Accessibility links

logo-print

ყოველკვირეული პროგრამა


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 421-ე გამოშვება.

მარიამ ჭიაურელი:
ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელ გადაცემას, როგორც ყოველთვის "მეათე სტუდიაში" განვაგრძობთ. ყოველკვირეული რადიოჟურნალის ეს გამოშვება, მართალია საიუბილეო არ არის (რიგით 421-ე გახლავთ), მაგრამ ისე მოხდა, რომ მისი დიდი ნაწილი საიუბილეო თარიღებს დაეთმობა- მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები, რომლებსაც თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ, ამჯერად არიან მარი ბროსე, ფრანსუა ტრიუფო, ჟულიეტ გრეკო და ლეონტინ პრაისი. თუმცა, ვიდრე მათზე დაწვრილებით ვისაუბრებდეთ, "მეათე სტუდიის" ტრადიციით, ჯერ პოლიტიკურ პროცესს შევეხებით - ამჯერად ვიმსჯელებთ არჩევნების წინ საქართველოს პარტიებში კრიზისის გამწვავებაზე და ერთ არატრადიციულ თემასაც შემოგთავაზებთ. პრაღაში მიკროფონთან არის მარიამ ჭიაურელი.

[მუსიკა]

არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებში კრიზისი მწვავდება

მარიამ ჭიაურელი:
საქართველოში საინტერესო ტენდენცია შეინიშნება - არჩევნების მოახლოება ისედაც მცირერიცხოვანი პოლიტიკური პარტიების დაყოფას იწვევს. და ეს მაშინ, როცა (როგორც იტყვიან) შედარებით ნორმალურ ქვეყნებში პირიქით ხდება - არჩევნების წინ მცირერიცხოვანი პარტიები აქტიურ პოლიტიკაში ადგილის შესანარჩუნებლად, თანამოაზრეებს ეძებენ და ალიანსების შექმნის ხერხით ამომრჩევლის ხმების გაზრდაზე ზრუნავენ. წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელი კრიზისის შესახებ თამარ ჩიქოვანი გესაუბრებათ.

თამარ ჩიქოვანი:
როგორც ჩანს, პოლიტიკური პარტიების გამსხვილების ოცნებას საქართველოში შესრულება არ უწერია. მეტიც - ის პარტიები, ვინც პერიოდულად ხმამაღალ განცხადებებს აკეთებენ სხვა პარტიებთან ალიანსის ან რაიმე სხვა საკის თანამშრომლობის თაობაზე, საბოლოოდ, საკუთარ რიგებში შექმნილ კრიზისს ვერ უმკლავდება.

ერთ დროს ეროვნული მოძრაობის ფლაგმანი ედპ ჯერ ორად გაიყო, მაგრამ, როგორც ჩანს, გაყოფისას შექმნილი ორი პოლიტიკური ორგანიზაციის დანაწევრების პროცესი კვლავაც გრძელდება. პრინციპში, ედპ-სა და სახალხო პარტიაში კრიზისის "ბჟუტვა" მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებისას ორივე ეს პარტია პარლამენტს გარეთ დარჩა, ადრე თუ გვიან რადიკალური ცვლილებების აუცილებლობა რომ აუცილებლად დადგებოდა დღის წესრიგში - ცხადი იყო. სხვა საკითხია, რომ მომხდარი ცვლილებები პარტიებს გაძლიერების გაცვლად, ასუსტებს.
ედპ-ის მცდელობა, საპარლამენტო არჩევნების წინ მემარჯვენე ორიენტაციის პარტიების ალიანსი შეექმნა, წარუმატებელი აღმოჩნდა.ედპ-სა და რესპუბლიკური პარტიის ალიანსმა არჩევნებზე 7 პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი ვერ დაძლია. დაახლოებით ერთ წელიწადში კი რესპუბლიკელებმა ალიანსი დატოვეს - მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ირინა სარიშვილი-ჭანტურიას კეთილგანწყობა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერის ასლან აბაშიძის მიმართ.

