Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო პოლიტიკაში "რუსული ვექტორი"ძლიერდება


"საქართველოსთვის რუსეთი შეუცვლელია როგორც უახლოესი მეზობელი, ასევე როგორც სტრატეგიული მოკავშირე", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა იანვრის ბოლოს საქართველოში რუსეთის უშიშროების მდივნის ვლადიმირ რუშაილოს ვიზიტის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის არსებული დონე აბსოლუტურად საპირისპიროზე მეტყველებს, ხსენებული ვიზიტის შემდეგ ორი ქვეყნის მმართველ წრეებში ურთიერთობა მართლაც საგრძნობლად დათბა. საქართველოს საგარეო პოლიტიკაში რუსული ვექტორის გაძლიერებას ის მნიშვნელოვანი ვიზიტებიც ცხადყოფს, რომელთა შესახებ საუბარსაც 8 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ფაქტობრივად მთელი ბრიფინგი მიუძღვნა.

საერთო აღიარებით, რუსეთ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების ყველაზე რთულ უბანს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგება და რუსეთის სამხედრო ბაზების საქართველოს ტერიტორიაზე არსებობის საკითხის საბოლოო დაზუსტება წარმოადგენს. ამ პრობლემების ირგვლივ შეჯერებულ პოზიციათა უქონლობამ საქართველო-რუსეთს შორის 1994 წლის თებერვალში ხელმოწერილი ჩარჩო-ხელშეკრულება ერთხელ უკვე აქცია სრულ ფიქციად.

ზუსტად რვა წლის შემდეგ ორი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელები სტრატეგიული თანამშრომლობის იდეის რეანიმირებას ცდილობენ. მოახდენს თუ არა ამჟამინდელი დიპლომატიური აქტიურობა რეალურ გარდატეხას და იქცევა თუ არა რუსეთი საქართველოსთვის სტრატეგიულ მოკავშირედ, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. ფაქტი მხოლოდ ისაა, რომ ედუარდ შევარდნაძემ მთელი დიპლომატიური რესურსი რუსეთის ვექტორისკენ მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის კახა სიხარულიძის განცხადებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის ასლან აბაშიძის ვიზიტის დამთავრების შემდეგ, ჩარჩო-ხელშეკრულების პრინციპების შესათანხმებლად, 14 თებერვალს მინისტრ ირაკლი მენაღარიშვილის ხელმძღვანელობით მოსკოვში საქართველოს სახელმწიფო დელეგაცია გაემგზავრება. 17-18 თებერვალს კი საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებით მოსკოვში რუსეთ-საქართველოს ორმხრივი კომისიის წევრები შეიკრიბებიან.
რაც შეეხება პანკისის ხეობაში მყოფი ჩეჩენი ლტოლვილების რეპატრიაციას, რუსეთიდან უკვე მიღებულია სათანადო ნოტა, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია საქართველოს 11 თებერვალს ესტუმრება.
[კახა სიხარულიძის ხმა] "ეს არის საორგანიზაციო ჩამოსვლა. გადაწყვეტილებები გამოვა იმ პოლიტიკური დამოკიდებულებებიდან, რომელიც ორივე მხარეს აქვს. ე.ი. ვიმეორებ, ნებაყოფლობითი დაბრუნება, ყოველგვარი გართულებებისა და ექსცესების გარეშე."

ურთიერთობათა ასეთმა მკვეთრმა დათბობამ, საქართველოს პოლიტიკურ წრეებში წარმოშვა ეჭვი, რომ თუ რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს დელეგაცია წარმატებით გაართმევს თავს ლტოლვილთა რეპატრიაციას, არ არის გამორიცხული, რომ საპასუხოდ თბილისი დათანხმდეს მოსკოვს პანკისის ხეობაში ერთობლივი სპეცოპერაციის ჩატარებაზე.

გარდა ამისა, სტრატეგიული საკითხების შეთანხმების პროცესში ასევე მოსალოდნელია, რომ, თუნდაც ეკონომიკური ფაქტორების გათვალისწინებით, დღის წესრიგში დადგეს ახალქალაქსა და ბათუმში დისლოცირებული სამხედრო ბაზების ყოფნის ვადების გახანგრძლივების საკითხიც. თუმცა სტამბოლის სამიტის რევიზიის შესაძლებლობას კატეგორიულად გამორიცხავენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
[კახა სიხარულიძის ხმა] "ჩვენი პოზიცია არის კვლავ ურყევი - სამი წელი. და ამჯერად უკვე, სახელმწიფო დელეგაციას შეთავაზებული აქვს და თან მიაქვს ამ ორი ბაზის ლიკვიდაციის კონკრეტული გეგმა".

როგორც ირკვევა, საქართველომ წინასწარ იმაზეც იზრუნა, რათა ბაზების ლიკვიდაციის შემდეგ სამოქალაქო პერსონალს უმუშევრობა არ დაემუქროს. საქართველოში 6 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისარი როლფ იკეუსი. კახა სიხარულიძის ინფორმაციით, მისი ვიზიტის მიზანია, დონორ ქვეყნებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ეკონომიკური რეაბილიტაციის შესახებ კონკრეტული წინადადებები შესთავაზოს.
XS
SM
MD
LG