Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები მეტნაკლებად აქტიურ ფაზაში შედის


აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ასლან აბაშიძე მოსკოვში იმყოფება და რუსეთის ოფიციალურ პირებს ხვდება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აჭარის ლიდერმა აფხაზეთში არსებულ მდგომარეობასა და აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პერსპექტივებზე იმსჯელა. საგულისხმოა ისიც, რომ 11 თებერვალს სოხუმში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე ჩავა.

რუსეთის საინფორმაციო საშუალებები ასლან აბაშიძეს სერიოზულ პოლიტიკოსად წარმოაჩენენ. წერენ, რომ მას ნამდვილად შესწევს უნარი , აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებით სერიოზულ პროგრესს მიაღწიოს. აჭარის ლიდერის შესაძლებლობებს ედუარდ შევარდნაძეც აფასებს. ის აბაშიძეს ენდო, როცა მას სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესში თავისი პირადი წარმომადგენლის სტატუსი მიანიჭა. ჰოდა, ასლან აბაშიძე, შევარდნაძის პირადი წარმომადგენლის ამპლუაში პირველ შეხვედრებს მართავს. მოსკოვში გამგზავრებამდე ის პრეზიდენტს ესაუბრა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] "ასლანს აქვს ჩემს მიერ მიცემული უფლებამოსილება მიიღოს მონაწილეობა სამშვიდობო პროცესში. წასვლის წინ დამირეკა. ვიცი რა საკითხები უნდა განიხილონ. ახლა ისე არ უნდა ვიფიქროთ, რომ ასლანი ჩავიდა მოსკოვში და აფხაზეთი დაბრუნდება, მაგრამ, მისი ჩართვა პროცესში თავისთავად მისასალმებელია."

როგორც "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსეთის დედაქალაქში აბაშიძე გულთბილად მიიღეს. იქ მიიჩნევენ, რომ ქართულ-აფხაზურ მხარეებს შორის არსებული ფსიქოლოგიური ბარიერის დაძლევა კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით შეიძლება. მაინც რა იგულისხმება ასეთ ნაბიჯებში უცნობია. თუმცა, ცნობილია, რომ აფხაზთა მხარე კვლავინდებურად ჯიუტად მოითხოვს კოდორის ხეობიდან საქართველოს არმიის ქვედანაყოფის გაყვანას. უფრო მეტიც, აფხაზთა შეიარაღებული ძალების შტაბის მეთაურის ვლადიმერ არშბას განცხადებით, თუ ნეიტრალური ზონიდან საქართველოს შეიარაღებული ნაწილის გაყვანის თაობაზე მოლაპარაკება ჩიხში შევა, სოხუმში საკუთარი სამხედრო ძალის გამოყენების საკითხზე დაფიქრდებიან. მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ მოსკოვში მიმდინარე შეხვედრებს. სამშვიდობო პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იქ კიდევ 2 დღეს დაჰყოფს.

8 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა და ასლან აბაშიძემ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პერსპექტივებზე რუსეთის სამშვიდობო მისიის ფორმატის გაფართოების ჭრილში იმსჯელეს. მოსკოვი თანახმაა განიხილოს ედუარდ შევარდნაძის წინადადება, სამშვიდობო მისიის მოქმედების არეალის გალის რაიონის მთელ ტერიტორიაზე გავრცელების თაობაზე.
როგორც იგორ ივანოვმა აბაშიძესთან შეხვედრის წინ განაცხადა: ციტატა" აფხაზეთის პრობლემა საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. რუსეთის სახით საქართველოს ჰყავს საიმედო პარტნიორი, რომელიც მას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში დაეხმარება. "

საქართველოს ხელისუფლებას, განსაკუთრებით ჩვენს პრეზიდენტს ასეთი დაპირების ლამის გულწრფელად სჯერა. თუმცა, რამდენად მოგვცემს სასურველ შედეგებს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში რუსეთის ნომერ პირველ პარტნიორად აღიარება, ძნელი სათქმელია. ეს არის, რომ რუსეთის ნებით მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურება იგრძნობა. ორმხრივი მოლაპარაკებების ჩიხურ სიტუაციაში შესვლის შემდეგ, 11 თებერვალს, სოხუმში ერთმანეთს ავთანდილ ჯორბენაძე და ანრი ჯერგენია შეხვდებიან.
XS
SM
MD
LG