შარშან ვაკის მაჟორიტარული არჩევნებისას კიდევ ერთხელ დადასტურდა ედპ-ს ლიდერის რეიტინგის ვარდნა ამომრჩევლის თვალში. ვაკის არჩევნებისას მან არა მხოლოდ გამარჯვებულთან - მიხეილ სააკაშვილთან, არამედ "უცნობ სახესთან" -გოჩა ფიფიასთანაც კი წააგო. შესაბამისად, ირინა სარიშვილი-ჭანტურია ის იშვიათი პოლიტიკოსი აღმოჩნდა, რომელსაც ვერ უშველა ვერც პრეზიდენტ შევარდნაძისა და ვერც ასლან აბაშიძის ხმამაღლა გამოხატულმა მხარდაჭერამ. პრეზიდენტი შევარდნაძე არ უშვებდა შესაძლებლობას, რათა თავისი კეთილგანწყობილება გამოეხატა ედპ-ს ლიდერისა და თავად პარტიის მიმართ: [შევარდნაძის ხმა]

იხ. აუდიო ვერსია

ედპ-ს დემოკრატიულობა ყველაზე უკეთ 7 თებერვალს გამართულ ყრილობაზე გამოჩნდა, რომლის დროსაც პოლიტიკურ არგუმენტებზე მეტი დატვირთვა მუშტებსა და უცენზურო სიტყვებს მიენიჭა. პარტიის წევრები არც ჟურნალისტებს მოერიდნენ, თუმცა, თავად ყრილობა დახურულად გამოცხადდა და ჟურნალისტებს მხოლოდ დახურული კარიდან ესმოდათ სტვების და აყალმაყალის ხმა. საბოლოოდ, ყრილობამ ლიდერად ისევ ირინა სარიშვილი-ჭანტუირია აირჩია, რომელიც უახლოეს ხანში პარტიის მოქმედების სტრატეგიას შეიმუშავებს.

რაც შეეხება სახალხო პარტიას - ყრილობაზე, რომელიც 9 თებერვალს არის დაგეგმილი, დიდია კიდევ ერთი განხეთქილების შანსი. მართალია, პარტიის თავმჯდომარე მამულა გიორგაძე კატეგორიულად უარყოფს პარტიაში რაიმე კონფლიქტის არსებობას, მაგრამ პარტიის მდივანი გიორგი კობახიძე აცხადებს, რომ პარტიაში მამუკა გიორგაძის ერთმმართველობით უკმაყოფილონი აუცილებლად ეცდებიან პარტიის ხელმძღვანელის შეცვლას. მისივე განცხადებით, არ იგეგმება სახალხოელებისა და ედპ-ს გაერთიანება: [გიორგი კობახიძის ხმა]

იხ. აუდიო ვერსია

მოკლედ, როგორც ჩანს, უახლოეს დღეებში ახალი, მცირერიცხოვანი პარტიების შექმნის მომსწრენი გავხდებით, რომლებიც რაიმე სიახლეს პარტუელ ცხოვრებაში ნამდვილად ვერ შეიტანენ.

თამარ ჩიქოვანი, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი.

[მუსიკა]

ბიოლოგიური ველის ფენომენის შესახებ.

მარიამ ჭიაურელი:
ახლა საქართველოს პოლიტიკური სარბიელიდან ბიოლოგიურ ველზე გადავინაცვლებთ. დიახ, დაპირებისამებრ არატრადიციულ თუ უჩვეულო თემას შემოგთავაზებთ და ბიოლოგიური ველის ფენომენზე მოგითხრობთ - კერძოდ კი მარტვილის რაიონის სოფელ სერგიეთის მკვიდრის, ზურაბ ბედიას შეძენილ უნარზე, მოახდინოს კოსმიური ენერგიის ტრანსფორმაცია ანუ გარდაქმნას მასში გატარებული ბიოლოგიური ველი. როგორც გიორგი კაკაბაძემ შეიტყო, ამგვარი მოვლენა განეკუთვნება ენერგოინფორმატიკის სფეროს და თავის ბუნებით, ყველაზე უფრო ახლოს დგას კონცეფციასთან ტორსიული ველების შესახებ.

გიორგი კაკაბაძე:
ზურაბ ბედიას ფენომენის გაჩენა ტრაგიკულმა შემთხვევამ განაპირობა. ორნახევარი წლის წინათ მას დაეღუპა ძმა, რომელიც მაღალი დონის რადიომოყვარული გახლდათ. როგორც ბატონი ზურაბი აღნიშნავს, მისი ძმა თვითნაკეთი ხელსაწყოთი გადიოდა ეთერში [ბედიას ხმა] "და წარმოიდგინეთ თქვენ, რომ მას უშუალოდ ლაპარაკი ჰქონდა რაჯივ განდისთან და მეფე ხუან კარლოსთან. ისინი რადიომოყვარულები ყოფილან. მოხდა ისე, რომ თავის აპარატს აკეთებდა, როცა დენი არ იყო და მოულოდნელად მოვიდა დენი, დაარტყა დენმა და გარდაიცვალა."

