Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლინ პაუელის გამოსვლა წარმომადგენელთა პალატის საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტში


ანდრო ეული, პრაღა ოთხშაბათს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი ჩვენებებით გამოვიდა მოსმენებზე კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში და განაცხადა,

რომ ერაყში უნდა შეიცვალოს ამჟამინდელი რეჟიმი და თან დასძინა, "შეერთებულ შტატებს "შესაძლოა მარტოს მოუხდეს ამის გაკეთებაო".

პაუელმა თქვა, რომ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სხვადასხვა ვარიანტებს იხილავს სათანადო ზომების მისაღებად ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის წინააღმდეგ, რომელმაც 1998 წლის დამლევს ქვეყნიდან გაეროს განიარაღების ექსპერტები გააძევა. კოლინ პაუელს არ დაუზუსტებია, აპირებს თუ არა პრეზიდენტი ბუში სამხედრო ძალის გამოყენებას, ან კიდევ დამატებითი ეკონომიკური და დიპლომატიური ზომების მიღებას ერაყის წინააღმდეგ.

ვაშინგტონის ევროპელი, არაბი და სხვა მოკავშირეები, აგრეთვე რუსეთი, წინააღმდეგი გამოდიან იმისა, რომ ავღანეთში მიმდინარე ანტი - ტერორისტული ომი შემდგომ ეტაპზე ერაყში გაგრძელდეს. კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ გაეროს განიარაღების კომისიას უნდა მიეცეს "შეუზღუდავი უფლება" საგულდაგულოდ შეამოწმოს ერაყში იარაღის წარმოებასთან დაკავშირებული ყველა საეჭვო ობიექტი, რაც გაეროს რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო სპარსეთის ყურის ომის დამთავრების შემდეგ, მაგრამ 1998 წელს შეწყდა, როცა სადამ ჰუსეინმა ქვეყნიდან გააძევა ხსენებული კომისიის წევრები.

როგორც შეერთებული შტატების, ასევე კიდევ მრავალი სხვა ქვეყნის სადაზვერვო მონაცემების თანახმად, ერაყი ცდილობს შექმნას შორ რადიუსში მოქმედი რაკეტები, ბიოლოგიური, ქიმიური და, შესაძლოა, ბირთვული იარაღიც.
წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამოსვლისას პაუელმა თქვა, რომ როგორც შეერთებული შტატების დაზვერვამ დაასკვნა, ნაკლებადაა მოსალოდნელი, რომ ერთ წელიწადსა თუ წელიწადნახევარში ერაყმა ბირთვული იარაღი შექმნას. "ჩვენ კვლავაც აუცილებლად მიგვაჩნია ერაყში რეჟიმის შეცვლა და მოუთმენლად ველით იმ დღეს, როცა დემოკრატიული, წარმომადგენლობითი და თავის მეზობლებთან დამეგობრებული მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობაში დააბრუნებს ერაყს"- განაცხადა კოლინ პაუელმა.

სამშაბათს პაუელმა მოკლე და უარყოფითი პასუხი გასცა ერაყის წინადადებას, დიალოგი დაიწყოს გაეროსთან. ბაღდადის ეს ინიციატივა არაბული ლიგის გენერალურმა მდივანმა ამრ მუსამ გააცნო გაეროს გენერალურ მდივანს კოფი ანანს. "ეს უნდა იყოს მეტად ხანმოკლე დისკუსია. განიარაღების ექსპერტები ჩვენს მიერ წაყენებული პირობებით უნდა დაბრუნდნენ ერაყში"-განაცხადა სენატის საგარეო საქმეთა კომისიაში გამოსვლისას კოლინ პაუელმა. მან აღნიშნა ამასთანავე, რომ ირანი ვითარების დესტაბილიზაციას ცდილობს ავღანეთში, სადაც დროებით მთავრობას უამრავი პრობლემები აქვს მოსაგვარებელი, მაგრამ იქვე დასძინა, რომ კვლავაც მზადაა დიალოგი დაიწყოს ირანის ლიდერებთან.
XS
SM
MD
LG