Accessibility links

logo-print

ვახტანგ რჩეულიშვილი მოსკოვს მიემგზავრება


დავით პაიჭაძე, თბილისი ჩვენი მსმენელისათვის ცნობილია ქართველ სოციალისტთა ინიციატივა - შეაგროვონ ხელმოწერები დევიზით: "საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი ჩემი მეზობელია".

სოციალისტური პარტიის ლიდერი, ვახტანგ რჩეულიშვილი ირწმუნება, რომ პარტიამ უკვე 600 ათასამდე ხელმოწერა შეაგროვა საქართველოში. სულ მალე რჩეულიშვილი მოსკოვს მიემგზავრება, სადაც რუსეთის სახელმწიფო დუმაში გამართული შეხვედრებისას რუს პოლიტიკოსებს მათი ქვეყნისადმი ქართველთა სიყვარულს დაუდასტურებს. მოსკოვში მიდის თბილისის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრი, რომელიც სოციალისტთა ლიდერის საქართველოს დედაქალაქში დაწყებულ აქციას სახეცვლილი ფორმით რუსეთში გააგრძელებს.

დამოუკიდებელ საქართველოში, კარგა ხანია, წარსულს ჩაბარდა დრო, როცა პოლიტიკოსის მიერ რუსეთისადმი სიმპათიის გამოხატვა მოვეტონად ითვლებოდა. რუსეთის სიყვარული, ჩვენთან ახლახანს გამძაფრებული პრობლემის - პროსტიტუციისაგან განსხვავებით, ღია და ლეგალიზებულია. სიყვარულის ფორმები სხვადასხვაა: ქართველ კომუნისტებს თავისებურად უყვართ და ეიმედებათ რუსეთი, გიორგი შენგელაიას ვაზის პარტიას - მათგან განსხვავებულად. ყველაზე მოქნილი ფორმა სოციალისტურმა პარტიამ მონახა: გადაწყვიტა, თავისი სიყვარული პოლიტიკური პრაქტიციზმის სიბრტყეში გადაეტანა და სახალხო მხარდაჭერით გაემაგრებინა. თუ რჩეულიშვილს დაეჯერება, ეს მოახერხა კიდეც. მაგრამ 600 ათასი ხელმოწერა ფრაზაზე - "საქართველო ჩემი სამშობლოა, რუსეთი ჩემი მეზობელია" მხოლოდ ფაქტის აღიარებად დარჩება, თუ ხელმოწერები საფუძვლად არ დაედო რაიმე პოლიტიკურ სვლას, გადაწყვეტილებას, ან, ყველაზე მეტი, დოკუმენტს. რაში ჭირდება, რისთვის გამოიყენებს სოციალისტების ლიდერი ნახევარ მილიონზე მეტი თანამოქალაქის ავტოგრაფს? აი, მისი პასუხი [რჩეულიშვილის ხმა]:

"პირველი, რაც გავაკეთეთ: 500 ათასი ხელმოწერის აგროვების შემდეგ შევეცადეთ, მოთხოვნები გადაგვეტანა რეალურ პოლიტიკაში: შევხვდით ირაკლი მენაღარიშვილსა და მთელ საგარეო საქმეთა სამინისტროს და რეალურად დავუყენეთ პირობები, რა მიგვაჩნია პრიორიტეტულად - სავიზო რეჟიმით დაწყებული, სამშვიდობო ძალების პრობლემით დამთავრებული, კულტურული ურთიერთობის გაღვივება და ა.შ. ამასვე გავაკეთებთ მოსკოვში, რათა ეს 500 ათასი ხელმოწერა არ დარჩეს მარტო ქაღალდზე და რეალურ რუსულ პოლიტიკაშიც აისახოს. რას ველოდებით აქედან? მე, წლების მანძილზე, აი, ამ ბოლო პარლამენტებში, როცა, პრაქტიკულად, მარტო ვლაპარაკობდი, რომ რუსეთთან უნდა აღვადგინოთ ურთიერთობა, ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ მე ვარ მარტო და ყველა დანარჩენი, ვინც აქტიურად ლანძღავდა რუსეთს, ხალხის აზრს გამოთქვამდნენ. დღეს, ამ ხელმოწერებით, მე ვამტკიცებ: სწორედ ის ძალა, ვინც ამბობდა, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა პრიორიტეტია, გამოხატავენ ხალხის აზრს! ეს უნდა გაითვალისწინოს საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ! თუ არ გაითვალისწინებს, ე.ი. ის საკუთარ ხალხს უპირისპირდება".

რუსულ-ქართულ ურთიერთობათა დათბობა-გაუმჯობესებისათვის, აგრეთვე საუკუნოვანი კულტურული ურთიერთგავლენების ცხადსაყოფად, სოციალისტები ერთი გამოფენის ორგანიზებასაც გეგმავენ, სადაც მნახველს შესთავაზებენ, სულ ცოტა, ბოლო ასი წლის მანძილზე ქართველი ავტორების მიერ რუსეთში გამოცემულ წიგნებს; ცხადია, არა მხოლოდ მხატვრულ ლიტერატურას; ერთი კითხვაც: რომელიმე, რჩეულიშვილივით დაუცხრომელ პოლიტიკოსს რომ მოაფიქრდეს და დაიწყოს ხელმოწერების შეგროვება დევიზით - "საქართველო ჩემი სამშობლოა, ხოლო ამერიკა (ან, ვთქვათ, გერმანია) ჩემი შემწე და მეგობარია" - მოუყრის თავს ნახევარ მილიონ ხელმოწერას?
XS
SM
MD
LG