ძმის გარდაცვალების ამბავი რომ გაიგო ზურაბ ბედიამ, მიღებული სტრესის შედეგად, რამდენიმე წუთით გონება დაკარგა. ტრაგიკული შემთხვევიდან ორმოცი დღის შემდეგ კი, სიზმარში გამოეცხადა ძმა, რომელმაც ელექტრული ნათურების გამოცვლა სთხოვა თავის სახლში. [ბედიას ხმა] "აი, როდესაც გამახსენდა, მივედი და ნათურას რომ მოვკიდე ხელი მოსახრახნად, შევამჩნიე, რომ სპირალი ციმციმებდა. ვიფიქრე, დენი მოვიდა-მეთქი, ჩავხრახნე ისევ ნათურა, მაგრამ დენი მოსული არ იყო. შემდეგ მოვეხსენი ეს ნათურა, ხელში დავიკავე და ციმციმი დაიწყო."

მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ხელების შეხებით, ზურაბ ბედიას უფრო მეტი ეფექტით შეუძლია, ასე ვთქვათ, ჩართოს ნეონის ნათურებიც. ბატონმა ზურაბმა თავისი უნარი რადიო "თავისუფლების" თბილისის ბიუროში სტუმრობის დროსაც გამოავლინა.

რით შეიძლება აიხსნას ბედიას ფენომენი? საქართველოს ეროვნული სამედიცინო აკადემიის აკადემიკოსი, ექიმი-ბიოენერგოთერაპევტი, გია სულაქველიძე განმარტავს, რომ კლასიკური გაგებით, განსაკუთრებულ ანუ ფენომენურ უნარებს ადამიანი იძენს გარკვეული სტრესის შემდეგ. მისი თქმით, ბედიას ფენომენი განეკუთვნება ენერგოინფორმატიკის სფეროს. [სულაქველიძის ხმა] "ჩვენ ყველა ვიღებთ კოსმიურ ენერგიას, ჩვენში ხდება მისი ტრანსფორმაცია, ამ ენერგიას ვიყენებთ საკვების გადამუშავებისათვის, ნერვული სისტემის დასაწყნარებლად და სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ ზოგჯერ ხდება ხოლმე გარედან შემოსული ამ ველის ტრანსფორმაცია, გარდაქმნა რაღაც გარკვეულ ველად."

გია სულაქველიძე აღნიშნავს, რომ ბედიას ფენომენის ანალოგიური მოვლენა მსოფლიოში ჯერ არ დაფიქსირებულა, მაგრამ თეორიული თვალსაზრისით ეს ფენომენი ყველაზე კარგად მიესადაგება რუსი მეცნიერების, შიპოვისა და აკიმოვის კონცეფციას ტორსიული ველების შესახებ, [სულაქველიძის ხმა] "რომელიც ზუსტად ხსნის ამ მექანიზმს და რომლითაც შეიძლება აიხსნას ის ნათება, რომელიც აქ ხდება. მაგრამ მთავარი ინტერესი ის არის ჩემი, როგორც ექიმის, რომ ბატონი ზურაბის ეს ენერგია გადავიყვანოთ სამკურნალო ენერგიაში, ე.ი. შევუქმნათ მას კაბინეტი და შეიძლება დაავადებებზე ვიფიქროთ - თეორიულად უკვე მიმუშავია ამაზე - პრაქტიკულად, უკვე რამდენიმე მოხალისეა და, ალბათ, ჩვენ ავიღებთ პარკინსონის დაავადებას."

ამასთან ერთად, ექიმი-ბიოენერგოთერაპევტი არ გამორიცხავს ერთობლივ მუშაობას სხვა დაავადებების მიმართულებითაც.

გია სულაქველიძე იმედოვნებს, რომ ბედიას ფენომენი საერთაშორისო მასშტაბითაც გამოიწვევს დაინტერესებას, როგორც ეს თავის დროზე მოხდა ინგლისში მცხოვრები ური გელერის ფენომენთან დაკავშირებით. [სულაქველიძის ხმა] "და ეს ფენომენი ზუსტად დღევანდელობისათვის არის ძალიან საინტერესო და სადღაც ანალოგიას ვატარებ ბატონ ზურაბთან. თუ ის ჩამოვიდა - ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს - ის დაინტერესდება ბატონი ზურაბით და ერთობლივად გაკეთდება საინტერესო პროექტი, საინტერესი კვლევა, ვინაიდან ბატონი გელერის პირველი ფენომენი, მეტალების ღუნვა, შემდეგ გამოყენებული იქნა სამედიცინო დარგში."

