Accessibility links

დასავლეთის რეაქცია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაზე ამერიკელი ხალხისადმი


ანდრო ეული, პრაღა დასავლეთის რეაქცია შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვაზე ამერიკელი ხალხისადმი ”ქვეყნის მდგომარეობის შესახებ”,

ამერიკა-რუსეთის ურთიერთობა და იუგოსლავიის ყოფილ პრეზიდენტს, სლობოდან მილოშევიჩს გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით გაასამართლებს ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალი – ამ საკითხებს დაეთმობა დასავლეთის პრესის დღევანდელი მიმოხილვა. როგორც გაზეთი ”ვაშინგტონ პოსტი” აღნიშნავს, კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას ერთი კვირის წინ, ჯორჯ ბუშმა თავშეკავებით მიანიშნა, რომ მსოფლიოს შეცვლა აქვს განზრახული. გაზეთი, სარედაქციო სტატიაში წერს:

”ერაყს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას პრეზიდენტმა ბუშმა ”ბოროტების ღერძი” უწოდა, რაც არსებითად გულისხმობს ახალ ომს, რომელიც შეგვიძლია შევადაროთ ნახევარსაუკუნოვან ცივ ომს კომუნიზმის წინააღმდეგ. ეს იყო ომი არა რომელიმე კონკრეტული ქვეყნის, არამედ კომუნისტური რეჟიმების, სწორედაც რეჟიმების, და არა ხალხების წინააღმდეგ. და ბრძოლა მიმდინარეობდა ამგვარი რეჟიმების არსებობის, და არა მათს რომელიმე კონკრეტულ ქმედებათა წინააღმდეგ. ბუშის წინამორბედი ბილ კლინტონი უგულვებელყოფდა იმგვარი რეჟიმების არსებობას, რომლებიც ამერიკისადმი მტრულად იყვნენ განწყობილი, და უწინარესად იმიტომ, რომ ეს რეჟიმები არ წარმოადგენდნენ არანაირ საფრთხეს. შედეგად, კლინტონის მმართველობის დამთავრებისას, მისი თავდაცვის მინისტრის საანგარიშო მოხსენებაში ნათქვამი იყო, რომ სულ ცოტა 25-მა სახელმწიფომ შექმნა, ანდა ცდილობს შექმნას მასობრივი განადგურების იარაღი. კლინტონის შემდეგ, მსოფლიო, ამერიკისთვის გახდა გაცილებით უფრო სახიფათო, ვიდრე მანამდე იყო; ამდენად, დაუშვებელია უწინდელი პოლიტიკის გაგრძელება”.

გაზეთ ”გარდიანის” მიმომხილველი მარტინ ვულაკოტი მიიჩნევს, რომ ჯორჯ ბუშის გამოსვლამ კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე ცხადყო ის ფაქტი, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაციას არა აქვს შემუშავებული საკუთარი სამოქმედო პროგრამა.

გაზეთი ”ლიბერასიონი” ჯორჯ ბუშის პოზიციას აკრიტიკებს ეგრედ წოდებული არასაიმედო რეჟიმების, ერაყის, ირანისა და ჩრდილოეთი კორეის მიმართ. გაზეთს ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ ბუშზე, მის ირგვლივ შემოკრებილმა ”ქორებმა” მოახდინეს ზეგავლენა. სარედაქციო სტატიაში ვკითხულობთ:

”ქორების ტრიუმფი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში ნაწილობრივ იმით უნდა იყოს გამოწვეული, რომ ანტი-ტერორისტულ კამპანიას წარმატება მოჰყვა ავღანეთში, სადაც კოალიციამ თალიბები დაამარცხა, და თანაც, არ გამართლდა
სკეპტიკოსების პროგნოზი, რომ ქვეყანაში ჰუმანიტარული კატასტროფა იყო მოსალოდნელი, რომ მეზობელ პაკისტანს დესტაბილიზაცია ემუქრებოდა, ხოლო არაბული სამყარო მძაფრად გააპროტესტებდა თალიბების დამხობას. ერაყი, ირანი და ჩრდილოეთი კორეა, ”ბოროტების ღერძად” რომ მოიხსენია ჯორჯ ბუშმა, თქმა არ უნდა, ძალზედ შორს არიან დემოკრატიისგან, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ღერძი, რომელიც დაუძინებელ მტრებს: ერაყსა და ირანს - სტალინის ნაკრძალთან, ჩრდილოეთ კორეასთან გააერთიანებდა. თუმცაღა ის, რომ სამივე ეს ქვეყანა ბალისტიკური რაკეტებისა და მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის მცდელობაშია ეჭვმიტანილი, სინამდვილეა. გაუგებარი ისაა, რატომ არ მოიხსენია ბატონმა ბუშმა რუსეთისა და ჩინეთის როლი, როცა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას, მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების პრობლემას შეეხო.”

როგორც ვაშინგტონში დაფუძნებული სტრატეგიულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის თანამშრომელი ენტონი ბლინკენი შენიშნავს სტატიაში, რომელიც გაზეთმა ”ინტერნეიშენალ ჰერალდ ტრიბიუნმა” გამოაქვეყნა, როცა ბუშმა თავის გამოსვლაში ”ბოროტების ღერძი” მოიხსენია, ამის ნამდვილი სამიზნე ირანი, ერაყი და ჩრდილოეთი კორეა არ ყოფილა; სამიზნე აუდიტორია სხვაგან, საფრანგეთში, რუსეთსა და ჩინეთში იყო. ბუშს სურდა დაერწმუნებინა ეს ქვეყნები იმაში, რომ მტკიცედა აქვს გადაწყვეტილი იმ რეჟიმების დამხობა, რომლებსაც მასობრივი განადგურების იარაღი გააჩნია, და რომ ბოლომდე მიიყვანს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ დაწყებულ ომს. ამერიკელი მკვლევარი განაგრძობს:

”სათქმელი ამერიკის მოკავშირეებისა და მეგობრებისთვის გარკვეულია: მხარში ამოგვიდექით დღეს, არა და გვიყურეთ, როგორ მივმართავთ ცალმხრივად მოგვიანებით სამხედრო ძალას”. ამგვარმა სტრატეგიამ შესაძლოა შედეგიც
გამოიღოს. ევროპელებს, რუსებსა და ჩინელებს არ აწყობთ ვაშინგტონის ცალმხრივი ავანტიურა. ბუში მოუწოდებს მოსკოვსა და პეკინს - შეუწყვიტონ ირანსა და ჩრდილოეთ კორეას მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიის მიწოდება, ხოლო საფრანგეთსა და რუსეთს მიმართავს – მხარი დაუჭირონ ერაყში, გაეროს განიარაღების კომისიის დაბრუნებას”.

”ვლადიმირ პუტინისა და ჯორჯ ბუშის თაფლობის თვე დასასრულს უახლოვდება”-წერს სარედაქციო სტატიაში გერმანიის გაზეთი ”ველტი” და განაგრძობს:

”რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი ივანოვმა გააფრთხილა დასავლეთი, რომ თუ ჩეჩენ სეპარატისტებს კვლავაც მოუწყობენ ოფიციალურ მიღებას დასავლეთში, მაშინ მოსკოვი თავის პოზიციას გადასინჯავს ანტი-ტერორისტულ კოალიციაში შემდგომი მონაწილეობის თაობაზე. მოსკოვი იმედგაცრუებულია – ”რუსეთმა ამდენი გააკეთა, და ფაქტობრივად არაფერი მიუღია სანაცვლოდ”-აცხადებს სახელმწიფო დუმის დეპუტატი ვლადიმირ რიჟკოვი. რუსეთის ელიტა ”გორბაჩოვის სინდრომითაა” დაავადებული, და
დღემდე ვერ მოუნელებია, რომ საბჭოთა კავშირს,
მაშინ, არაფერი მიუღია სანაცვლოდ, როცა გერმანიის გაერთიანებასა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის დაშლაზე დათანხმდა.”

როგორც გაზეთი ”ვაშინგტონ ტაიმსი” აღნიშნავს სარედაქციო სტატიაში, 11 სექტემბრის ტერაქტებმა მწვანე შუქი მისცა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ჩეჩნეთში, სადაც ფედერალური ჯარი კიდევ უფრო მეტის სისასტიკით სჩადის ბარბაროსობას მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. გაზეთი განაგრძობს:

”მთავრობასა და ფედერალური ჯარის სარდლობას, როგორც ჩანს, სულაც აღარ აწუხებს
ჩეჩნეთში მიმდინარე ბარბაროსობასთან დაკავშირებით მოსალოდნელი კრიტიკა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. როცა ჩეჩნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ილიას ახმადოვი ვაშინგტონს ეწვია გასულ მარტს, სახელმწიფო დეპარტამენტში იგი მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირებმა მიიღეს. ხოლო იანვარში, როცა ახმადოვი მეორედ ესტუმრა შეერთებული შტატების დედაქალაქს, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი არაოფიციალურად შეხვდა მას, და თანაც არა სახელმწიფო დაწესებულებაში, არამედ სასტუმროში. და მაინც, ამ არაოფიციალურ შეხვედრას მძაფრი კრიტიკა მოჰყვა კრემლის მხრიდან. თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, როგორც ჩანს ირწმუნა კრემლის მიერ გავრცელებული ჭორი ჩეჩენ მეამბოხეებსა და ”ალ-ყაიდას” შორის ვითომდა არსებული კავშირის შესახებ. ვინაიდან რუსეთის ამგვარი მტკიცება ოფიციალურად არ დადასტურებულა, ჩეჩნების კონტაქტი ამერიკასთან გამართლებულია, და თუ შეწყდა, ეს იქნება ჩვენი სირცხვილი”.

დღევანდელ მიმოხილვას დავასრულებთ ბრიტანეთის ჟურნალ ”ეკონომისტში” გამოქვეყნებული სტატიით, რომელიც იუგოსლავიის ყოფილი პრეზიდენტის, სლობოდან მილოშევიჩის მოახლოებულ გასამართლებას ეხება. სტატიაში ვკითხულობთ:

”მილოშევიჩის გასამართლება შემობრუნების წერტილი გახდება სამართლის ისტორიაში, ვინაიდან ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა სახელმწიფოს ყოფილ მეთაურს გენოციდისა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის გაასამართლებენ. ცივილიზებულმა სამყარომ, ამით, დასაბამი უნდა მისცეს მაღალ თანამდებობებზე მოკალათებული
სადისტებისა და კრიმინალების კანონგარეშედ გამოცხადებას, წინააღმდეგ შემთხვევაში მსოფლიო ორმაგ სტანდარტებში აღმოჩნდება ბრალდებული. კიდევ ბევრ სხვა ლიდერს, რომლებიც ხმამაღალი განცხადებებით გამოდიან გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე, ასევე აკისრია მასობრივი დეპორტაციის, მოქალაქეთა დახოცვისა და სხვა სახით გამოვლენილი სახელმწიფო ტერორის პასუხისმგებლობა. მილოშევიჩის გასამართლება შეახსენებს მომავალ დესპოტებსა და მათს პოლიტიკურ მფარველებს, რომ მშვიდობიან მოქალაქეთა დახოცვისთვის, ომში, ისინი მართლმსაჯულებას ვერ გაექცევიან”.
XS
SM
MD
LG