Accessibility links

logo-print

საქართველოს ხელისუფლება ნიდერლანდებში გაშვილებული ჯონი აბაიშვილის ადკოკატს ვერ ქირაობს


სოზარ სუბელიანი, თბილისი რადიო "თავისუფლების" მსმენელს 15 იანვრის გადაცემაში შესაძლებლობა ჰქონდა, მოესმინა აბაიშვილების ოჯახის ისტორია.

მსმენელს მოკლედ შევახსენებთ საქმის არსს: 1997 წელს ნიდერლანდებიდან პოლიციის ბადრაგითა და სპეციალური თვითმფრინავით დეპორტაცია გაუკეთეს აბაიშვილების ოჯახს, მათი მცირეწლოვანი ვაჟი, ნიდერლანდებში დაბადებული ჯონი აბაიშვილი კი სასამართლოს გადაწყვეტილებით ამავე ქვეყანაში დარჩა. ბავშვი მხოლოდ 11 თვის იყო, როცა სასამართლომ მშობლების უკითხავად და მათი ნების წინააღმდეგ გააშვილა. წინა გადაცემის შემდეგ მდგომარეობა მცირედით შეიცვალა: ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს საელჩომ ზოგიერთი დეტალის დაზუსტება და ადვოკატის დაქირავება შეძლო, მაგრამ სახელმწიფო ადვოკატისთვის გადასახდელ თანხას ვერ შოულობს.

მაისში შესრულდება 6 წელი მას შემდეგ, რაც გიორგი აბაიშვილს და მედეა შარაშენიძეს თავიანთი შვილი არ უნახავთ. აბაიშვილების დეპორტაციიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ საქართველოს საელჩომ ბენილუქსის ქვეყნებში შეძლო ბელგიელი ადვოკატის დაქირავება, თუმცა, ელჩის, კოტე ზალდასტანიშვილის მიერ საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში ნათქვამია: "ბელგიელი ადვოკატი დამოუკიდებლად, ჰოლანდიელი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, უფლებამოსილი არ არის წარმართოს აღნიშნული საქმე ნიდერლანდების სამეფოს სასამართლოს წინაშე".

საელჩომ, მშობლების თანხმობით, საქმეში ჰოლანდიელი ადვოკატიც ჩართო, მაგრამ ადვოკატის მომსახურებისთვის საჭირო ფინანსების მოძიება ვერ შეძლო. ელჩის წერილში ნათქვამია: "მსურს თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან და დელიკატურ საკითხს… მიუხედავად იმისა, რომ საელჩოს ხარჯთაღრიცხვაში გათვალისწინებული არ არის ამგვარი ხარჯების გაწევა, საელჩო, გამონაკლისის სახით, აანაზღაურებს ბელგიელი ადვოკატის პირველად საკონსულტაციო ხარჯებს, დაახლოებით 120 ევროს. რაც შეეხება ჰოლანდიელ ადვოკატს, მას მხოლოდ და მხოლოდ საქმის გაცნობისთვის უნდა გადავუხადოთ 500 ევრო, ხოლო საქმის წარმოების შემთხვევაში საათობრივი ანაზღაურების ფასი 120-დან 200 ევრომდე მერყეობს".

აბაიშვილების ოჯახის დეპორტაცია კანონის დარღვევით მოხდა, რაშიც ბრალი საქართველოს საკონსულოს თანამშრომლებსაც მიუძღვით. შესაბამისად, გიორგი აბაიშვილის თქმით, ბავშვის დაბრუნების ხარჯებიც სახელმწიფომ უნდა გაიღოს: [გიორგი აბაიშვილის ხმა] "ფაქტობრივად, ხელისუფლების მიზეზით მოხდა ეს ამბავი, რადგან არ გაფორმდა, არც რაიმე დოკუმენტი არსებობს, როგორ მოხდა ეს ჩვენი გაძევება, ბავშვის ჩამორთმევა, ამიტომ გარკვეულწილად დანაშაული საგარეო საქმეთა სამინისტროსაც მიუძღვის".

რამდენადაც სახელმწიფოს დახმარების იმედი ნაკლებად არსებობს, აბაიშვილებმა "საქართველოს ბანკში" სპეციალური ანგარიში გახსნეს და საზოგადოების თანადგომის იმედი აქვთ: [გიორგი აბაიშვილის ხმა] "თუ ეს თანხები არ იქნება მოძიებული, სასამართლო ვერ დაიძვრება წინ. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, გაგვეხსნა ანგარიში, ალბათ გაკეთდება შუამდგომლობები და მივმართავათ ბიზნესმენებს, საზოგადოებრივ და საქველმოქმედო ორგანიზაციებს, მოძიებული იქნას რაღაც თანხები, რაც დაგვეხმარება ამ საქმის დაწყებაში".

როგორც ნიდერლანდების საელჩოში განგვიმარტეს, ამ ქვეყნის კანონმდებლობა მოქალაქეობის მისაღებად მის ტერიტორიაზე დაბადებას საკმარისად არ მიიჩნევს. გიორგი აბაიშვილის აზრით, ბავშვის ბედის განსაზღვრის დროს ნიდერლანდების სასამართლოსთვის ამოსავალ პრინციპად არც საქართველოში არსებული ვითარება უნდა იქცეს: [გიორგი აბაიშვილის ხმა] "ჩვენ გვყავს ორი შვილი, რომლებიც სრულფასოვნად იზრდებიან საქართველოს პირობებში. თუ კიდევ სხვა კუთხით შევხედავთ, საქმე ძალიან მარტივია: ბავშვი არის საქართველოს მოქალაქე, ის თავის დროზე უკანონოდ იქნა გაშვილებული და როგორ მდგომარეობაში იქნება საქართველოში, ეს არის არა ჰოლანდიის, არამედ საქართველოს საქმე. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები, ჩვენი შვილი საქართველოს მოქალაქეა და ის იცხოვრებს თავის ქვეყანაში ისე, როგორც ცხოვრობს მილიონობით მისი თანატოლი".

აბაიშვილები იმედოვნებენ, რომ ნიდერლანდების სასამართლო მათ უკანონოდ წართმეულ შვილს დაუბრუნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ბრძოლის გაგრძელებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებენ.
XS
SM
MD
LG