გია სულაქველიძე მიიჩნევს, რომ გარკვეული დროის შემდეგ ბედიას ფენომენიც აუცილებლად დაიმკვიდრებს ადგილს ბიოენერგოთერაპიის სფეროში.

გიორგი კაკაბაძე, რადიო "თავისუფლებისათვის", თბილისი

[მუსიკა]

მარი ბროსეს დაბადების 200-წლიანი იუბილე

მარიამ ჭიაურელი:
თუ გიორგი კაკაბაძის სიუჟეტი მომავალზე საუბარმა დაასრულა, ახლა თვალს წარსულს მივაპყრობთ.

ამა წლის 5 თებერვალს შესრულდა 200 წელი მარი ბროსეს დაბადებიდან. ის არის პირველი ევროპელი მეცნიერი, რომელიც სერიოზულად დაინტერესდა ქართული კულტურის შესწავლით და, არსებითად, საფუძველიც დაუდო საზღვარგარეთულ ქართველოლოგიას. მარი ფელისიტე-ქსავიე ბროსე 1802 წელს დაიბადა პარიზში. სწავლობდა ორლეანისა და სან-სულპისიენის სემინარიებში, ისმენდა ლექციებს კოლეჟ-დე-ფრანსში. იტაცებდა რიტორიკა, ფილოსოფია, განსაკუთრებით კი - აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორია და კულტურა. იცოდა ბერძნული, ჩინური, მანჯურული, ტიბეტური, ქართული, სომხური, რუსული და სხვა ენები. პირველ ქართველ აკადემიკოსთან, თეიმურაზ ბატონიშვილთან ურთიერთობამ დიდწილად განსაზღვრა მისი სამეცნიერო ინტერესების არეალი. მარი ბროსეს სისტემურ მეცნიერულ კვლევამდე უცხოელ სწავლულებს ქართულ კულტურასთან, ასე ვთქვათ, სამოგზაურო-დილეტანტური შეხება ჰქონდათ; მარი ბროსეს მეცნიერული ძიებანი მრავალმხრივი ხასიათისა იყო და მოიცავდა ჩვენი ხალხის ისტორიულ-კულტურული ყოფის თითქმის ყველა სფეროს: ქართველი ერის ისტორიასა და, გარკვეული აზრით, ისტორიულ ფსიქოლოგიას, არქეოლოგიას, ნუმიზმატიკას, გრამატიკას, ლექსიკოგრაფიას, ძველ და ახალ ქართულ ლიტერატურას, რასაც ახლდა დაუცხრომელი ზრუნვა ქართული სიტყვაკაზმული და ისტორიოგრაფიული ძეგლების თარგმნისა და გამოცემისათვის. მარი ბროსეს ღვაწლისა და მეცნიერული მემკვიდრეობის შესახებ ჩვენი თანამშრომელი დავით პაიჭაძე ესაუბრა მარი ბროსეს შთამომავალს, მისი შვილთაშვილის შვილიშვილს, ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარიას.

დავით პაიჭაძე:
მარი ბროსე, მართალია, საფრანგეთში გარდაიცვალა, მაგრამ მისი შთამომავლები რუსეთში, პეტერბურგში ცხოვრობდნენ. მარი ბროსეს ერთმა შვილთაშვილმა, ვიქტორ ბროსემ 1918 წელს დატოვა რუსეთი და საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. დავით ხოშტარია ვიქტორ ბროსეს შვილიშვილი და ცნობილი ქართველი ისტორიკოსის, ედიშერ ხოშტარია-ბროსეს შვილია. ჩემს კითხვას, რა არის დღესაც ღირებული მარი ბროსეს სამეცნიერო მემკვიდრეობაში, რით არის ის მნიშვნელოვანი არა მხოლოდ მეცნიერების ისტორიის თვალსაზრისით, არამედ თანამედროვე მეცნიერებისათვის, დავით ხოშტარია პასუხობს:

