Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანის უფლებების მდგომარეობა თურქეთში


მიუხედავად იმისა, რომ უანასკნელ ხანებში თურქეთი ცდილობს ევროპის კავშირის სტანდარტებს დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა,

ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი ევროკავშირის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ანკარამ ევროპის კავშირის წევრობის განაცხადი ჯერ კიდევ 1987 წელს გააკეთა, მაგრამ ოფიციალურად მას მხოლოდ ორი წლის წინ მიანიჭეს კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამის მთავარი მიზეზი ადამიანის უფლებების სფეროში არსებული ვითარება იყო. დღეს თურქეთი 13 კანდიდატი ქვეყნის რიგში უკანასკენლია.

გასული წლის მარტში პრემიერ-მინისტრ ბულენთ ეჯევითის მმართველმა კოალიციამ მიიღო პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი რეფორმების ეროვნული პროგრამა. მისი მიზანია გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის შეამზადოს ქვეყანა.

დიქტორი: ეჯევითის მთავრობის ინიციატივიდან შვიდი თვის შემდეგ თურქეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა მიზანია ქვეყნის კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროპის კავშირის დონეს.

მაგალითად, ერთ-ერთი ცვლილება შეეხო სიკვდილით დასჯის შესახებ კანონს – სასჯელის უმაღლესი ზომა შეიზღუდა. შესუსტდა აგრეთვე თურქეთში არათურქული მოსახლეობის ენების შეზღუდვა.
ევროპის კავშირი და ადამიანის უფლებათა დამცველები თავიდან მიესალმნენ საკონსტიტუციო ცვლილებებს. მაგრამ, დროთა განმავლობაში გამოჩნდა, რომ ეს ცვლილებები კოსმეტიკური ხასიათისაა.

საქმე ის არის, რომ თავად მმართველ კოალიციაში სერიოზული დაპირისპირებაა თურქეთის სისხლის სამართლის კოდექსის 312-ე და 159-ე მუხლების შესახებ, რომელთა ცვლილებასაც ითხოვს ევროკავშირი.

ერთი ეხება საზოგადოებაში შუღლის გაღვივებას, მეორე კი არმიის, პოლიციის, ან სხვა სახელმწიფო ინსტიტუციის შეურაცხყოფას.

ერთნი ითხოვენ, რომ ამ მუხლებით გათვალისწინებული სასჯელი შემსუბუქდეს. მეორენი, უფრო ნაციონალისტური ძალები, მიიჩნევენ, რომ ამ მუხლების შესუსტება დაასუტებს თავად სახელმწიფოს.

მართალია, პრეზიდენტმა აჰმედ ნეჯდეთ სეზერმა თქვა, რომ არ სურს პირდაპირ ჩაერიოს ამ დისკუსიაში, მაგრამ მისმა მთავარმა პრესმდივანმა მეტინ იალმანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:

[იალმანის ხმა] ”ამ ეტაპზე ჩვენ ალბათ ვერ ჩავერევით ამ დისკუსიაში. მაგრამ როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და რესპუბლიკის პრეზიდენტს, ბატონ სეზერს სწამს, რომ აუცილებელია ინდივიდუალური თავისუფლებების ფარგლების გაფართოება. მან საჯაროდ გამოხატა ეს მოსაზრება მთელ რიგ განცხადებებში, მათ შორის საინაუგურაციო სიტყვაში".

თურქეთში დავის საგანია ტერორიზმის თემაც. მთავრობა უკვე მრავალი წელია მემარცხენე ოპოზიციასა და ქურთი სეპარატისტების პოლიტიკურ ორგანიზაციებს ტერორისტებად ნათლავს.

გასულ წელს დაწყებული რეფორმები თავდაპირველად თითქოს იმაზე მიანიშნებდა, რომ ამ საკითხში ცვლილებები შეიძლებოდა მომხდარიყო. მაგრამ 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ, ისევე როგორც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, თურქეთშიც მთავრობა შეეცადა თავის სასარგებლოდ გამოეყენებინა ანტიტერორისტული კამპანია. ყოველ შემთხვევაში, სეპარატისტების მიმართ დათმობები შეწყდა.

თურქეთში რეფორმების პროცესის შენელებას მტკივნეულად აღიქვამენ ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები. საგულისხმოა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის, ვალტერ შვიმერის სიტყვები. მან ახლახან კვლავ გაიმეორა, რომ ”ადამიანის უფლებების დაცვა არ ეწინააღმდეგება ტერორიზმის საფრთხის მიმართ ფხიზელ დამოკიდებულებას”.
XS
SM
MD
LG