Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკური ლიდერები


პოლიტიკა საქართველოში პოპულარულია და ქართული საზოგადოებაც მეტისმეტად პოლიტიზებულია.

სამაგიეროდ, პოლიტიკური პარტიები დეგრადაციას განიცდიან და ერთადერთი, რაც მათ არსებობის ნიშანწყალს უნარჩუნებს, ლიდერის ფაქტორია. ეს კანონზომიერება თითქმის ყველა პარტიაზე ვრცელდება.

საქართველოში პარტიების განლევის პროცესი მიმდინარეობს. 1992 წლის მოწვევის პარლამენტში 26 პოლიტიკური პარტია მოხვდა; დღევანდელ პარლამენტში კი, ფრაქციების სიმრავლის მიუხედავად, სულ ხუთიოდე პარტიაა წარმოდგენილი.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაიშალა საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, გაიხლიჩა ეროვნულ-დემოკრატიული და სახალხო პარტიები, აღარაფერი დარჩა ლეიბორისტული პარტიის ბირთვისგან, ტრადიციონალისტებს და სოციალისტებს საზოგადოება სულ რამდენიმე ადამიანის მეშვეობით იცნობს.

საფიქრებელია, რომ პარტიების დაკნინების პირველი მიზეზი მოუწესრიგებელი შიდაპარტიული სტრუქტურაა. თითოეული პარტია წარმოადგენს ლიდერის გარშემო შემოკრებილ - უკეთეს შემთხვევაში, რამდენიმე ათეული ადამიანისგან შემდგარ - ჩაკეტილ წრეს. ამ წრეში, წლების და ათწლეულების განმავლობაში, არაფერი იცვლება და პარტიული სეგმენტი ქვეყნის პოლიტიკაში სერიოზულ როლს ვეღარ ასრულებს.

პარტიების დაკნინების მეორე მიზეზი საარჩევნო სისტემაა. იმისათვის, რომ პარტიამ შვიდპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გადალახოს, უპრიანია, მოძებნოს ლოკომოტივი და საარჩევნო სიაში მოახვედროს რეიტინგით ან ფინანსურად წელგამართული რამდენიმე ადამიანი. გასულ არჩევნებში სულ ორი ლოკომოტივი აღმოჩნდა, ორივე - სახელისუფლო პარტია: მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება. თითოეულმა მათგანმა არჩევნების მოგების გარანტია უფრო სახელისუფლო ბერკეტებით მოიპოვა, ვიდრე საზოგადოებრივი მხარდაჭერით.

სულ სხვა ვითარებაა ლიდერებთან დაკავშირებით. მაგალითად, არავინ იცის, რას წარმოადგენს მრეწველთა პარტია, მაგრამ ყველამ იცის, ვინ არის გოგი თოფაძე. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია უკურნებლად არის ავად, მაგრამ საზოგადოება გულისყურით უსმენს ირინა სარიშვილს. ლეიბორისტული პარტია განადგურდა თვითმმართველობის არჩევნებში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მაგრამ შალვა ნათელაშვილი პრესის ფურცლებიდან არ ჩამოდის...

დღემდე არჩევნებს იგებს არა სტრუქტურირებული პოლიტიკური ძალა, არამედ, ერთი მხრივ, სახელისუფლო ბერკეტები, მეორე მხრივ, ლიდერების ირგვლივ ჩამოყალიბებული საზოგადოებრივი აზრი. იმის გამო, რომ პარტიების დიდ უმრავლესობას ხელი არ მიუწვდება სახელისუფლო ბერკეტებზე, ფსონი იდება მხოლოდ და მხოლოდ ლიდერზე. ის პარტიებიც კი, რომელთა გულისგულში ამბოხი აღმოცენდა ლიდერთან უთანხმოების გამო - პოლიტიკის გუშინდელი დღეა.
რადგან 2003 წელს პარლამენტი დაკომპლექტდება საზოგადოების მხრიდან არა ლიდერების, არამედ, სწორედ ძლიერი პარტიების მხარდაჭერით. ეს რეალობა შექმნა მთავარი სახელისუფლო პარტიის - მოქალაქეთა კავშირის დაშლამ. ამიტომ არის, რომ დღეს სააკაშვილიც, ჟვანიაც, თოფაძეც, გამყრელიძეც და გაჩეჩილაძეც არა მხოლოდ საკუთარ რეიტინგზე, არამედ, პირველ რიგში, პარტიული სტრუქტურის გამტკიცებაზე ფიქრობენ.
XS
SM
MD
LG