იხ.აუდიო ვერსია

დავით ხოშტარია შეგვახსენებს, რომ მარი ბროსე არ იყო მხოლოდ შემგროვებელი, აღმწერი და გამომცემელი. დიდძალი მასალის თავმოყრის გარდა, რაც საფუძველს ქმნიდა საქართველოს ისტორიის დასაწერად, მარი ბროსემ დაწერა კიდეც ეს ისტორია, რომელიც, დავით ხოშტარიას თქმით, შეიცავს უამრავ საინტერესო დაკვირვებასა თუ დასკვნას, ორიგინალურ ინტერპრეტაციებს. საქართველოს ისტორია 7 ტომად ფრანგულ ენაზე გამოიცა სანკტ-პეტერბურგში მე-19 საუკუნის შუახანებში. არა მარტო საქართველოს ისტორია - მარი ბროსეს შრომათა დიდი ნაწილი მის მშობლიურ ენაზეა დაწერილი და გამოცემული; საქართველოში კი ჰუმანიტარ მეცნიერთა მიერ ფრანგული ენის არცოდნის გამო ბროსეს სამეცნიერო მემკვიდრეობა თითქმის აუთვისებელი რჩება. არ არის აღწერილი მისი არქივიც:

იხ.აუდიო ვერსია

მარი ბროსეს სამეცნიერო ინტერესი მხოლოდ ქართული სამყაროთი არ იფარგლებოდა; ის გახლდათ ჩინური კულტურის სპეციალისტიც. ბროსემ გამოსცა სომხური წერილობითი წყაროები და ჩვენი სამხრეთელი მეზობლებიც ფართოდ აღნიშნავენ მის იუბილეს.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ამ ვითარებას განაპირობებს არა მხოლოდ მარი ბროსეს სამეცნიერო მემკვიდრეობის ღირებულება; უბრალოდ, "ქართლის ცხოვრება" არცერთ ევროპულ ენაზე არ არის მთლიანად თარგმნილი.

დავით პაიჭაძე, რადიო "თავისუფლებისთვის", თბილისი

[მუსიკა]

ფრანსუა ტრიუფო 70 წლის წინ დაიბადა

მარიამ ჭიაურელი:
იუბილეების აღნიშვნას განვაგრძობთ, ოღონდ "მეათე სტუდიის" მეორე ნაწილი, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ხელოვნებას ეთმობა. საამისო საბაბი ამჯერად შემდეგი თარიღები გახლავთ: აწ გარდაცვლილი ფრანგი კინორეჟისორის ფრანსუა ტრიუფოს დაბადების 70-ე წლისთავი, მისი თანამემამულის, შანსონის უკანასკნელ დედოფლად აღიარებული ჟულიეტ გრეკოს 75-ე დაბადების დღე და კიდევ ერთი დიდი მომღერლის, საოპერო სცენის პირველი შავკანიანი ვარსკვლავის, ლეონტინ პრაისის 75 წლის იუბილე. იმედია, ქალბატონები არ გვიწყენენ, თუ საუბარს ფრანსუა ტრიუფოთი დავიწყებთ. მოუსმინეთ დავით კაკაბაძეს.

დავით კაკაბაძე:
დიქტორი: კინემატოგრაფში ფრანსუა ტრიუფო კინოკრიტიკიდან მოვიდა. 50-იან წლებში, ჟურნალ "კაიე დიუ სინემაში" სისტემატურად იბეჭდებოდა იმხანად სრულიად ახალგაზრდა, 22-23 წლის თვითნასწავლი კრიტიკოსის სტატიები, რომლებმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა არა მარტო ფრანგული კინოკრიტიკის, არამედ მთელი ფრანგული კინოს განვითარებაზე. ამ მხრივ საეტაპოდ ითვლება 1954 წელს გამოქვეყნებული სტატია სათაურით "ფრანგული კინოს ერთი ტენდენციის შესახებ", რომელშიც ტრიუფო საავტორო კინოს თეორიას ავითარებს; ანუ, მისი აზრით, რეჟისორი სრულად უნდა ფლობდეს კონტროლს ფილმის უკლებლივ ყველა შემოქმედებით ასპექტზე.

ეს იყო მოწოდება ძველის, ტრადიციულის მსხვრევისკენ, უფრო პირადი, თუ შეიძლება ითქვას, ინტიმური კინოს დამკვიდრებისკენ. რამდენიმე წელიწადში სწორედ ეს წერილი იქცა La Nouvelle Vague-ის, ანუ "ახალი ტალღის" არაოფიციალურ მანიფესტად, ხოლო თავად ტრიუფო - ფრანგული კინოს ამ გამომაცოცხლებელი მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერად.

