Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირში შესვლის კანდიდატები შიშობენ, რომ მეორეხარისხოვანი წევრები იქნებიან


ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნები შიშობენ, რომ კავშირში შესვლის შემდეგ მათ თანასწორუფლებიან წევრებად არ მიიჩნევენ,

თუკი დასავლეთის ნორმები მათზე თავიდანვე გავრცელდა.

ამჟამად დავაა გლეხებისთვის დახმარების გადახდის თაობაზე. მოკლედ გეტყვით რას სთავაზობს ბრიუსელი მომავალ წევრებს: ევროპის კავშირს აქვს საერთო აგრარული პოლიტიკა, რომლის თანახმად, გაიცემა ეგრეთწოდებული პირდაპირი სუბსიდიები - შემოსავალზე დახმარება სოფლის მეურნეობაში დაკავებულთათვის. ევროპის კომისიამ გადაწყვიტა, იმის გამო, რომ წევრობის კანდიდატ ქვეყნებში ასეთი დახმარების სრული გადახდა ისედაც არარენტაბელურ სტრუქტურების დაკონსერვებას შეუწყობდა ხელს, გლეხებს ამ პირდაპირი დახმარების მხოლოდ 25 პროცენტი გადაუხადოს. 10 წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპელი გლეხები ნელ-ნელა ავლენ 100-პროცენტიან დონეზე; ამის ნაცვლად ისინი სოფლის მეურენობის განვითარების სალაროდან მეტ ფულს მიიღებენ.

ამ წინადადებას დიდი მოწინააღმდეგეების ჰყავს პოლონეთში. ამ ქვეყნის სოფლის მეურენობის მინისტრმა იაროსლავ კალინოვსკიმ თქვა, რომ თუკი პოლონელ გლეხებს არ ექნებათ თანასწორი უფლებები თავიდანვე, პოლონეთი საბაჟო გადასახადს შემოიღებს დასავლეთის პროდუქტზე. ევროპის გაფართოების კომისარმა გიუნტერ ფერჰოიგენმა გერმანიაში გამომავალ “ზიუდდოიჩე ცაიტუნგს “ უთხრა, რომ გაფართოება შეჩერდება, თუკი პოლონეთი ამ პოზიციაზე დარჩება, ბაჟის დაწესება გაფართოებაზე მოლაპარაკებას გადადებს, რადგან შიდა ვაჭრობა ევროკავშირის ბირთვს წარმოადგენს. ამას გარდა, განაცხადა გიუნტერ ფერჰოიგენმა, ერთ ევროს პოლონეთში სულ სხვა ფასი აქვს, ვიდრე ბავარიაში. ახალ წევრებზე თავიდანვე 100-პროცენტიანი დახმარების გაცემა, განაგრძობს ევროპის კომისარი, დაარღვევდა პოლონეთში ხელფასების წონასწორობას. წარმოიდგინეთ, ამბობს ფერჰოიგენი, პოლონელი გლეხი, მხოლოდ იმის გამო, რომ მას 30 ჰექტარი მიწა აქვს, უფრო მეტ ფულს აიღებდა, ვიდრე უნივერსიტეტის პროფესორი.

ევროპის გაფართოების კომისარი იმედოვნებს, რომ საქმიანი არგუმენტები პოლონეთს პრობლემის მშვიდად განხილვის საშუალებას მისცემს. ამასთან, პოლონეთში შიდა პოლიტიკური დავა გამძაფრდა, პრემიერი კავშირში შესვლის მომხრე რჩება, მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრი პირდაპირი დახმარების სრულად გადახდაზე უარის გამო კავშირისთვის ზურგის შექცევით იმუქრება.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG