Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა ერთი თვის ბიუჯეტის შესრულების გამო ეიფორიაშია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი იანვრის თვის ბიუჯეტის შესრულების შემდეგ, რაც ბოლო წლების განმავლობაში ლამის უპრეცენდენტო შემთხვევად იქცა, მთავრობა ერთგვარ ეიფორიაშია ჩავრდნილი.

თუმცა, ხელისუფლების ეს საზეიმო ყიჟინა შესაძლოა, გასაგებიც იყოს, რადგან იანვარი, ტრადიციულად, ყველაზე რთული ფისკალური თვე გახლავთ და შესაბამისად, ამ თვის გეგმის შესრულება მართლაც გულწრფელ სიხარულს იწვევს.

ბიუჯეტის შესრულება, თავის დროზე, ჯერ კიდევ საპარლამენტო განხილვის დროს ამცნო კანონმდებლებს სახელმწიფო მინისტრმა. იანვრის თვის ბიუჯეტის პარამეტრი 74,9 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც ოფიციალური მონაცემებით, 200 ათასიანი გადაჭარბებით შესრულდა და ფაქტობრივი მაჩვენებელი 75,1 მილიონი ლარის დონეზე დაფიქსირდა. ბიუჯეტის შესრულებაში განსაკუთრებით საგადასახადო დეპარტამენტმა გამოიჩინა თავი, საბაჟო კი მას, ტრადიციულად, კუდში მიჰყვა. ამასთან, საბიუჯეტო პროცესები არც თუ გამჭვირვალეა და მისი შევსების წყაროები არ არის გაშიფრული, შესაბამისად, მთავრობა ხშირად თავს ვერ იკავებს გეგმის შესრულებისას სხვადასხვა ეკონომიკური მანიპულაციისაგან.

იანვრის თვის შესრულება, რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, მაგრამ ცოტა უხერხულია ის საზეიმო განწყობა, რაც მთავრობაში ამ ფაქტის გამო სუფევს. მთავრობა იმისათვის არსებობს, რომ თავისი ვალდებულება შეასრულოს, ამ ვალდებულებებში გადასახადების აკრეფა ერთ-ერთი უპირატესი ვალდებულება გახლავთ და არცერთ ქვეყანაში ამ გადასახადის გადამხდელი ბიუჯეტის შესრულებისათვის ხელისუფლებას ტაშს არ უკრავს. თანაც, ბიუჯეტი ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური კანონია და მისი შესრულება ნორმალურ ქვეყანაში სავალდებულოა. ჩვენთან, ბოლო წლების განმავლობაში, პირიქით, არანორმალური ტრადიცია დამკვიდრდა - ბიუჯეტის შეუსრულებლობა უკვე ნორმად გვექცა და თუ ხელისუფლებას "ფეხი წაუცდება" და თუნდაც ერთი თვის პარამეტრებს დაიცავს, ეს მათთვის საზეიმო ყიჟინის და თავმოწონების სერიოზულ საბაბს იძლევა. მაშინ, როდესაც მოსახლეობის 1997 წლიდან ნაგროვები დავალინებები ჯერ არ არის გადახდილი და მისი გასტუმრების პერსპექტივა უახლოეს წლებშიც სათუოა, საზეიმო ყიჟინის დაცემა, ოდნავ ნაადრევია.

2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საკანონმდებლო ორგანოში დამტკიცება და შემდეგ უკვე იანვრის თვის გეგმის შესრულება თბილისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის სტუმრობას დაემთხვა, რამაც ამ საფინანსო ინსტიტუტთან მოლაპარაკებების მსვლელობა გაცილებით გააადვილა. დევიდ ოუენის მისია თბილისს ამ დღეებში დატოვებს. მანამდე კი მთავრობას რეკომენდაციების სახით მემორანდუმს დაუტოვებენ. თუმცა, ეს მემორანდუმი კონკრეტულ ღონისძიებებს არ გულისხმობს, ეს ღონისძიებები თავად ქართულმა მხარემ უნდა დაგეგმოს.

ოუენის ამჟამინდელი ვიზიტისას მთავარი ყურადღება ენერგეტიკულ სექტორზე იყო მიმართული, რაც მემორანდუმშიც ჰპოვებს ასახვას. მემორანდუმში მაკროეკონომიკური პარამეტრების ასახვაც მოხდება, ასევე დაფიქსირდება საბანკო-საფინანსო სექტორში მიმდინარე მოვლენები. სავალუტო ფონდი თვლის, რომ საჭიროა საბანკო ზედამხედველობის გამკაცრება. ასევე უნდა მოხდეს საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრირების დახვეწა, რათა ხარჯების გაწევის სწორი პოლიტიკა იქნეს შემუშავებული.

რაც შეეხება ენერგეტიკას, აქ ოუენის მისია განსაკუთრებულ ყურადღებას ამ სექტორში არსებულ დავალიანებებზე ამახვილებს და გვირჩევს ელექტროენერგიის საფასურის გადახდის მაჩვენებელი გავზარდოთ. "პრობლემის გადაჭრისათვის უამრავი გზა არსებობს. ერთ-ერთი გზა საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ მოხმარებული ენერგიის საფასურის გადახდაა", _ აცხადებს სავალუტო ფონდის წარმომადგენელი. ამასთან, უნდა მოიშალოს არგადამხდელისათვის დენის მიწოდების დღემდე არსებული პრაქტიკა.

სავალუტო ფონდის ერთ-ერთი რეკომენდაცია ენერგოგამანაწილებელი კომპანიების გამსხვილებას და ამ მსხვილი ლოტების შემდგომ განსახელმწიფოებრიობასაც ითვალისწინებს.

პრეზიდენტის თანაშემწის თემურ ბასილიას ინფორმაციით, სავალუტო ფონდი ხსნის თავის ადრინდელ რეკომენდაციას და დაჟინებით აღარ მოითხოვს, რომ ტარიფის ზრდა ვალების სანაცვლოდ მოხდეს, მაგრამ ენერგეტიკის და ფინანსთა სამინისტროებმა უნდა შეიმუშაონ კონკრეტული ღონისძიებები, რითაც შეძლებენ ვალების მომსახურებას.

საბოლოოდ, ფონდის ვიზიტს საქართველოში დახვდა შედარებით პოზიტიური ფონი, რაც გვაფიქრებინებს, რომ მათი "ვაშინგტონური ვერდიქტი", პროგრამის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე, ჩვენთვის სასიკეთო იქნება.

რაც შეეხება მთავრობის ეიფორიას, საინტერესოა, ექნება თუ არა ეკონომიკურ ბლოკს თებერვლის ბოლოს ამ საზეიმო განწყობილების შენარჩუნების საბაბი? თუმცა, იანვრის თვის პრეცენდენტმა შესაძლოა ახალ, პოზიტიურ ტრადიციას დაუდოს სათავე. ყოველ შემთხვევაში, ამის წინააღმდეგი არც ხელისუფლება და არც მოსახლეობა არ იქნება.
XS
SM
MD
LG