1954 წელს ფრანსუა ტრიუფომ გადაიღო თავისი პირველი მოკლემეტრაჟიანი სურათი, რომელსაც სამი წლის შემდეგ კიდევ ერთი ასეთივე ფილმი მიაყოლა. იმ პერიოდში იგი რეჟისორის ასისტენტად მუშაობდა რობერტო როსელინისთან, რამაც პროფესიონალად მის ჩამოყალიბებაში უდავოდ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.

1959 წელს ტრიუფომ დაასრულა მუშაობა თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე, რომელსაც "400 ოინი" ჰქვია. ამ სურათის სახელწოდებას ხშირად არასწორად თარგმნიან "400 დარტყმად". საქმე ის გახლავთ, რომ ფილმის სახელი მინიშნებაა ფრანგულ ანდაზაზე, რომლის თანახმად, ყოველმა ადამიანმა, ვიდრე დადინჯდებოდეს და ჭკუას მოეგებოდეს, 400 ოინი მაინც უნდა ჩაიდინოს. ამასთანავე, ფილმის სახელწოდება მასში განვითარებული მოქმედების ერთგვარი კომენტარიც გახლავთ: ოინები, რომლებსაც სურათის გმირი, 12 წლის ანტუან დუანელი სჩადის, - ნაწილობრივ უიღბლო გარემოებათა მიზეზით, ნაწილობრივ კი გარშემო მყოფთა სრული სიყრუის გამო - კატასტროფით მთავრდება.

ფილმის მიწურულს ანტუანი ბავშვთა კოლონიიდან გაქცევას ახერხებს, სადაც თავი საბეჭდი მანქანის ქურდობისთვის ამოაყოფინეს. სურათის ბოლო კადრები ზღვის ნაპირზე მდგომ ანტუანს გვიჩვენებს; მის უკან მდევრებს ვხედავთ, მის წინ კი - ზღვას...

ფილმმა "400 ოინი" ფრანსუა ტრიუფოს კანის კინოფესტივალის საუკეთესო რეჟისორის პრიზი და, მასთან ერთად, მსოფლიო აღიარება მოუტანა. რაც შეეხება ტრიუფოს ალტერ-ეგოს, ანტუან დუანელს, მისი თავგადასავლის თხრობა ხელოვანმა მომდევნო ფილმებშიც გააგრძელა: "სიყვარული 20 წლის ასაკში" (1962), "მოპარული კოცნები" (1968), "სუფრა და საწოლი" (1970), "გაქცეული სიყვარული" (1979).

ამ ნახევრად ავტობიოგრაფიულ სურათებში, ისევე, როგორც "400 ოინში", ანტუან დუანელს ჟან-პიერ ლეო ასახიერებს, მსახიობი, რომელიც ტრიუფოს გარეგნობითაც წააგავს.

ცხადია, ფრანსუა ტრიუფოს ყველა ფილმზე აქ ვერ შევჩერდებით. მით უმეტეს, რომ თავისი 25-წლიანი კარიერის მანძილზე მან ორ ათეულზე მეტი სურათი შექმნა. შეგახსენებთ მხოლოდ რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებს: "ესროლეთ პიანისტს", "ჟიული და ჯიმი", "ველური ბავშვი", "ამერიკული ღამე", "ადელ ჰიუგოს ამბავი" , "ხურდა ფული", "უკანასკნელი მეტრო".

კინოხელოვნებისადმი ტრიუფოს დამოკიდებულება კარგად ჩანს მის შემდეგ გამონათქვამში: "სულ ერთია, რაზე მოგვითხრობს ფილმი: მაყურებელმა მასში ან ფილმის შექმნით განცდილი ბედნიერება უნდა იგრძნოს, ან ის ტანჯვა, რომელიც ამ პროცესს უკავშირდება. არ მაინტერესებს ფილმები, რომლებიც არ ფეთქავს."

ცხადია, ფრანსუა ტრიუფოს ყველა ნაწარმოები ერთნაირად ფასეული არ გახლავთ. შემოქმედებითი მარცხი მისთვის უცხო ხილი არ ყოფილა. მაგრამ ამ რეჟისორის ვერც ერთ ფილმზე ვერ იტყვი, არ ფეთქავსო.
ფრანსუა ტრიუფო 1984 წლის 21 ოქტომბერს, 52 წლისა, კიბოს დაავადებით გარდაიცვალა. 6 თებერვალს მას 70 წელი შეუსრულდებოდა.

