Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამჭვირვალეობა ქართულად ანუ რომელი ქვეყნის უშიშროების მინისტრია ვალერი ხაბურძანია


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართველი ჟურნალისტების პროგნოზი, რომ 9 თებერვლის მთავრობის გაფართოებული სხდომა სკანდალური იქნებოდა, გამართლდა.

სხვა საკითხია, რომ სკანდალის მიზეზად არა ნაწინასწარმეტყველები საკადრო ცვლილებები, არამედ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას გამოსვლა იქცა.

მთვრობის გაფართოებული სხდომის წინ ქართველი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ განსაკუთრებული სიმწვავით გამორჩეული იქნებოდა კონტროლის პალატის უფროსის სულხან მოლაშვილისა და ანტიკორუფციული საბჭოს მდივნის მირიან გოგიაშვილის გამოსვლები. ივარაუდებოდა, რომ გაფართოებულ სხდომაზე ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად დასახელდებოდა იმ სახელმწიფო მოხელეების სახელები, ვინც საკუთარი მდგომარეობით ბოროტად სარგებლობენ და სახელმწიფო ბიუჯეტს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ.
მთავრობის გაფართოებულ სხდომაზე არც უამისობა იყო - თუ მირიან გოგიაშვილმა მცხეთა-მთიანეთში პრეზიდენტის რწმუნებული კობა ბუჩუკური ადგილობრივი ენერგოკომპანიის საქმიანობაში ფარულ მონაწილეობაში, ენერგეტიკის მინისტრი დავით მირცხულავა კი ვალების აღების გაუაზრებელ პოლიტიკაში დაადანაშაულა, პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა კორუფციის მფარველობაში თავად პრეზიდენტ შევარდნაძეს დასდო ბრალი.

ალბათ, ქვეყნის საშინაო პოლიტიკაზე ეს განცხადებები რაღაც გავლენას კი მოახდენს, მაგრამ გაცილებით რეზონანსული, თანაც მსოფლიო მასშტაბით, იქნება საქართველოს უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას 9 თებერვალს საჯაროდ გაკეთებული განცხადებები. რეალურად, მან დაადასტურა ის ბრალდებები, რომლებსაც ბოლო ერთი წლის მანძილზე საქართველოს ხელისუფლებას რუსეთი უყენებს: რომ პანკისის ხეობაში არსებობს ჩეჩენი ბოევიკების რამდენიმე პატარა საწრთვნელი ბაზა; რომ ოპერატიული ინფორმაციით, რუსლან გელაევი წარმატებით გადაადგილდება პანკისის ხეობაში; რომ შარშან ქართულმა მხარემ დააკავა არაბ ტერორისტთან, ხატაბთან კავშირში მყოფი იორდანიისა და საუდის არაბეთის მოქალაქეები, რომელთა მიზანი იყო ტერორისტული ცენტრის შექმნა პანკისის ხეობაში და დივერსიული აქტების მოწყობა რუსეთის ტერიტორიაზე; რომ ისლამისტური ორგანიზაციების ხელშეწყობით პანკისის ხეობაში ვაჰაბიზმის გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგი იქმნება...

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უშიშროების მინისტრის განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, პანკისის ხეობა ტერორიზმის გავრცელების "მცირე" ბუდედ არის ქცეული. სხვა საკითხია, თუ რა ღონისძიებები ტარდება საქართველოს ტერიტორიაზე ამ შემაშფოთებელი ტენდენციის შესაჩერებლად. მინისტრს, სამწუხაროდ, ამ მხრივ კონკრეტული არაფერი უთქვამს, თუ არ ჩავთვლით განცხადებას, რომ საქართველოს უშიშროების სამინისტროს ძალებით აღკვეთილი იყო ჰუმანიტარული ორგანიზაციის სახელით მოქმედი ისლამური ექსტრემისტული ორგანიზაციის "ას-სალამის" მცდელობა, რადიომაუწყებლობის აპარატურის დასამონტაჟებლად პანკისის ხეობაში.

უშიშროების მინისტრის ასეთი "გულწრფელობა" უცნაურად გამოიყურება. მით უფრო ახლა, როცა პანკისის ხეობაში განთავსებული ჩეჩენი დევნილების სამშობლოში დასაბრუნებლად თბილისში რუსეთის უწყებათაშორის კომისიას ელიან.
XS
SM
MD
LG