Accessibility links

logo-print

სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოს მთავრობასთან მოლაპარაკებები განაახლა


ბოლო კვირის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოს მთავრობასთან ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

მოლაპარაკებათა მთავარი თემა სავალუტო ფონდის მიერ შემოთავაზებული 2002 წლის ეკონომიკური მემორანდუმის პარამეტრებია. მემორანდუმის მოთხოვნებზე შეთანხმების შემთხვევაში, მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მორიგი დახმარება მოჰყვება.

საქართველოს მთავრობასთან კონსულტაციების დაწყებისთანავე საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ძირითად წყაროებზე გადასახადების მომატება მოითხოვა. ესენია თამბაქოს ნაწარმისა და ნავთობპროდუქტების იმპორტზე დაბეგვრის რეჟიმის შეცვლა. ნავთობის იმპორტიორთა პოზიციაზე ჩვენს რადიომსმენელს 5 თებერვალს ვესაუბრე.

რაც შეეხება თამბაქოს პროდუქციის წარმოებასა და იმპორტს, ამ სფეროდან გადასახადების ამოღების მაჩვენებელი სტაბილურად მცირდება იმის მიუხედავად, რომ, თამბაქოს ბიზნესის წარმომადგენელთა ლობირებით, რამდენიმე წლის წინ ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმი დაწესდა. თუმცა ადგილობრივი ბიზნესმენები ირწმუნებიან, რომ სიგარეტის წარმოებაზე გადასახადების მომატება სულაც არ გაზრდის შემოსავლებს, რადგან ხელისუფლება კონტრაბანდის მასშტაბების შემცირებას ვერ ახერხებს. ამ პრობლემის აღმოფხვრა კი ქართველ საქმოსნებს ადგილობრივი გადასახადების მეზობელ სახელმწიფოთა გადასახადებთან გათანაბრების შემდეგ მიაჩნიათ შესაძლებლად. ანუ სიგარეტის კონტრაბანდა ბუნებრივად დაკარგავს აზრს.

სავალუტო ფონდის მეორე მთავარი მოთხოვნაა ენერგოსისტემის ვალების გასტუმრება - რესტრუქტურიზაციის პროცესის სასწრაფოდ დაწყება. ეს საკითხი ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დევიდ ოუენმა საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან ავთანდილ ჯორბენაძესთან 7 თებერვალს გამართულ მოლაპარაკებებზე დააყენა. ოუენმა განაცხადა, რომ სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის პროგრამის გასაგრძელებლად საქართველოს მთავრობამ რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს. კერძოდ კი, უნდა მომზადდეს და საქართველოს პარლამენტს განსახილველად გადაეცეს ენერგოსექტორის ვალების რესტრუქტურიზაციის კანონი. ასევე მოსამზადებელია დოკუმენტი, რომელიც შიდა ვალების დაფარვის, ანუ თანხების მოძიების მექანიზმს ჩამოაყალიბებს. ეს მოთხოვნა ჩვენმა ხელისუფლებამ მაისის თვემდე სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭოს სხდომამდე უნდა შეასრულოს. წინა მისიის პრინციპული მოთხოვნისაგან განსხვავებით, ამჟამინდელი მისია ელექტროენერგიის ტარიფის ზრდის ხარჯზე ვალების გასტუმრების საკითხს აღარ აყენებს. თუმცა კი ვალის გასასტუმრებელი სახსრების შეგროვებას ბუნებრივი აირის ტარიფის მომატების გზით ურჩევს.

სავალუტო ფონდის პირობებს შორისაა 2002 წლის ივნისამდე ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციისა და გადაცემის სისტემის მართვის უფლების პრივატიზების დამთავრება; საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან და მსხვილი საწარმოებიდან მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდა და საქენერგოს რეორგანიზაციაცაა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის, 2002 წლის უმთავრესი პრიორიტეტი, ენერგეტიკული სექტორის პრობლემების მოგვარება იქნება. თუ ეს განცხადება რეალობად არ იქცა, ანუ ჩვენმა ხელისუფლებას სავალუტო ფონდის მოთხოვნები ვერ შეასრულა ივნისის ბოლოსათვის დაგეგმილი 24 მილიონი დოლარის დახმარების გამოყოფა კვლავ გაურკვეველი ვადით გადაიდება.
XS
SM
MD
LG