[მუსიკა]

ჟულიეტ გრეკო 75 წლისაა

მარიამ ჭიაურელი:
შანსონების შესრულება ჟულიეტ გრეკომ შემთხვევით დაიწყო- თუ მისსავე სიტყვებს მოვიშველიებთ, "ჩიტივით დახტა ერთ-ერთ ტოტზე". შემთხვევითობა იყო ისიც, რომ უბრალო ფოტოსურათმა, რომელიც შავ სვიტრსა და ვიწრო შარვალში გამოწყობილ ახალგაზრდა ქალს პარიზის სან ჟერმენის ეკლესიის კიბეზე გადაუღეს, ის მთელი თაობის: ომის შემდგომი საფრანგეთის მეამბოხე ახალგაზრდობის სიმბოლოდ აქცია.

ჯულიეტ გრეკო 1927 წლის 7 თებერავლს სამხრეთი საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში დაიბადა. მამამ ცოლ-შვილი მალე მიატოვა და ჟულიეტი და მისი და დედის მშობლებთან იზრდებოდნენ. მოგვიანებით დედა ქალიშვილებთან ერთად პარიზში გადასახლდა. ომის წლებში ის აქტიურად მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, გესტაპოს ხელში ჩავარდა და 1945 წლამდე დაპატიმრებული იყო. მის ქალიშვილებს კი მარტო უხდებოდათ თავის გატანა.

ჟულიეტ გრეკოს ავტობიოგრაფიაში "ვარ, როგორიც ვარ", რომელიც 1983 წელს გამოქვეყნდა, დაწვრილებით, თავმომწონეობის გარეშე არის აღწერილი ბავშვობისა და ახალგაზრდობის წლები, მარტოობა და სევდა, რომელიც მის სიმღერებშიც ჟღერს.

პარიზში ჟულიეტ გრეკო ხშირად სტუმრობდა სახელგანთქმულ ბარს "პონტ როიალ", სადაც ჟან-პოლ სარტრი, სიმონ დე ბოვუარი, ალბერ კამიუ და მათი მეგობრები იკრიბებოდნენ. ეგზისტენციალისტთა წრეში მალე ფერმკრთალი, შავთმიანი ახალგაზრდა ქალიც აღმოჩნდა, რომელიც ხშირად სარტრის თხოვნით მღეროდა - პირველივე ბგერით, უმშვენიერესი ხელების პირველივე მოძრაობით იპყრობდა დარბაზს. მას სიმღერების ტექსტებს უწერდნენ ალბერ კამიუ და ფრანსუა მორიაკი და "პონტ როიალის" თამბაქოს კვამლში გახვეული სარდაფებიდან პარიზს შანსონის დედოფალი მოევლინა. მალე მთელ ევროპაში უსმენდნენ სიმღერებს "L’Eternel feminin", "Deshabillez-moi".

50-იან წლებში, როცა სცენაზე ჟულიეტ გრეკოსადმი ინტერესი განელდა, ის არაერთ კინოფილმში გადაიღეს: მათ შორის ჟან კოკტოს დიდებულ სურათში "ორფეოსი", ფილმებში "შიშველი დედამიწა", "მამაკაცი და ბავშვი", "გამარჯობა, სევდავ". 1957 წლიდან ჟულიეტ გრეკო ხშირად უბრუნდებოდა და ისევ ემშვიდობებოდა სცენას. ასევე ცვალებადი იყო მისი პირადი ცხოვრება: გრეკოს სასიყვარულო ურთიერთობა აკავშირებდა ჯაზის დიდოსტატ მაილს დევისთან, ის დაქორწინებული იყო მსახიობებზე ფილიპ ლემარსა და მიშელ პიკოლიზე.

ეგზისტენციალისტების სან ჟერმენ დე პრე რახანია ლეგენდად იქცა და ლეგენდაა პარიზელ ინტელექტუალთა მშვენიერი მუზაც, მუდამ შავად შემოსილი მუზა.

ხუთშაბათს ჟულიეტ გრეკოს 75 წელი შეუსრულდა.

