავი ლითონისა და ალუმინის ჯართის ოდენობამ, ოფიციალური მონაცემებით, შარშან 50 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც საქართველოს მთლიანი საექსპორტო მოცულობის 15,3 პროცენტია და საკმაოდ მსუყე ლუკმა გახლავთ და ბუნებრივია, ღირს გარჯად.

აქამდე, მოქმედი კანონმდებლობით, 1999 წლის 20 ივლისიდან ჯართზე საექსპორტო გადასახადი გაუქმებულია. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნით ჯართზე დღგ-ს "ნულოვანი განაკვეთი" მოქმედებს.

ქვემო ქართლის გუბერნატორის მიერ მთავრობის სხდომაზე დაყენებული წინადადება ჯართის ექსპორტზე ჩვეულებრივი რეჟიმის დაწესებას და შეღავათების გაუქმებას ითვალისწინებს. ასევე, დღეს მოქმედი უამრავი ჯართის მიმღები და გადამამუშავებელი ორგანიზაციეიისა თუ წვრილი ფირმისათვის ჯართის მიღება ნებადართული იქნება მხოლოდ წარმოშობის სერტიფიკატის არსებობის შემთხვეაში. ამით ხელისუფლება ცდილობს ჯართისა და ელექტროსადენების ქურდობის წინააღმდეგ ბრძოლას.

გარდა ამისა, საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ და ადგილობრივმა საგადასახადო ინსპექციებმა პერიოდულად უნდა აკონტროლონ ჯართის შემგროვებელ ორგანიზაციებში ჯართის შესყიდვისა და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კანონიერება.
პრეზიდენტი გუბერნატორის მიერ წარმოდგენილი წინადადებებით სერიოზულად დაინტერესდა და უახლოეს დღეებში შექმნის სპეციალურ კომისიას, რომელიც ჯართის ექსპორტზე ახალი წესების შემოღების საკითხებზე იმუშავებს. თუმცა, მანამდე მთავრობას აღნიშნული წინადადებების საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან შეთანხმება მოუწევს.

მთავრობა, სავარაუდოდ, ამ ნოვაციას მხარს დაუჭერს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ქვეყანაში მრავალწლიანი "ჯართის ეპოპეის" შემდეგ, გასატანი ფაქტობრივად არც არაფერი დარჩა.
XS
SM
MD
LG