Accessibility links

logo-print

თეთრი სახლი არ აპირებს ალ ყაიდის დაკავებული მებრძოლების სტატუსის შეცვლას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა თეთრი სახლი აცხადებს, რომ “ალ-ყაიდის” მებრძოლებს, რომლებიც შეერთებულ შტატებს დაკავებული ჰყავს კუბაში,

გუანტანამოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე, არ მიეცემათ ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული არავითარი იურიდიული დაცვა. შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ამ გადაწყვეტილების შესახებ ხუთშაბათს თეთრი სახლის პრესმდივანმა არი ფლაიშერმა განაცხადა:

[არი ფლაიშერის ხმა] “ალ-ყაიდა” საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფია და არ შეიძლება მისი ჟენევის კონვენციით გათვალისწინებული სახელმწიფო სტრუქტურისთვის გატოლება. ამიტომ მისი წევრები არ ექვემდებარებიან ჟენევის კონვენციას და არ შეიძლება მათთვის ომის ტყვის სტატუსის მინიჭება.”

ფლაიშერმა დასძინა, რომ პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით, თალიბანის მებრძოლები მიიღებენ კონვენციით გათვალისწინებულ გარკვეულ უფლებებს. რა უფლებებს მიიღებენ თალიბები, მას არ დაუზუსტებია. ამასთან, აღნიშნა ფლაიშერმა, არც “ალ-ყაიდისა” და არც თალიბანის მებრძოლებს არ მიეცემათ “ომის ტყვის” სტატუსი. ეს სტატუსი არ მისცემს უფლებას შეერთებულ შტატებს, გამოსძალოს მათ მინიმალურზე მეტი ინფორმაცია.

ჟენევის მესამე, 1949 წლის კონვენციის მუხლი დაკითხვების თაობაზე ასე ჟღერს: “ომის ტყვეებისგან არავითარი ინფორმაციის მიღება არ შეიძლება ფიზიკური თუ სულიერი წამების, ან დაძალების ნებისმიერი სხვა ფორმის გამოყენებით. არ შეიძლება დამუქრება, შეურაცხყოფის მიყენება ან უსიამოვნოდ ან დამამცირებლად მოპყრობა ომის ტყვის მიმართ, რომელიც არ ისურვებს პასუხის გაცემას”.

ომის ტყვეს უფლება აქვს, გაამხილოს თუნდაც მხოლოდ სახელი, სამხედრო წოდება და სერიული ნომერი.

შეერთებულ შტატებს გუანტანამოს ბაზაზე 186 პატიმარი ჰყავს. არი ფლაიშერმა თქვა, რომ მათ ადამიანურად მოექცევიან. [არი ფლაიშერის ხმა] “რაც შეეხება პატიმრებისადმი მოპყრობას: მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ისინი ომის ტყვეები არ არიან, მათ მოეპყრობიან ისე, როგორც ჩვენს საპყრობილეში მყოფ ყველა ადამიანს. ასე რომ, გადაწყვეტილება არ შეცვლის მათ ყოველდღიურ ფიზიკურ ცხოვრებას. მათ კვლავ მოეპყრობიან კარგად, როგორც ამას ყოველთვის აკეთებს შეერთებული შტატები.”

ფლაიშერის თქმით, ბუშმა გადაწყვიტა, რომ ჟენევის კონვენციის ზოგიერთი ასპექტი მიესადაგება თალიბანს, რამდენადაც ეს დოკუმეტი ეხება ავღანეთს, როგორც სახელმწიფოს. მაგრამ ცალკეული პატიმრები ომის ტყვის სტატუსს არ იმსახურებენ, ვინაიდან ისინი არ ატარებენ სამხედრო ფორმას და სხვა ნიშნებს, რომელიც განასხვავებს მათ მშვიდობიანი მოქალაქეებისგან. გარდა ამისა, ისინი არ იცავენ ომის სტანდარტებს.

შეერთებული შტატების ოფიციალური პირების თქმით, ბუშს სჯერა, რომ მისი გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ ის რჩება ჟენევის კონვენციის ერთგული და ეს დაიცავს ამერიკელ ჯარისკაცებს, თუ ისინი ტერორიზმთან ბრძოლის მსვლელობაში ავღანეთში ან სხვა რომელიმე ადგილას ტყვედ ჩავარდებიან. მაგრამ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია “ჰიუმან რაიტს უოჩი” შიშობს, რომ ამერიკელ ჯარისკაცებს ბუშის ეს რწმენა შეიძლება ძვირად დაუჯდეს.

რაც შეეხება “ალ-ყაიდის” დაკავებული მებრძოლების სტატუსს, “ჰიუმან რაიტს უოჩის” წერილობით განცხადებაში ნათქვამია, რომ საკითხი, ეხება თუ არა ჟენევის კონვენცია “ალ-ყაიდის” დაკავებულ მებრძოლებს, უნდა დაადგინოს კომპეტენტურმა ტრიბუნალმა, როგორც ამას ხსენებული კონვენცია მოითხოვს.
XS
SM
MD
LG