[მუსიკა]

ლეონტინ პრაისი - 75

მარიამ ჭიაურელი:
ჩვენი დღევანდელი პროგრამის ბოლოს კიდევ ერთ მომღერალზე გესაუბრებით. 10 თებერვალს 75 წელი უსრულდება ამერიკის უდიდეს პრიმადონას, "prima donna assoluta"-დ წოდებულ სოპრანოს, ლეონტინ პრაისს, რომლის ხელოვნება მსოფლიოს უდიდეს მუსიკალურ ცენტრებში აღაფრთოვანებს მსმენელებს. მაგრამ ყველაზე შთამბეჭდავი და ყველაზე ხანგრძლივი ოვაციები მას მეტროპოლიტან ოპერაში მოუწყვეს 1961 წელს. შავკანიან მომღერალს, რომელმაც იმ საღამოს ვერდის "ტრუბადურში" ლეონორას პარტია იმღერა, ზუსტად 42 წუთის მანძილზე უკრავდნენ ტაშს. ამ დარბაზს ასეთი რამ არასოდეს უნახავს.

ლეონტინ პრაისზე ბიძინა რამიშვილი განაგრძობს საუბარს.

ბიძინა რამიშვილი:
ამ ისტორიულ ოვაციებამდე ორი წლით ადრე ლეონტინ პრაისი ჰერბერტ ფონ კარაიანმა მიიწვია ვენის სახელმწიფო ოპერის თეატრში ვერდის "აიდაში" მთავარი პარტიის შესასრულებლად. აიდას პარტია იმღერა მან დებიუტზე ლონდონის კოვენტ გარდენშიც, ვერონის ფესტივალზეც და ლა სკალაშიც. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ, რომელზეც მან არიები იმღერა ვერდის, რიხარდ შტრაუსისა და პუჩინის ნაწარმოებებიდან, "ნიუ იორკ ტაიმსმა" იგი "უდიდეს მომღერალთაგან უდიდესის" ტიტულით შეამკო.
მერი ვაიოლეტ ლეონტინი მისისიპის შტატის ქალაქ ლორელში დაიბადა და მკაცრი რელიგიური აღზრდა მიიღო. ჯერ კიდევ საეკლესიო გუნდში გამოირჩეოდა განსაკუთრებული ხმით. ნიუ იორკის ცნობილ ჯუილიარდის მუსიკალურ სასწავლებელში მიღებული ვოკალური განათლების შემდეგ მომღერალი ერთბაშად გახდა ცნობილი 1952 წელს, როცა მსოფლიო ტურნეზე იმღერა ბესის პარტია ჯორჯ გერშვინის "პორგი და ბესში". (სხვათა შორის, ამის შემდეგ იგი პორგის შემსრულებელს, უილიამ ბარფილდს გაჰყვა ცოლად.)
პრაისის მიერ ჩაწერილი ფირფიტები მთელი რიგი პრემიებით დაჯილდოვდა. არაერთი პრესტიჟული ჯილდო ხვდა წილად თავად მომღერალსაც. მას ხშირად იწვევდნენ ხოლმე თეთრ სახლში საპატიო სტუმრების საპატივცემულო კონცერტებზე.
მაგრამ პრაისი ყოველთვის გამორჩეულად აფასებდა იმას, რომ იგი პირველი ხელოვანი იყო, ვისაც წილად ხვდა რასობრივად შერეული პუბლიკის წინაშე გამოსვლა თავის მშობლიურ ქალაქ ლორელში. "საათნახევრის მანძილზე ჩვენ არ შავკანიანები ვიყავით და არც თეთრკანიანები. ჩვენ უბრალოდ ადამიანები ვიყავითო".
1985 წელს ლეონტინ პრაისი საოპერო სცენას გამოეთხოვა "აიდას" ტრიუმფალური დადგმით. მას მერე იგი სპირიჩუელსებსა და კამერულ სიმღერებს მღეროდა საკონცერტო დარბაზებში.

[მუსიკა]

მარიამ ჭიაურელი:
მეათე სტუდიის დღევანდელი, საიუბილეო სიუჟეტების სიმრავლით გამორჩეული გამოშვება დასასრულს მიუახლოვდა. ის პრაღის ბიუროში მოამზადეს დავით კაკაბაძემ, ბიძინა რამიშვილმა და მარიამ ჭიაურელმა. რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროში ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით ბესის არიით ჯორჯ გერშვინის ოპერიდან "პორგი და ბესი". მღერის ლეონტინ პრაისი.
XS
SM
MD
LG