Accessibility links

logo-print

ავღანელი ემიგრანტები სამშობლოში ბრუნდებიან


ავღანელები მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს დიასპორას შეადგენენ; უფრო ზუსტად, მათ რაოდენობრივად მხოლოდ პალესტინელი ემიგრანტები აღემატებიან.

როგორც ვარაუდობენ, 6 მილიონამდე ავღანელია შეკედლებული ევროპისა თუ აზიის ქვეყნებს, შეერთებულ შტატებსა თუ ავსტრალიას. არადა დღეს ისინი სამშობლოში არიან საჭირო, ვინაიდან ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება, თუ მისი აღდგენის პროცესში მაღალკვალიფიცირებული კადრები არ ჩაერთვებიან. დღეს გიამბობთ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ახალ პროგრამაზე, რომლის მიზანი ემიგრანტების ავღანეთში დაბრუნებით დაინტერესებაა.

გულმა კეი შაჰი ვაშინგტონში პარიკმახერად მუშაობს. 70-იან წლებში ის ავღანური თეატრის ცნობილი მსახიობი იყო, ქვეყნის სხვადასხვა რაიონში გამოდიოდა და სამომავლოდ ახალგაზრდა მსახიობებთან მუშაობას გეგმავდა. და აი, 23-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, შესაძლოა, აუხდეს ეს სურვილი. ერთი კვირაც და გულმა კეი შაჰი ქაბულში გაფრინდება.

[გულმა კეი შაჰის ხმა] ”იმედი მქონდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს შევიტყობდი ავღანელი ხალხის თავისუფლებისა და კეთილდღეობის ამბავს. შევიტყობდი, რომ იქ მშვიდობა სუფევს, რათა მეც დავბრუნებულიყავი სამშობლოში და ჩავმდგარიყავი ჩემი ხალხის სამსახურში. ეს დღე მართლაც დადგა. მე ვიქნები პირველი ქალი, რომელიც თეატრსა და რადიოში იმუშავებს, აღადგენს თეატრს, ვინაიდან ის ჩვენს ხალხს სჭირდება. თეატრის მეშვეობით ისინი თავიანთი წარსულის შესახებ შეიტყობენ.”

გულმა კეი შაჰი არის ერთ-ერთი სულ ათასამდე ავღანელიდან, რომლებსაც თავი მოუყარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამამ სახელწოდებით ”სპეციალისტების დაბრუნება ავღანეთში”. ამ პროგრამის ჩარჩოებში, ფაქტობრივად ყველა სფეროს მოღვაწეებს იწვევენ დროებითი მთავრობის სამინისტროებში სამუშაოდ. ავღანეთში მათ, გარდა ადგილობრივი ხელფასისა, გადაუხდიან პროგრამით გათვალისწინებულ თვეში 400ს დოლარს. ამიტომაც იყო, რომ მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ჩვენი თანამშრომელი, ალექსანდრა პულოსი ესაუბრა პროგრამის ”სპეციალისტების დაბრუნება ავღანეთში” დირექტორს, დაივა ვილკელაიტეს, რომელიც ამას წინათ დაბრუნდა ავღანეთიდან. [დაივა ვილკელაიტეს ხმა] ”შევხვდი ცხრა მინისტრს, და ყველამ, ფაქტობრივად, ერთი და იგივე მითხრა: მარტო ფული მათთვის საკმარისი არ არის. მათ სჭირდებათ ფული და ჭირდებათ ტვინები. ჩვენი პროგრამით ვცდილობთ სწორედ ტვინების განაწილებას - მათ მიწოდებას იქ, სადაც ტვინები სჭირდებათ.”

ვილკელაიტეს თქმით, მისი პროგრამით იწვევენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს და მათ სამშობლოში არა მარტო ინტელექტი და პროფესიული გამოცდილება ჩაჰყვება. ვილკელაიტეს რწმენით, ეს ადამიანები ხელს შეუწყობენ შერიგების პროცესს.

[დაივა ვილკელაიტეს ხმა] ”ავღანეთის აღდგენა არ არის მხოლოდ დანგრეული სახლების აღდგენა. ეს არის ერის აღდგენა. ადამიანებს უნდა მოუწოდონ შერიგებისაკენ. არადა დღეს აქცენტი ეთნიკურ კუთვნილებაზე კეთდება, გაიძახიან ლოზუნგს ერთი ხალხი, ერთი ერიო”.

ვილკელაიტესთვის დღესვე ცხადია, რომ ავღანეთში დაბრუნებული ემიგრანტებიდან ბევრს იმედი გაუცრუვდება, ბევრი ვერ გაუძლებს მტვერსა და ჭუჭყში, გათბობისა და დენის გარეშე ცხოვრებას. ასე რომ, ავღანელთა დიასპორის, მათ შორის თეატრის მსახიობ გულმა კეი შაჰის პატრიოტიზმს რთული გამოცდა მოელის.
XS
SM
MD
LG